ზიდანის პრესკონფერენცია „ეიბართან“ მატჩის წინ
ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ლა ლიგა ახლდება, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. მოუთმენლად ველით მოედანზე გასვლას და ფეხბურთის თამაშს. ჩემი ყველა ფეხბურთელი ერთ აზრზეა. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების წინ თამაში მოგვწონს. დიახ, ტექნოლოგიური წინსვლები, ხელოვნური ხმაური სტადიონზე და ასე შემდეგ კარგია, თუმცა ვერაფერი შეცვლის ქომაგების ემოციას, რომელიც ფასდაუდებელია. სამწუხაროდ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე ასეთ ფორმატში ვითამაშებთ.“
„სწორ გზაზე ვდგავართ და მომავალზე ვფიქრობთ. ჩვენთვის ფასდაუდებელია თავისუფლება, რომელიც გარკვეულწილად ყველას შეზღუდული გვქონდა. ცხოვრების ნორმალურ რიტმს ვუბრუნდებით და ბედნიერები ვართ.“
„„დი სტეფანოზე“, თანაც ქომაგების გარეშე ასპარეზობა რთული იქნება, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ.“
„ცხოვრებაში ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ „რეალის“ ჩემი მწვრთნელობის პირობებში 200 მატჩი გაემართა. „ეიბართან“ დაპირისპირება ისტორიული და განსაკუთრებული იქნება. ამაყი ვარ.“
„ერთი ცუდი ამბავი გვაქვს. ლუკას ვასკესმა დაზიანება მიიღო და თამაშს ვერ შეძლებს. მისი სახით დანაკლისი გვაქვს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და წინახაზელი მალე დაგვიბრუნდება.“
„აზარი და ასენსიო ძალიან ბევრს მუშაობენ, მათი დახმარება რა თქმა უნდა დაგვჭირდება და ეჭვი არ მეპარება, გუნდის წინსვლაში დიდ როლს ითამაშებენ.“
„საკმაოდ დიდი არჩევანი მაქვს. ბევრი მოთამაშეა ჩემ განკარგულებაში, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე აცხადებს პრეტენზიას. ეს ჩემთვის დიდი კომფორტია.“
„5 ცვლილება? ეს სიახლეა, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად შეცვლის საერთო სურათს. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი მოთამაშე მზად იყოს მოედანზე გასასვლელად და მაქსიმუმის გასაღებად.“
„„ბარსელონას“ გრაფიკზე არ ვფიქრობ. ჩემი საზრუნავი მხოლოდ მადრიდის „რეალია“. ჩვენ კატალონიურ კლუბთან დიდი კონკურენცია მოგვიწევს.“
„მრავალთვიანი პაუზის მიუხედავად, საკმაო დრო გვქონდა კარგად მოსამზადებლად. ერთგვარი პრე-სეზონი გამოგვივიდა და მიმაჩნია, რომ ყველა ასპექტი დავხვეწეთ, რომელიც კარანტინის პირობებში პრობლემატური იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, „რეალი“ მზად არის სეზონის გასაახლებლად.“
„ოჯახთან ერთად დიდი დრო გავატარე, თუმცა საერთო ფონი ძალიან ცუდი იყო. ბევრ ადამიანს მიეცა დასვენების საშუალება, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს არ იყო კარგი დღეები. ყველას ვუსურვებ, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნდეს.“
- 13 ივნისი 2020
- 2 285
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.