ზიდანი:„საერთოდ არ მაინტერესებს პიკეს გამოსვლები და განცხადებები“
ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მარკო ასენსიო შესანიშნავ ფორმაში შედის, მაგრამ მის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ესპანელს სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ძალიან მძიმე შრომის ფასად დაუბრუნდა მოედანს.“
„ბენზემასთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას ვერ ვამჩნევ. ის ინარჩუნებს სტილს, რომელსაც წლების მიჰყვება. ვფიქრობ, ფრანგი უფროდაუფრო გამოცდილი და სახიფათო ფეხბურთელი ხდება, რომელიც სამეფო კლუბს დიდ დახმარებას უწევს. დარწმუნებული ვარ, კარიმს კიდევ შეუძლია მომატება და გაუმჯობესება. ბენზემა არ არის ტიპიური „9“-იანი, მისთვის მხოლოდ გოლის გატანა ვერ იქნება კმაყოფილების საფუძველი. ფრანგი ფეხბურთელი ყოველთვის ფიქრობს შავი სამუშაოს შესრულებასა და თანაგუნდელების დახმარებაზე. მე არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც თუნდაც 1 გოლს გაიტანს და მთელი მატჩის განმავლობაში შეუმჩნეველი იქნება. კარიმი მუდმივად აქტიურობს და არასდროსაა ყურადღებისმიღმა.“
„რეინიერ ჟესუსი მომავლის მოთამაშეა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. ახალგაზრდასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცუდი ინფორმაცია მაქვს, მას გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა და სამედიცინო შემოწმებას საჭიროებს. ალბათ მალე გავიგებთ, რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე.“
„ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად კონცენტრირებულები და ვეცადოთ, რომ გასვლითი დაპირისპირება მოვიგოთ. 3 ქულის მოპოვებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინაიდან ეს ბევრ რამეს შეცვლის. დიახ, ქომაგები არც „სოსიედადს“ ეყოლება, თუმცა რა თქმა უნდა საშინაო არენაზე თამაში უფრო კომფორტულია, ვიდრე გასვლითი დაპირისპირება.“
„ბეილი? დიახ, მე მას ისე ვენდობი, როგორც სხვა მოთამაშეებს.“
„ვთამაშობთ სახლში, თუ მოშორებით, ვალდებულნი ვართ, ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ასე მოვახერხებთ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „სოსიედადი“ მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ და დამაჯერებელ ფეხბურთს თამაშობს. ზუსტად ვაფასებთ მეტოქის ძალებს, თუმცა გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და მიზანს მხოლოდ გამარჯვება წარმოადგენს.“
„როგორც უკვე აღვნიშნე, ასენსიოსთან დაკავშირებით ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება მოგვიწევს. ამ შემთხვევაში სიფრთხილე უპირველესია. ახლა არ შემიძლია გითხრათ, ითამაშებს თუ არა ესპანელი ფეხბურთელი.“
„პიკეს განცხადებები? ჩემ მოთამაშეებს ვუთხარი, რომ იფიქრონ მხოლოდ თამაშზე, ვარჯიშსა და დასვენებაზე. ახლა არა ხმაურიანი განცხადებების გაკეთების, არამედ ჩემპიონობაზე ფიქრის დროა. ჩემი ყველა შეგირდი ჭკვიანი და მე მათ პატივს ვცემ. არანაირი დირექტივა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.“
„თითოეულ მოთამაშეს შეუძლია თქვას ის, რაც მისთვის საინტერესოა, მაგრამ მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს პიკეს განცხადებები და ის ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენს მადრიდელ მოთამაშეებზე. მაქვს მკაფიო პოზიცია, რომელსაც ნამდვილად არ შევცვლი და არც ამ საკითხის განვრცობას ვაპირებ.“
„მარტინ ოდეგორი ბრწყინვალე მოთამაშეა. ბედნიერი ვარ, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი ბასკური კლუბის ლიდერი გახდა, ის ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეა. ამ ეტაპზე არ ვაპირებ განცხადებას იმის თაობაზე, რას გეგმავს „ბლანკოსი“ ნახევარმცველთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ლა ლიგის მატჩზე ვსაუბრობთ და არა ტრანსფერებზე. პატივი ვცეთ საიჯარო კონტრაქტს, რომელიც ოდეგორსა და „სოსიედადს“ შორის არსებობს.“
„აღვიქვამ თუ არ აპიკეს განცხადებებს პრეტენზიად? უკვე გითხარით, რომ ამ საკითხის განვრცობა არ მსურს. ყველას პატივს ვცემ და ვადასტურებ, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლების შეზღუდვა არ შეიძლება. ჟერარის განცხადებები ჩემთვის არ არის საინტერესო. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი „სოსიედადის“ წინააღმდეგ გამარჯვებაა.“
„„ბარსელონამ“ ქულები დაკარგა, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ბოძებული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. წინ ბევრი ფინალი გველის, სადაც 100%-ით უნდა დავიხარჯოთ.“
„მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია, თუმცა ყველა გუნდი შემჭიდროვებული კალენდარის პირობებში თამაშობს და პრეტენზიების გამოთქმის უფლება არ გვაქვს. 2 სესია გვქონდა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერად დავიხარჯეთ. ვაცნობიერებთ მეტოქის ძალას და მზად ვართ გამარჯვებისთვის.“
- 20 ივნისი 2020
- 5 243
- 57