გონსალო იგუაინი
გონსალო ხერარდო იგუაინი...
სრული სახელი: გონსალო ხერარდო იგუაინი
ზედმეტსახელი: პიპიტა (ანგელოზი)
დაბადების თარიღი: 9 დეკემბერი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: ბრესტი, საფრანგეთი
ეროვნება: არგენტინელი
სიმაღლე: 184 სმ
წონა: 75 კგ
პოზიცია: თავდამსხმელი
კლუბი: მადრიდის რეალი
გონსალო 9 წლის გახლდათ, როდესაც "რივერ პლეიტის" საბავშვო-საფეხბურთო სკოლაში მიიყვანეს. იგუაინის გარდა, "რივერმა" გონსალოს ძმა ფედერიკოც აიყვანა.
იგუაინი ბრესტში (საფრანგეთი) დაიბადა. გონსალო 3 წლის გახლდათ, როდესაც იგუაინების ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში გადაბარგდა. "რეალის" ფეხბურთელს ბურთის თამაში ადრეულ ასაკში შეუყვარდა და ფეხბურთზე მისვლაც გადაწყვიტა. იგუაინი თანდათან უფრო იხვეწებოდა, გონსალომ "რივერის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად არგენტინის იუნიორთა ჩემპიონატიც მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი წარმატებული თამაში "რივერის" მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და გონსალო პირველ გუნდში გადმოიყვანეს.
იგუაინის დებიუტი "რივერის" რიგებში 2005 წლის 29 მაისს შედგა, "ხიმნასია ლა პლატას" წინააღმდეგ. გონსალო ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მე-10 წუთზე იგუმ საგოლე პასი გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო, "რივერი" მიმდინარე მატჩში 1-2 დამარცხდა. იმ სეზონში იგუაინმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
მომდევნო სეზონი გონსალომ საკმაოდ კარგად დაიწყო, 2006 წლის 19 მარტს "ოლიმპოსთან" მატჩში მან დუბლი შეასრულა და მწვრთნელის სიმპათიები გაიღრმავა. ახალგაზრდა არგენტინელი, დანიელ პასარელას ხელში მთლიანად გაიხსნა. სახელგანთქმულმა არგენტინელმა სპეციალისტმა იგუაინი 4 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, რომ მისთვის იდეალური სათამაშო ამპლუა შეერჩია, და საბოლოოდ ამდენი ექსპერიმენტის შემდეგ იგუაინს ადგილი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მიუჩინა. მარცხენა თავდამსხმელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად იმოქმედებდა... სხვათა შორის, ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშისას, იგუაინს “არგენტინელ რობინიოს” ეძახდნენ. რობსონის მსგავსად მასაც დიდებულად შეუძლია მარჯვნივ ასპარეზობა, თუმცა მარცხენა ფლანგზე ამჯობინებს თამაშს, გარდა ამისა გონსალო ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელია, "ის ბურთს მუდამ საჭირო ადგილას ხვდება", - ეს სიტყვები კი დანიელ პასარელას ეკუთვნის.
და აი დადგა, 2006 წლის 8 ოქტომბერი… არგენტინა სუპერკლასიკოს მოლოდინში გაიტრუნა. საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები მორიგი საფეხბურთო სანახაობის მოლოდინში იყვნენ. ეს მატჩი თავიდანვე 2 ფეხბურთელის დაპირისპირებად მოინათლა. ერთი მათგანი "რივერის" ლიდერი გონსალო იგუანი იყო, მეორე კი "ბოკას" წამყვანი ფებხურთელი, ფერნანდო გაგო გახლდათ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იგუაინის განეიტრალებაში. გონსალომ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. "ბოკა" სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა, რაშიც დიდი როლი სწორედ იგუაინმა შეასრულა. რაც შეეხება მის ვიზავის, ფერნანდო გაგოს, მან მართალია "რივერ პლეიტის" ფორვარდის განეიტრალება ვერ მოახერხა, თუმცა ცუდად ნამდვილად არ უასპარეზია.
ამ მატჩის შემდეგ იგუაინმა არგენტინის ჩემპიონატში კიდევ 2 გოლი გაიტანა. გონსალო ევროპული გრანდების მონიტორინგის ქვეშ მოექცა... განსაკუთრებით "მილანი" აქტიურობდა, რომელიც ახალგაზრდა, იმედისმომცემი თავდამსხმელის ყიდვით იყო დაინტერესებული. კიდევ იყვნენ "ჩელსი", "მანჩესტერი", "ლაციო", "მილანი", "პსჟ" და "რეალი", - გონსალომ კი საბოლოოდ, არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა...
"რეალმა" იგუაინი ზამთარში შეიძინა, 13 მილიონ ევროდ, თუმცა პიპიტა ზაფხულში რომ ეყიდა, აშკარად უფრო იაფად გამოვიდოდა, რადგან "რივერის" პრეზიდენტმა, ხოსე მარია აგილარმა იგუაინის მსურველ ევროპულ კლუბებს, რომლებიც ზაფხულში აპირებდნენ გონსალოს ყიდვას, შეუთვალა, იგუაინს მხოლოდ ზამთარში მოგყიდით და იმასაც იმდენ მილიონად, რამდენ გოლსაც ეს ფეხბურთელი დეკემბრამდე გაიტანსო. მარსელის "ოლიმპიკმა", რომელიც იგუაინის ყიდვას ზაფხულში აპირებდა, "რივერს" შეუთვალა, ეგ თქვენი იგუაინი არც ისეთი მაგარია, როგორც თქვენ თვლით, და ამიტომ ჩვენ ისევ სამირ ნასრის გუნდში დატოვება გვირჩევნიაო. "ლივერპულის" ინტერესებს სამხრეთ ამერიკაში, ფრენკ რაიკაარდის ძმა, ხერმანი, იცავს და ამ მეტად უცნაურ წინადადებაზე განაცხადა, კაცი ფეხბურთში დავბერდი და ასეთი რამე ჯერ არ მსმენიაო. მოკლედ, ამ მეტად სასაცილო შეთავაზებისგან ევროპულმა კლუბებმა თავი შორს დაიჭირეს. "რეალი" ზამთარს დაელოდა... თავად განსაჯეთ, ზაფხულში "ბლანკოსი" აგილარის წინადადებას რომ დათანხმებულიყო და მასთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება მიეღწია, იგუაინი "რეალში", ზამთარის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 9 მილიონ ევროდ გადავიდოდა და "რეალიც" 4 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებდა, თუმცა მადრიდელებს არც 13 მილიონი ევროს გადახდა გასჭირვებიათ. მოკლედ, "რეალმა" პიპიტა ოფიციალურად 2006 წლის 13 დეკემბერს გაიფორმა.
მოთამაშის რეიტინგი (გონსალო იგუაინი)
მადრიდის "რეალის" რიგებში, გონსალომ არაერთი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი პირველი (2007-2008) წლები, როდესაც პიპიტამ მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. იგუაინმა ახალი, ყველასგან განსხვავებული სათამაშო სტილი შეიმუშავა, რომელიც არც რაულისას და არც მორიენტესისას არ ჰგავდა, პიპიტა განსაკუთრებული იყო...
გონსალომ, თავის პირველ მადრიდულ სეზონში, ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, "სარაგოსას" წინააღმდეგ ჩაატარა. ახალგაზრდა იგუაინი, ცოტას "მორცხვობდა", მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან ორთაბრძოლაში შესვალასაც კი ერიდებოდა, თუმცა, არაგონელთა კაპიტნის, გაბრიელ მილიტოს, რამოდენიმეჯერ მოტყუება მაინც მოასწრო. გამოცდილი არგენტინელი მცველი, მატჩის ბოლოს აღნიშნავდა, რომ მას გონსალოს წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გაუჭირდა.
იგუაინის მადრიდულ კარიერაში, პირველი გაბრწყინება, 2008-2009 წლის სეზონში შედგა, იმ წელს იგუმ 23 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. ეს ახალგაზრდა არგენტინელისთვის უდიდესი წარმატება იყო. წლის ბოლოს კი სამეფო კლუბში, ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორიცაა კარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდო და რიკარდო კაკა, ასევე გუნდში გახლდათ რაულ გონსალესი... ბევრი ფიქრობდა, რომ გონსალოს შანსები ნულის ტოლი იყო, რომ იგი ასეთ კონკურენციას ვერ გაუძლებდა, თუმცა ნურას უკაცრავად! იგუაინმა კვლავ გაგვაკვირვა, მან 2009-2010 წლის სეზონის სადებიუტო მატჩებშივე გაიბრწყინა და მანუელ პელეგრინის უპირობო ნდობა მოიპოვა.
ასე და ამგვარად, ბევრისგან ჩამოწერილმა, გონსალო იგუაინმა, ნიჭიერი ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვა, ბენზემას რაულიც ზედ მიაყოლა და გასული სეზონის ბოლოს, მადრიდის "რეალის" ორგზის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა... ასეთი, წარმატებული სეზონის შემდეგ, ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა, რომ გონსალო ეროვნულ ნაკრებში არ გამოეძახებინათ. დონ დიეგომ პიპიტა ამხანაგურ მატჩებში ათამაშა, გონსალომ, როგორც მოსალოდნელი იყო, თავი არც მარადონას გუნდში შეირცხვინა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი "აბონიმენტიც" მოიპოვა... მაშ ასე, დღეს ყველაფერი შეიცვალა, იგუაინი მუნდიალზე მიემგზავრება, ვნახოთ შეძლებს, თუ არა პიპიტა, კიდევ ერთხელ და ამჯერადაც სასიამოვნოდ გაგვაოცოს...
By Kevlisha...
- 2 ივნისი 2010
- 2 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.