პერესი:„ზინედინ ზიდანი გახდა „რეალის“ სიმბოლო“
ფლორენტინო პერესმა დღეს დირექტორთა საბჭოსთან შეხვედრა გამართა. გაფართოვებულ კონფერენციაზე სამეფო კლუბის 2021 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი დამტკიცდა. გახსენებულ იქნა გარდაცვლილი მადრიდისტები, რომლებიც კოვიდპანდემიას შეეწირნენ, ასევე გაკეთდა ეკონომიკური ანალიზი და დასახელდა ხერხები, რომლითაც „ბლანკოსი“ სიტუაციის დასტაბილურებას ეცდება. ფლორენტინო პერესმა ვიდეო კონფერენციაზე დირექტორთა საბჭოსა და მადრიდისტებს სიტყვით მიმართა.
„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც არსებულ პანდემიას ებრძვის და სხვების სიცოცხლეზე ზრუნავს.“
„ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალში“ 2020 წელს კიდევ ერთი ტიტული მოიგო. გუნდმა ლა ლიგის თასის აღმართვა 34-ედ მოახერხა, თანაც ურთულეს პერიოდში. ზიზუს არის ჩვენი გუნდის სიმბოლო, რომელმაც როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში დაამტკიცა, რომ „ბლანკოსთან“ ასოცირდება.“
„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ქომაგების მხარდაჭერას. ეს კარგად გამოიხატა მაშინ, როდესაც ლა ლიგა მოვიგეთ და ტრადიციულდა ვერ აღვნიშნეთ. ყველა გაგებით მოეკიდა იმ ამბავს, რომ „სიბელესი“ ცარიელი იყო და ჩვენი საჩემპიონო ცერემონიალი შედარებით მცირე მასშტაბებით შედგა.“
„ჩვენ არ ვჩერდებით და ვიღებთ ყველა გამოწვევას, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს. ბოლო 10 სეზონში მადრიდის „რეალმა“ 19 ტიტულის მოგება შეძლო, ეს არის დიდებული შედეგი, რომელიც არნახული მუშაობის შედეგია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენცია პიკს აღწევს და დღეს გაცილებით რთულია ჩემპიონობა, ვიდრე ადრე იყო.“
„„რეალში“ არსებული მოთხოვნების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. რამდენი თასიც არ უნდა მოვიგოთ, ჩვენ მაინც მოწყურებულები ვართ თასებს და მუშაობას არ ვწყვეტთ. ამ სეზონშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მუზეუმი ახალი ჯილდოებით უფრო გავამდიდროთ.“
„იკერ კასილიასი მადრიდის „რეალს“ მუდმივად უკავშირდებოდა, მსურს მივმართო ლეგენდას და ვუთხრა, რომ ის „ბლანკოსთან“ ყოველთვის ასოცირდება.“
„არ შემიძლია არ შევეხო საკალათბურთო წარმატებას. ჩვენმა მწვრთნელმა საოცარი შედეგები დააფიქსირა, ლასო „რეალის“ ისტორიაში შევა ისე, როგორც მითიური ლეგენდა. კალათბურთელებმა 9 სეზონში 20 ტიტული მოიგეს.“
„სანტიაგო ბერნაბეუ საუკუნის პროექტია, რომელსაც 2022 წელს დავასრულებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ვადა არ გადაიწევს.“
„სასესხო ვალდებულება, რომელიც სტადიონის რეკონსტრუქციას უკავშირდება ძალიან მაღალია. ჩვენ 525 მილიონის გადახდა მოგვიწევს, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, 30 წლის განმავლობაში მოხდება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სტადიონი აღებულ ვალს თავად გადაიხდის და გუნდს არნახულ სარგებელს მოუტანს. გარკვეული თანხის დაფარვა 2023 წელს მოგვიწევს, მანამდე კი სიმშვიდის გარანტიას გაძლევთ.“
„მადლობას ვუხდი მადრიდის „რეალის“ ფონდისა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მრავლად არიან და ყოველდღიურად ემსახურებიან კლუბის წარმატებას.“
„კალენდარი ურთულესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე „რეალის“ დონის გრანდს ეხება. ჩვენ უნდა დავიცვათ ფეხბურთელები გახშირებული ტრავმებისგან და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქომაგი ბედნიერია საყვარელი გუნდის თამაშების ყურებით, თუმცა ძალთა გადანაწილება და ბალანსი უპირველესია.“
- 20 დეკემბერი 2020
- 1 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.