რა მდგომარეობაში ხვდება „ეიბარი“ „რეალთან“ მატჩს?
მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ მეტოქე მომდევნო ტურში „ეიბარი“ იქნება. მატჩი „იპურუაზე“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ მასპინძელი მიმდინარე სეზონში საინტერესო დეტალებით გამოირჩევა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „ეიბარს“ ლა ლიგაში „ვილიარეალის“ შემდეგ ყველაზე მეტი ფრე აქვს დაფიქსირებული.
13 ტურიდან 6 შემთხვევაში „იპურუას“ მკვიდრმა „ყაიმს“ მოაწერა ხელი.
გამარჯვებების მხრივ „ეიბარი“ აშკარა მოიკოჭლებს, ამ გუნდს მხოლოდ 3-ჯერ აქვს მოედანი გამარჯვებულის რანგში დატოვებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდს 4 წაგებაც აქვს დაფიქსირებული.
13 თამაშში „ეიბარის“ ფეხბურთელებმა მეტოქეს 9 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი 10 მიიღეს, ამ მაჩვენებლით კოლექტივი ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ეიბარზე“ ცოტა გოლი ლა ლიგაში მხოლოდ „ატლეტიკოს“, „სოსიედადს“ და „სევილიას“ აქვს გაშვებული.
აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ „რეალის“ მასპინძელს ლა ლიგის მიმდინარე წლის გათამაშებაში საშინაო არენაზე არცერთი დაპირისპირება არ მოუგია და გამარჯვებას მხოლოდ გასვლაზე აღწევდა.
საერთო ჯამში მოპოვებული 15 ქულიდან ამ კოლექტივმა „იპურუაზე“ მხოლოდ 4 ქულას მოუყარა თავი, დანარჩენი 11 კი გასვლით მატჩებში აიღო.
- 19 დეკემბერი 2020
- 1 535
- 23