Illa,illa, illa. Juanito maravilla!
ეს სტატია ზუსტად 2 წლის წინ დავწერე და მინდა დღესაც შემოგთავაზოთ, რადგან უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ხუანიტო გომესი, რომელიც მადრიდის რეალის ქომაგები გენიოსის სახელით იხსენებენ. გაიხსენეთ თქვენც ეს დიდებული მადრიდისტა, მართალია ბევრი ჩვენგანი (მათ შორის მეც), მის თამაშს ვერ მოესწრო, მაგრამ თეთრი მეფეები ყოველთვის უნდა ახსოვდეს ნამდვილ მადრიდისტას, ერთ-ერთი მათგანი იყო ხუანიტო გომესიც.
ნებისმიერი მატჩის მეშვიდე წუთზე მადრიდის რეალის გულშემატკივრები სკანდირებდნენ "Illa,illa, illa. Juanito maravilla". მადრიდის რეალის ძალიან სტაჟიან ქომაგებს თუ ეცოდინებათ ხუან გომესის ან უბრალოდ ხუანიტოს შესახებ. იგი არც ისე გენიალური ფეხბურთელი ყოფილა, ამიტომ მისი სახელი ესპანეთის გარდა მხოლოდ გერმანიაში არის ცნობილი, ისიც უსიამოვნო პრეცედენტის გამო. მიუხედავად ამისა მისი სახელი სამეფო კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. იგი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და მუდამ ემახსოვრებათ ბლანკოსის გულშემატკივრებს.
დასაწყისი
1954 წლის 10 ნოემბერს, მალაგასთნ ახლოს ფუენხიროლაში, მესაფლავის ოჯახში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც დიდი ფიქრის გარეშე ხუანი დაარქვეს. ხუანიტომ თავისი ხასიათი ბავშვობაშივე გამოავლინა, იგი მოუსვენარი და ცელქი იყო, ამიტომ მშობლები მას თვალს არ აცილებდნენ და დიდ ყურადღებას უთმობდნენ. მომავალ ლეგენდას მშობლებმა კიდევ ერთი დიდი სამსახური გაუწიეს, მათ მისცეს ხუანს საშუალება თავისით აერჩია ის გზა, რომელსაც მომავალში გაყვებოდა.
ბურთს პირველად ხუანიტო 5 წლის ასაკში შეეხო და მას შემდეგ მისი განუყრელი მეგობარი გახდა. თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე იგი მეგობრებთან ერთად ბურთის „გასაგორებლად“ მიიჩქაროდა. უკვე მაშინვე ჩანდა, რომ ხუანი შეტევისთვის იყო დაბადებული და გამარჯვების ჟინი, რომელიც მას გააჩნდა ყველას უსაზღვრო ეჩვენებოდა. ბავშვობაშივე იგი ყოველ მატჩს ისე ეკიდებოდა, თითქოს ეს მის სიცოცხლეში უკანასკნელი თამაში ყოფილიყო. ხუანიტო მოწინააღმვდეგეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ამიტომ იგი ხშირად მონაწილეობდა ჩხუბებში. ერთხელ ასეთ ეპიზოდში მას ქვა ჩაარტყეს თავში, რამდენიმე წლის შემდეგ გომესმა ეს სიცილით მოყვა, ხოლო მის მშობლებს იმ მომენტში სასიხარულოდ არ ეცალათ, ვინაიდან ხელიდან კინაღამ ერთადერთი შვილი გამოეცალათ.
გადიოდა დრო, ხუანიტო თამაშობდა როგორც ეზოში, ასევე სკოლაში. ერთხელაც მისი ტალანტით კლუბი „ასპეს“ დაინტერესდა. ამ გუნდიდან დაიწყო მისი კარიერა და სწორედ აქ მიიღო მან მისი საყვარელი მეშვიდე ნომერი. შემდეგ გომესი „ფუენხირლოუში“ გადავიდა, სადაც ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, მაგრამ როგორც აღომჩნდა მისი სათამაშო კლასი არა მხოლოდ თანატოლებისას აღემატებოდა, არამედ ძირითადი გუნდის ფეხბურთელებისასაც. 1968 წელს 14 წლის ასაკში მან მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და ხელი შეუწყო კლუბის აღმასვლას, რომელიც იმ დროისთვის პრიმერა რეხიონალში გამოდიოდა.
„ატლეტიკო“
იმავე წელს ხუანიტო ატლეტიკოში გადაბარგდა და გააფორმა 5 წლიანი პროფესიონალური კონტრაქტი, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც 14 წლის ბავშვი პრიმერას გუნდს შეუერთდა. თუმცა იგი თვიდან ატლეტიკოს დუბლებში გამოდიოდა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. 17 წლის ასაკში გომესის „კალვო სოტელოში“ იჯარით გაშვება გადაწყვიტეს, თუმცა ფეხბურთელმა ამაზე უარი განაცხადა და კვლავ “ფუენხიროლუში“ დაბრუნდა. მალე ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელად გერმანელი მაკს მერკელი დანიშნეს, რომელმაც ხუანიტოს მეორე შანსი მისცა, რომელიც მან შესანიშნავად გამოიყენა.
1972 წელს ატლეტიკოსა და ბენფიკას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ხუანიტო მოწინააღმვდეგეს შეეჯახა და ჩაიმტვრია ორივე წვივი, ამ ტრავმამ იგი ფეხბურთიდან ერთი წლით გამოთიშა. როდესაც ფეხბურთელი სრულად განიკურნა, აღმოჩნდა რომ ატლეტიკო მის თავიდან მოშორებას აპირებდა, რადგან მისი აღარ ეიმედებოდათ, თუმცა ფეხბურთელის გაშვების პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. სევილიამ უარი განაცხადა მისი არენდით აყვანაზე. საბოლოოდ ფეხბურთელი „ბურგოსში“ აღმოჩნდა, თუმცა ახალგაზრდა გომესმა მწვრთნელის ნდობა თავიდანვე ვერ გაამართლა. მისმა კლუბმა ადგილი ლა ლიგაში ძვლივს შეინარჩუნა, მაგრამ ამაში ხუანიტოს დიდი წვლილი არ შეუტანია, უბრალოდ ჯერ მისი დრო არ იყო დამდგარი.
ერთი წლის შემდეგ ატლეტიკოს ხელმძღვანელობამ ინანა ახალგაზრდა ტალანტის გუნდიდან გაშვება, რომელმაც მარტომ მოუგო თავის ყოფილ კლუბს და გახდა „ბურგოსის“ ერთპიროვნული ლიდერი.
რეალი
ერთხელ ხუანიტომ განაცხადა: „ბავშვობაში ჩემი სურვილი იყო სარაგოსაში თამაში, თუმცა მას შემდეგ დრო გავიდა და ახლა უკვე რეალში ასპარეზობაზე ვოცნებობ.“ ეს ოცნება მისთვის წარმოადგენდა ყველაფერს ამიტომ უარი განაცხადა ბარსელონაში გადასვლაზე, რომელმაც „ბურგოსს“ 50 მილიონი პესო შესთავაზა, რაც იმ დროისთვის ასტრონომიულ თანხას წარმოადგენდა. ხოლო როდესაც მას მიუვიდა შემოთავაზება სამეფო კლუბისგან განაცხადა: „ახლა თავი სამოთხეში მგონია. მსოფლიოს ყველა კლუბიდან უპირატესობას რეალს ვანიჭებ, ქალაქებიდან კი - მადრიდს.“
1976 წლის 19 ნოემბერს გომესი ბლანკოსის ფეხბურთელი გახდა, მაგრამ თეთრი ფორმა მან შემდეგი სეზონიდან მოიზომა და აექედან დაიწყო ყველაფერი. მისი დებიუტი მადრიდის რეალში შედგა წინასასეზონო მატჩში, რომელიც სამეფო კლუბმა მექსიკაში ადგილობრივ „გვადალახარასთან“ გამართა. საუკეთესო შეხვედრა კი იმ სეზონში მან კამპ ნოუზე ჩაატარა, როდესაც მადრიდის რეალის შემტევმა სამეულმა, რომელსაც ხუანიტოსთან ერთად კასლოს სანტილია და ჰიენინგ იენსენი წარმოადგენდა, მატჩის მიწურულს მოახერხა თამაშის ბლანკოსისთვის სასარგებლოდ შემოტრიალება. ეს მატჩი თეთრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ხუანიტოს ბრწყინვალე მადრიდული კარიერა კი დაიწყო...
გომესი მადრიდულ პუბლიკას ათი წელი ემსახურა და მიუხედავად იმისა, რომ ბლანკოს ამ პერიოდში არ ბრწყინავდა ევროტურნირებზე, ესპანეთში მას ბადალი არ ჰყავდა. ამ ხნის განმავლობაში ხუანიტომ ხუთჯერ მოიგო ლა ლიგა და 2-2 ჯერ უეფას თასი და კოპა დე ლა რეი. ყოველი სეზონის შემდეგ, რომელსაც გომესი რეალში ატარებდა, სამეფო კლუბის „ყულაბა“ მინიმუმ ერთი ტროფეით იზრდებოდა. მიუხედავად ამისა ევროპულ არენაზე გაჩნდა ის, რასაც ახლა „ხუანიტოს სულს“ უწოდებენ. არაერთხელ მომხდარა ფაქტი, რომ სამეფო კლუბს ბერნაბეუზე მატჩი წაეგო დიდი ანგარიშით და გასვლით შეხვედრაში მოეგო სასურველი შედეგით, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი ყოველთვის გომესი იყო. გარდა იმისა რომ ის იყო ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი, იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე, რასაც თავის თანაგუნდელებსაც გადასცემდა და იყოლიებდა მთელ კლუბს.
აეთი ფაქტი პირველად 1979/80 სეზონში მოხდა, როდესაც მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგაზე სელტიკი დაუპირისპირდა. სამეფო კლუბმა მატჩი ბერნაბეუზე 0:2 დათმო. ყველას მიაჩნდა, რომ ბლანკოსი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდა... მაგრამ ასე არ ფიქრობდა ხუანიტო. თეთრებმა გასვლითი შეხვედრა 3:0 მოიგეს და გამარჯვების გოლი მსაჯის სასტვენამდე 4 წუთით ადრე გომესმა გაიტანა. 1981 წელს კი რეალის ლეგენდარულ „შვიდიანს“ შეეძლო მოეგო მისთვის ყველაზე სანატრელი ტიტული ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ თასი ლივერპულს დარჩა. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდათ საშუალება საკუთარ მოედანზე ენახათ ხუანიტო, როდესაც სამეფო კლუბი მოსკოვის სპარტაკს დაუპირისპირდა. ეს მატჩი თბილისში გაიმართა და შეხვედრაში ფრე 0:0 დასრულდა.
„ხუანიტოს სულმა“ პიკს 80იან წლებში მიაღწია, როდესაც მადრიდის რეალმა საშინაო შეხვედრები დათმო ანგარიშით 1:5 და 0:3, ხოლო გასვლითი მატჩები სასურველი შედეგით დაასრულა. მართალია ამ შეხვედრებში ხუანიტოს გოლი არ გაუტანია, მაგრამ გუნდის მოტივაციას წორედ ის უწყობდა ხელს. „ანდერლეხტის“, „ბორუსიის“ და ინტერის წინააღმვდეგ ჩატარებულ მატჩებზე ლეგენდებს ყვებოდნენ და ეს ყველაფერი „ფუენხიროლას“ აღზრდილის დამსახურება იყო.
დასაწყისში დაბრუნება
უეფაზე ხუანიტოს ხანგრძლივმა დისკვალიფიკაციამ აიძულა ორივე მხარე გაეწყვიტათ კონტრაქტი და ათწლიანი ბედნიერად ცხოვრების შემდეგ მადრიდის რეალი და გომესი ერთმანეთს დაშორდნენ. 33 წლის ფეხბურთელმა კი თავი მალაგას მიაშურა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ის სისწრაფე რომელიც ადრე გააჩნდა და ვერ ახერხებდა მატჩის ბოლომდე დასრულებას, მას გააჩნდა კოლოსალური გამოცდილება, რამაც იგი გახადა მალაგას უდავო ლიდერად.
1989 წლის 4 ივლისს მალაგა ბერნაბეუს ესტუმრა. ძნელი სათქმელია ოდესმე თუ დახვედრია მადრიდის რეალის გულშემატკივარი მოწინააღმვდეგე გუნდის ფეხბურთელს ასეთი სითბოთი და სიხარულით. მან სამეფო კლუბის გულშემატკივრებს მადლობა 25 მეტრიდან გატანილი გოლით გადაუხადა. ხუანიტო ერთ-ერთ უკანასკნელ მატჩს ატარებდა და მისი კარიერის დასრულებამდე დღეები რჩებოდა...
ეროვნული ნაკრები
სამწუხაროდ ხუანიტომ თავისი ნიჭის ეროვნულ ნაკრებში გამოვლენა ვერ შეძლო. ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა 12 წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე, ამაში კი გომესს წვლილი არ მიუძღვოდა. იუგოსლავიასთან მატჩის დროს, როდესაც მწვრთელმა შეცვალა, სათადარიგოთა სკამამდე მისვლა ვერ მიასწრო ფეხბურთელმა, როდესაც მას თავში ბოთლი მოხვდა. (ვიდეო) როდესაც მას ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, თავს არიდებდა პასუხს და იძახრა, რომ მას წარმატებით გაარტყეს.
ხუანიტომ იასპარეზა 2 მსოფლიო ჩემპიონატზე 1978 და 1982 წლებში, და ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე 1980 წელს. საერთო ჯამში მან ეროვნულ ნაკრებში 34 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
შეწყვეტილი ფრენა
კარიერის დასრულების შემდეგ, ხუანიტო არ აპირებდა ფეხბურთთან განშორებას და მწვრთნელობა გადაწყვიტა. მან უარი თქვა „ბურგოსის“ და „ვალიადოლიდის“ თავკაცობაზე და „მერიდეს“ ჩაუდგა სათავეში. მის სამწვრთნელო პოტენციალს აქებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ იქნებოდა კიდევ უფრო უკეთესი დამრიგებელი, ვიდრე ფეხბურთელი. მაგრამ 1992 წლის 2 აპრილს ხუანიტო გარდაიცვალა... ის დაესწრო მატჩს მადრიდის რეალსა და ტორინოს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახლში მანქანით ბრუნდებოდა და ავტოკატასტროფაში მოყვა, რომელმაც ბოლო მოუღო მის მოკლე მაგრამ მკაფიო სიცოცხლეს.
ხუან გომესი „ხუანიტო“
10/11/1954 - 02/04/1992
ხუანიტოსთან დასამშვიდებელი ვიდეო
- 2 აპრილი 2012
- 3 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.