ზიდანის პრესკონფერენცია „ატლეტიკოსთან“ ფინალის წინ!
ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენი მესიჯი არ შეიცვლება. მადრიდის „რეალი“ არ უღალატებს საკუთარ სტილს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“
„ფეხბურთელებისთვის ზეწოლა უცხო არ არის. ჩემ გუნდს ფინალში არაერთხელ უთამაშია და ზუსტად ვიცით, რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული გადამწყვეტი მატჩები.“
„ჟოაო ფელიქსი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას მომავლის მოთამაშის ვუწოდებდი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს და სახიფათო ძალას წარმოადგენს. მას წარმატებებს ვუსურვებ და ვთვლი, რომ მომავალში პორტუგალიელს სახელს არაერთხელ გავიგებთ.“
„5 ნახევარმცველი? არ ვაპირებ გითხრათ, რა ტაქტიკით ითამაშებს მადრიდის „რეალი“ „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ „ბლანკოსი“ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ეცდება, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებით მომტანი იქნება.“
„ჩემი საიდუმლო? არანაირი საიდუმლო არ არსებობს, წარმატება დაუღალავ შრომას მოაქვს. მხოლოდ ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგები მიიღო.“
„ესპანეთის სუპერთასის ახალი ფორმატი? მე ამაზე არანაირი განცხადების გაკეთება არ შემიძლია, ეს ხომ ფედერაციის გადაწყვეტილებაა? ჩვენთვის საამაყოა, რომ სუპერთასის ფინალში მოვხვდით, ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.“
„„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია. გვახსოვს ბევრი წარმატება და ასევე ბევრი ფიასკო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
„ყოველდღიურად ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ბევრი რამ უკეთსობისკენ შეიცვალა. გასულ თვეებში პრობლემები გადავლახეთ და ახლა პროგრესს ვაჩვენებთ. მადრიდის „რეალი“ გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობს და წინსვლა გაგრძელდება.“
„მე მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. საკუთარი საქმე ძალიან მიყვარს, რაც დიდ ენთუზიაზმს მძენს. მსურს, რომ სხვებს ბევრი ვუსმინო და ბევრი ვისწავლო. ჩემი აზრით, „ბლანკოსისთვის“ წარმატების მოტანა შემიძლია, როგორც კი მივხვდები, რომ შესაძლებლობები ამოვწურე, იმ დღესვე დავტოვებ სამეფო კლუბს, ვინაიდან ამ გუნდს ყოველთვის მოტივირებული დამრიგებელი სჭირდება.“
„ერნესტო ვალვერდე და ჩავი? ეს ჩემი საქმე არ არის, თუ „ბარსელონა“ მწვრთნელს შეცვლის და ახალ პოზიციას ერნანდესი დაიკავებს, მე მას მივულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.“
„ტრანსფერები? იანვრის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, ჩვენ ახლა მხოლოდ მადრიდული დერბის მოგებაზე ვფიქრობთ.“
„სიმართლე რომ გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა „ატლეტიკოს“ შევხვდებოდით, თუ „ბარსელონას“. ორივე გუნდი უდიდეს ძალას წარმოადგენს და ბევრი მუშაობაა საჭირო მათ დასამარცხებლად.“
„ტაქტიკა? 4-3-3, 4-4-2, 4-1-4-1 და ასე შემდეგ. არცერთი სქემა არ მუშაობს, თუ ფეხბურთელები ზუსტად არ თამაშობენ თავდასხმასა და დაცვაში. მთავარი სიზუსტე და ბევრი მოძრაობაა.“
- 11 იანვარი 2020
- 16 223
- 7