რა ხდება სამეფო კლუბში?
ალბათ, თუ გავითვალისწინებთ „რეალის“ ბოლოდროინდელ შედეგებს, სულაც არ არის გასაკვირი, რომ „მანჩესტერ სიტი“ ესპანეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში.
ზიდანის შეგირდებმა სეზონი უფერულად დაიწყეს, თუმცა მწვრთნელის სწორი მიდგომებითა და გადაწყვეტილებებით, „რეალმა“ ბურთაობა გამოასწორა და გუნდი წარმატების გზას დაადგა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, მადრიდში კვლავ კრიზისმა იჩინა თავი და რა არის ამის მიზეზი?
ვფიქრობ, მიმდინარე საფეხბურთო წელს, „ბლანკოსის“ მთავარ პრობლემას წარმოადგენს - მწირი შეტევითი პოტენციალი.ჩვენ ვიცით, რა შესაძლებლობები ჰქონდა გუნდს განვლილ სეზონებში, თუმცა როგორია დღევანდელი რეალობა - „რეალი“ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებს შორის, მხოლოდ მე-15 პოზიციას იკავებს შიდა ჩემპიონატში განხორციელებული შედეგიანი დარტყმებით (49!).ჩვენს წინ ისეთი კლუბები არიან, როგორებიცაა: „ლესტერი,“ „ატალანტა,“ „ლაციო“ და ა.შ. არადა, როგორც აღვნიშნეთ, იყო დრო, როდესაც თავად სამეფო კლუბი ედგა სათავეში აღნიშნულ რეიტინგს.
ის, რომ წინა ხაზში პრობლემებია, ეს ყველაზე კარგად ზიდანს მოეხსენება და ფრანგიც ცდილობს სწორი ტაქტიკა და მიდგომა დანერგოს თითოეულ შეხვედრაში, რათა გუნდი უკან საიმედო ასპარეზობით მოახერხოს ფონს გასვლა.შესაბამისად, თუ გატანილი გოლების სტატისტიკაში ჩამოვრჩებით 14 გუნდს, გაშვებული ბურთების მონაცემებით, პირველ ადგილს ვიკავებთ „ლივერპულთან“ ერთად (ორივეს 17!) ეს მაჩვენებელი ვისი დამსახურებაა, თუ არა მწვრთნელის, რომელიც არსებული რესურსის გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს.
ვგონებ, აღნიშნულის ნათელი მაგალითია განვლილი მატჩი „მანჩესტერ სიტისთან.“ რომ არა მიუტევებელი შეცდომები, 75-ე წუთამდე ზიზუს კარნახით მიმდინარეობდა შეხვედრა.ის არ შემცდარა თამაშის დაგეგმვის პროცესში და აქცენტებიც ზუსტად განსაზღვრა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
და რატომ ვცდილობთ ჯოხის გარდატეხვას თავდასხმაზე, ეს საკითხი უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.წლეულს, „რეალის“ წინა ხაზში ერთ-ერთი ნათელი წერტილი აზარი უნდა ყოფილიყო და მისმა გაუთავებელმა ტრავმებმა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა გუნდი.მისი არყოფნის დროს, ფაქტობრივად, მცველებისა და ნახევარმცველების შედეგიანობის იმედზე ვართ, ვინაიდან დანარჩენი შემტევები რიგ შემთხვევაში მხოლოდ სტატისტის როლს ასრულებენ შემადგენლობაში.
საინტერესოა, რომ ამ მომენტისათვის ევროპის ყველაზე პოპულარულ ფორვარდ ჰოლანდს, ამ სეზონში უფრო მეტჯერ ჰყავს დამწუხრებული მეტოქე, ვიდრე „რეალის“ 9 თავდამსხმელს ერთად, რაც ალბათ ღიმილის მომგვრელია და ამის ფონზე ზიდანისკენ თითის გაშვერა, არასამართლიანია.
იგივე „ქალაქელებთან“ დაპირისპირება რომ ავიღოთ, დამრიგებელმა 3 შემტევი დაუპირისპირა მეტოქეს - ვინისიუსი, ბენზემა და ისკო.აქედან, ბრაზილიელის დარტყმების მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველასთვის ნათელია, ხოლო ის, რომ ფრანგი 2020-ში მხოლოდ 2 გოლს მოითვლის, ესეც ყველას მოგვეხსენება და რაც შეეხება ესპანელს, მას უკანასკნელად 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა გოლი გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე.შეიძლება, ზინედინი შემადგენლობის ცუდად შერჩევაში დავადანაშაულოთ, მაგრამ სათადარიგო სკამზე მსხდომი შემტევები, ბეილი, იოვიჩი და ვასკესი, თანაგუნდელებზე ცუდი სტატისტიკით არიან წარმოდგენილნი.
ჩემი აზრით, ზიდანმა კარგად იცოდა, რომ იგივე კაზემიროსა და ნაჩოს წყალობით მოპოვებული გამარჯვებები დიდხანს არ გაგრძელდებოდა, თუმცა ის უძლურია სეზონის მსვლელობისას რამე შეცვალოს.ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა, რა დროსაც დიდი რეორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს ოფიციალურ მადრიდში.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სერიოზული წარმატების დადება, სასწაულის ტოლფასი იქნება, თუმცა საფეხბურთო სამყაროში ვინ არის ზიდანზე დიდი სასწაულთმოქმედი?
პ.ს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ თითოეულმა თქვენგანმა დააფიქსირეთ აზრი და უკვე კომენტარებში უფრო ღრმად განვიხილოთ აღნიშნული თემა.
- 27 თებერვალი 2020
- 7 651
- 96
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.