რონალდუ - „ნახვამდის მადრიდ! ნახვამდის ინდივიდუალურო ჯილდოებო“
2018 წლის ზაფხულში კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალი“ დატოვა და ოფიციალურად შეუერთდა ტურინის „იუვენტუსს“, თუმცა იტალიაში გადასვლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, როგორც ესპანეთის დედაქალაქში იყო, რაც მის ინდივიდუალურ ჯილდოებზეც აისახა...
ოქროს ბურთი - ბოლო ფეხბურთელი, ვინც რონალდუ-მესის ჰეგემონიის დასრულება შეძლო ლუკა მოდრიჩია. ხორვატმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუღალავი შრომის შედეგად გააღწია, ჩემპიონთა ლიგაზე კი საოცარი შედეგები ჰქონდა, რის გამოც ჩათვალეს, რომ ოქროს ბურთი სწორედ ლუკიტას უნდა მოეგო და არა მესი-რონალდუს წყვილიდან ერთ-ერთს. მაშინ რონალდუ ჯერ კიდევ სამეფო კლუბის სადარაჯოზე იდგა. მას შემდეგ კიდევ 2 სეზონი გავიდა, მაგრამ ოქროს ბურთს „7“-იანი ვეღარ ეუფლება.
FIFA THE BEST - ანალოგიური მოხდა „ფიფას“ ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის დროს, აქაც მოდრიჩმა იმარჯვა და მესი-რონალდუს დუეტს ჩრდილი მიაყენა. რონალდუმ აქაც ვეღარ მოახერხა საუკეთესოს ტიტულის მოპოვება.
ოქროს ბუცი - „რეალისგან“ განსხვავებით, რონალდუ „იუვენტუსში“ უამრავი გოლის გატანას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ CR7-ის ანგარიშზე ამ სეზონში 21 გოლი ირიცხება, მას ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ურთულესი მეტოქე ჰყავს რობერტ ლევანდოვსკის სახით. ამ ეტაპზე რონალდუს 42 ქულა აქვს, ლევანდოვსკის კი 58, თანაც პოლონელი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს, ხშირ შემთხვევაში კი 1 გოლსაც არ ჯერდება.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირდი - „რეალში“ თამაშის დროს რონალდუ უდავოდ საუკეთესო იყო და ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. მასვე ეკუთვნის 2 რეკორდი, რომელიც ამ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობას უკავშირდება. ახლა რონალდუს „იუვეს“ რიგებში ევროსარბიელზე ბევრი გოლის გატანა უჭირს.
საუკეთესი მოთამაშე „უეფას“ ვერსიით - ეს ჯილდო კრიშტიანომ „ბლანკოსის“ ფეხბურთელის რანგში 3-ჯერ მოიგო, მაგრამ „ბებერ ქალბატონში“ გადასვლის შემდეგ აღნიშნულ ჯილდოზე პრეტენზიას ვეღარ აცხადებს.
შიდა ჩემპიონატის ბომბარდირი - სამწუხაროდ, რონალდუ ვეღარც იმას ახერხებს, რომ შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. „იუვენტუსის“ ლიდერს სერია „ა“-ში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და პირველობას ვეღარ ახერხებს, რაც რადიკალურად განსხვავდება ლა ლიგის სიტუაციისგან. ესპანეთში პორტუგალიელის მთავარი კონკურენტი მესი იყო, მაგრამ რამდენჯერმე მაინც შეძლო „პიჩიჩის“ მოპოვება.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ასაკმა განაპირობა, სხვა შემთხვევაში ის „იუვესიც“ ძალიან პროდუქტიული იქნებოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსში“ დარჩენის შემთხვევაში რონალდუ კიდევ შეძლებდა მწვერვალების დაპყრობას და აღარც „მერენგებს“ ექნებოდათ შეტევაში ამდენი პრობლემა.
- 3 ივნისი 2020
- 2 402
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.