„რეალი“ ზაფხულში 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავს იყიდის
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალი“ ზაფხულში 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავს დაიმატებს და ეს ყველაფერი არც ისე დიდი თანხა დაუჯდება, როგორც წარმოსადგენია...
ფლორენტინო პერესი აქტიურად აკვირდება „ტოტენჰემისა“ და კრისტიან ერიკსენის ურთიერთობას, ასევე „ინტერის“ და მაურო იკარდის ურთიერთობას და რაღა თქმა უნდა, „ჩელსის“ და აზარის ურთიერთობას. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ყველაფერი ცნობილია და ბელგიელი ზაფხულში აუცილებლად მოირგებს სამეფო კლუბის მაისურს.
რაც შეეხება ერიკსენს. „ჰოტსპურის“ ხელმძღვანელობამ დანიელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც აბსოლუტურად ყველა პირობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად მაშინვე მიიღო უარი. ერიკსენს პრემიერლიგის კლუბთან 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და სწორედ ეს აძლევს ლონდონურ კლუბს ნერვიულობის საფუძველს.
ანალოგიური სიტუაცისაა მაურო იკარდის შემთხვევაშიც. „ინტერი“ არგენტინელ ფორვარდს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ თავად ფეხბურთელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
იმ შემთხვევაში, თუ „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „ინტერი“ თავიანთ ლიდერებს მომდევნო ზაფხულს არ გაყიდიან, 2020 წელს მათი გაშვება თავისუფალი აგენტის სტატუსით, აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოუწევთ, რაც რა თქმა უნდა არცერთი ზემოთხსენებულის გეგმებში არ შედის.
ეს გარემოებები „ბლანკოსს“ უპირატესობას აძლევს და ფლორენტინო პერესი ვარსკვლავებს რეალურ ფასებზე უფრო იაფად დაიმატებს.
„მარკას“ ინფორმაციით, „მერენგების“ ხელმძღვანელობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს ივნისის დასაწყისიდანვე დაიწყებს და ეცდება, რომ შეტევაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინოს.
- 5 იანვარი 2019
- 4 670
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.