თაობათა ცვლილება მადრიდის „რეალში“
მადრიდის „რეალში“ თაობათა ჩანაცვლება ეტაპობრივად მიმდინარეობს...
ის, რომ გუნდს არაერთი ვეტერანი გამოაკლდა ფაქტია, თუმცა რამდენიმე მოთამაშე ძველ „რეალს“ მაინც გვახსენებს. ესენი არიან კროოსი, მოდრიჩი, რამოსი, მარსელო, ბენზემა, ბეილი და სხვები.
ოდეგორი 21 წლის - მოდრიჩი 34 წლის
ესპანეთის დედაქალაქში მიაჩნიათ, რომ მადრიდში მარტინ ოდეგირის დაბრუნების დრო მოვიდა და მან ლუკა მოდრიჩის ჩანაცვლება უნდა შეძლოა. ნორვეგიელი მოთამაშე ლუკიტაზე 13 წლით უმცროსია, რაც ყველაფერზე მეტყველებს. გარდა ამისა, „რეალი“ მოდრიჩის შემცვლელად ვან დე ბეეკსაც მოიაზრებს, რომელიც ჯერ-ჯერობით „აიაქსის“ ღირსებას იცავს.
ბენზემა 32 წლის - იოვიჩი 22 წლის
კარიმ ბენზემა უკვე 32 წლის არის, მისი პოტენციური შემცვლელი ლუკა იოვიჩი კი მასზე 10 წლით უმცროსია. ჯერ-ჯერობით სერბი ფორვარდის საქმე „ბლანკოსში“ კარგად ვერ წავიდა და „რეალი“ ალტერნატივაზეც ფიქრობს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლუკას გააქტიურების შემთხვევაში, მას შეუძლია ბენზემა სრულფასოვნად ჩაანაცვლოს და უალტერნატივო თავდამსხმელიც გახდეს.
მარსელო 31 წლის - მენდი 24 წლის
ბრაზილიელი ვიცე-კაპიტანი 12 მაისს 32 წლის ხდება, ფერლან მენდიმ კი მიმდინარე სეზონში დაამტკიცა, რომ მისი შეცვლა შეუძლია. გარდა მედისა, ვიეირას შემცვლელად სერხიო რეგილონიც განიხილება, რომელიც „სევილიაში“ იჯარის წესით არის განათხოვრებული. მადრიდში თვლიან, რომ გუნდში მარსელოს იდეალური შემცვლელი ეყოლება.
სერხიო რამოსი 34 წლის - მილიტაო 22 წლის
რთულია სერხიო რამოსის შემცვლელზე ფიქრი, თუმცა პოტენციურად ის „ბლანკოსში“ ედერ მილიტაომ უნდა ჩაანაცვლოს. ბრაზილიელი მცველი „პორტოდან“ „რეალის“ რიგებს ხმაურით შეუერთდება, თუმცა მიმდინარე სეზონი მისი სავიზიტო ბარათი ნამდვილად ვერ გახდება. ზიდანი იმედოვნებს, რომ ედერი მოუმატებს და კაპიტანს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, „ბლანკოსი“ დე ლიხტისა და კლოსტერმანის ტრანსფერებზეც მუშაობს.
ბეილი 30 წლის - როდრიგო გოეში 19 წლის
გარეთ ბეილის მადრიდული კარიერა დასასრულს უახლოვდება. მის ფლანგზე „ბლანკოსში“ ყველას კილიან მბაპე სურს, მაგრამ ფრანგი ჯერ-ჯერობით „პსჟ“-ს ღირსებას იცავს, შემცვლელად კი როდრიგო გოეში განიხილება. ბრაზილიელი წინახაზელისთვის მიმდინარე სეზონი რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს, საუკეთესო ეტაპზე კი როდრიგო არამოლოდ ახალგაზრდებში, არამედ მთლიან გუნდში საუკეთესო იყო და გაიტანა როგორც გოლები, ასევე ჩამოარიგა საგოლე გადაცემებიც.
აზარი 29 წლის - ვინისიუს ჟუნიორი 19 წლის
ედენ აზარი „ბლანკოსში“ 1 წლის წინ მოვიდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა მისი ასაკი გასათვალისწინებელია. ბელგიელი სავარაუდოდ 3-4 წელიწადში უმაღლეს დონეზე ვეღარ ითამაშებს, ვინისიუს ჟუნიორი კი მას ახლავე უწევს კონკურენციას. მადრიდში თვლიან, რომ უკვე გამოცდილი ვინი სულ მალე გუნდის ლიდერად მოგვევლინება.
კროოსი 30 წლის - ფედე ვალვერდე 21 წლის
ფედე ვალვერდე არის ფეხბურთელი, რომელსაც „რეალის“ მომდევნო კაპიტანს და სერხიო რამოსს უწოდებენ. ურუგვაელმა მიმდინარე სეზონში საოცარი თვისებები გამოავლინა და ფლორენტინო პერესს სანერვიულო მოუხსნა. ვალვერდე ტონი კროოსის სრულფასოვანი შემცვლელი იქნება და ამაში ეჭვი არავის შეაქვს.
დანი კარვახალი 28 წლის - აშრაფ ჰაკიმი 21 წლის
ბევრს კარგად ახსოვს ახალგაზრდა კარვახალი, თუმცა მას უკვე 28 წელი შეუსრულდა და ეტაპობრივად 30-იანთა კლუბშიც გადავა. მის შემცვლელზე ჯერ არავინ ფიქრობს, მაგრამ დანის აშკარად დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს მაროკოელ ჰაკიმისთან, რომელიც „დორტმუნდში“ საოცარი ფეხბურთით გამოირცა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე „ბლანკოსში“ კონკურენცია სულ მალე პიკს მიაღწევს.
ისკო 27 წლის - ტაკეფუსა 18 წლის
ისკო ალარკონი მრავალი წელია „ბლანკოსის“ ღირსებას იცავს, მაგრამ ის მხოლოდ 27 წლის არის. ესპანელი ნახევარმცველი გუნდში კარლო ანჩელოტის დროს ძალიან ახალგაზრდა მოვიდა და უამრავი ტიტული მოიგო. ახლა მის შემცვლელზე საუბარი ალბათ ადრეა, თუმცა პოტენციურად მას ტაკეფუსა კუბო ჩაანაცვლებს, 18 წლის იაპონელი ამ ეტაპზე „მალიორკაში“ პროგრესირებს და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში იქნება იჯარის სახით.
ყოველივე ზემოხსენებული არ ნიშნავს იმას, რომ „ბლანკოსი“ მხოლოდ ამ ალტერნატივებზე გაამახვილებს ყურადღებას და სატრანსერო აქტივობები არ ექნება. სამეფო კლუბი აქტიურად მუშაობს პოლ პოგბას, ერლინგ ჰოლანდის, სადიო მანეს, კილიან მბაპეს, ვან დე ბეეკის და სხვების ტრანსფერებზე.
- 15 აპრილი 2020
- 1 579
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.