„რეალის“ ეკონომიკური ანგარიში - ზარალი 616 მილიონია, ხელფასები კვლავ მცირდება!
მადრიდის „რეალი“ იძულებულია საკუთარ მოთამაშეებს ხელფასი კიდევ შეუმციროს.
ეკონომიკურ ანგარიშში ნახსენებია, რომ გასული 8 თვის განმავლობაში კლუბმა 616 მილიონიანი ზარალი განიცადა, რაც პირველ რიგში სტადიონიდან გულშემატკივრების „გაქრობის“, ბერნაბეუს მუზეუმისა და სხვადსხვა ტურისტული ღონისძიების შეჩერების გამო ხდება.
გასული სეზონის ბოლოს ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა და ამით 60 მილიონამდე დაზოგა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბმა ხელფასების შემცირება უნდა განაგრძოს და დამატებით 91 მილიონი ევროს მობილიზება მოახდინოს, სხვა შემთხვევაში არსებული კრიზისის დაძლევა ძალიან რთული იქნება.
არცერთი წუთით არ შეჩერება სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის სამუშაოები, ვინაიდან ეს იქნება ათწლეულების პროექტი, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით არნახულ მოგებას მოუტანს სამეფო კლუბს, თუმცა ეს თავისთავად გრძელვადიანი პერსპექტივაა და მაქსიმალური სარგებელი 1 და 2 წელიწადში ვერანაირად ვერ დაფიქსირდება.
2020/21 წლების სეზონის გეგმა ხელფასების შემცირებას უკვე ოფიციალურად ითვალისწინებს, ახლა საჭირო იქნება ფეხბურთელების დათანხმება, რათა ხარჯების დაბალანსება მოხდეს.
გარდა ხელფასების შემცირებისა, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები იმისათვის, რომ „ბლანკოსის“ ხარჯები ნაკლები გახდეს და კლუბმა აქცენტი ეფექტურ სატრანსფერო პოლიტიკაზე გააკეთოს.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს პოზიტიური მოლოდინები, რომლებიც სტადიონების შევსება უკავშირდება, შესაბამისად „რეალში“ ელიან, რომ 2021 წელი მინიმუმ შემოდგომამდე არ იქნება შემოსავლების ზრდის დამაფიქსირებელი.
ანგარიშში ასევე აქცენტი კეთდება ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეფო კლუბმა მაქსიმუმი გაიღოს შორს გასასვლელად, ვინაიდან მხოლოდ 1/8 ფინალის დაძლევა კლუბს 15 მილიონს მოუტანს, ეს ციფრები კი 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში კიდევ უფრო გაიზრდება.
ამასთანავე სამეფო კლუბი პრიორიტეტულად მიიჩნევს მსხვილ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.
ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ „რეალში“ საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი და კენჭისყრის წინ გუნდის ფინანსური მდგომარეობა ამჟამინდელთან შედარებით მკვეთრად უნდა იყოს გაუმჯობესებული.
- 20 დეკემბერი 2020
- 7 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.