ერიკსენის საოცარი სტატისტიკა! 200 მილიონი და 6 წლიანი კონტრაქტი!
კრისტიან ერიკსენი მადრიდის „რეალის“ უმთავრესი ფავორიტია...
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ „რეალი“ ზაფხულში დანიელის ტრანსფერისთვის ყველაფერზე წავა.
საუბარია 200 მილიონ ევროზე, რომელსაც ფეხბურთელის სანაცვლოდ „ტოტენჰემი“ მიიღებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
ერიკსენს ფლორენტინო პერესი წლიურად 13 მილიონ ევროს შესთავაზებს, კონტრაქტი კი 6 წლიანი იქნება, რაც თავისთავად მრავლისმეტყვებელია.
ერიკსენს თებერვალში 27 წელი უსრულდება და მადრიდში გადასვლის შემთხვევაში 33-34 წლამდე საკმაოდ მაღალი ხელფასი ექნება.
პერესი ლუკა მოდრიჩის იდეალურ შემცვლელად სწორედ კრისტიანს ასახელებს და თვლის, რომ ეს ტრანსფერი ისტორიული იქნება და განმეორდება ისტორია, რომელიც ხორვატმა სამეფო კლუბში დაწერა.
ერიკსენს მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 18 მატჩი აქვს გამართული, მის ანგარიშზე 1242 წუთია. რაც ყველაზე მთავარია, მისი ზუსტი გადაცემების მაჩვენებელი 84.4%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად, არ ცდება და მუდმივად ზუსტად თამაშობს.
დანიელს ასევე საინტერესო სტატისტიკა აქვს გადაცემების მიმართულებებთან დაკავშირებით. გადაცემების 30.1%-ს ერიკსენი ფორვარდებზე აკეთებს 24.2%-ს მარცხენა ფლანგზე, 25.6%-ს მარჯვენა ფლანგზე, ხოლო 20.1%-ს მცველებზე. ამ სტატისტიკით თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრისტიანი ვითარებას ხშირ შემთხვევაში ამწვავებს. თითო დაპირისპირებაში, საშუალოდ, ერიკსენი 61 გადაცემას ასრულებს და უდიდესი სიზუსტით გამოირჩევა. ერიკსენის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 შედეგიანი გადაცემაა.
გოლების გატანის მხრივ ერიკსენს აშკარა პრობლემები აქვს, თუმცა ეს მისი საქმე არც არის, ისევე როგორც მოდრიჩის მადრიდის „რეალში“. ერიკსენი გოლის გატანას 310 წუთში ერთხელ ახერხებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში მას 23 სახიფათო დარტყმა აქვს განხორციელებული, საიდანაც 9 შემთხვევაში ბურთის მოგერიება მეკარემ შეძლო, 4-ჯერ გოლი გავიდა, 10 კი მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.
- 13 იანვარი 2019
- 1 915
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.