სატრანსფერო გეგმა - როგორ იყიდის „რეალი“ ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავს?
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალს“ სხვა გზა არ რჩება. სხვა კლუბების ინტერესი კაიო ჟორჟესადმი იმდენად დიდია, რომ ფლორენტინო პერესს აქტიური ნაბიჯების გადადგმა უწევს...
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ბლანკოსში“ ძალიან ბევრმა არაევროკავშირელმა მოიყარა თავი, ლიმიტი ივსება, აქედან გამომდინარე, „ბლანკოსს“ შესაძლოა პრობლემები შეექმნას.
თუნდაც ვინისიუს ჟუნიორს, ედერ მილიტაოსა და როდრიგო გოეშს ბევრი ეტაპის გავლა მოუწევთ იმისათვის, რომ ევროპასპორტი მიიღონ, ამას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს.
სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ფლორენტინო პერესი ჟორჟეს დამატებისგან თავს იკავებდა და სურდა, რომ მოთამაშე 1 წლით ისევ ბრაზილიაში დარჩენილიყო, თუმცა „იუვენტუსის“ ინტერესი იმდენად დიდია, რომ დადგა საშიშროება, ფეხბურთელი „ბებერი ქალბატონის“ რიგებს შეუერთდეს და „მერენგებისკენ“ არ აიღოს გეზი.
ფლორენტინო პერესი აქტიური ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტრანსფერში რობერტო კარლოსი ჩაერთვება. ბრაზილიელი ლეგენდა ეცდება, რომ 18 წლის მოთამაშე მადრიდში გადასვლაზე დაიყოლიოს.
„რეალის“ გეგმა ასეთია - პერესი კაიოს სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გადაიხდის და მოთამაშეს დაიმატებს, თუმცა 1 წლიანი იჯარის წესით კვლავ ბრაზილიაში დატოვებს. ამ ნაბიჯით ფლორენტინო პერესი თანხასაც დაზოგავს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „რეალი“ ფორვარდის სანაცვლოდ პირველ ეტაპზე თანხის 65%-ს გაიღებს, ხოლო დანარჩენ 35%-ს მხოლოდ მას შემდეგ გადაიხდის, რაც იჯარის ვადა ამოიწურება და მოთამაშე „მერენგების“ რიგებს შეუერთდება.
სამეფო კლუბის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კარლოსი ჟორჟეს ოჯახის წევრებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას შეძლებს და ფორვარდი მადრიდისტა გახდება.
- 13 მაი 2020
- 1 614
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.