ბოლო წლებში „ბარსელონა“ „რეალზე“ 3-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს
ესპანური გამოცემა ABC გვამცნობს, რომ ბოლო წლებში მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ სატრანსფერო პოლიტიკა რადიკალურად არის შეცვლილი.
იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი სუპერ ვარსკვლავების სანაცვლოდ ყოველთვის ასტრონომიულ ფასებს იხდიდა და „რეალი“ ამით იყო ცნობილი, ახლა მადრიდული კლუბის როლი კატალონიურმა „ბარსელონამ“ შეითავსა, რომელიც ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ტრანსფერებზე.
ABC-ს ცნობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში „ბარსელონამ“ 3-ჯერ მეტი თანხა დახარჯა ვიდრე „რეალმა“ და ნახევარ მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა. ეს რა თქმა უნდა იმანაც განაპირობა, რომ გუნდმა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ფაქტია, რომ ბართომეუსთვის შემაკავებელი ფაქტორები აღარ არსებობს.
ზინედინ ზიდანის ორწელიწადნახევარიანი მმართველობის პერიოდში, ფლორენტინო პერესი აშკარა პასიურობას იჩენდა და აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე აკეთებდა. ჯერ-ჯერობით კურსი არც ლოპოტეგის მმართველობის ეპოქაშია შეცვლილი, თუმცა მადრიდისტები სუპერ ტრანსფერებს ჯერ კიდევ ელიან, ვინაიდან კოლექტივი კრიშტიანო რონალდუმ დატოვა.
და ბოლოს... მაინც უნდა ითქვას, რომ მინიმალური ხარჯვის ფონზე, „რეალმა“ ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ევროპაში არაერთხელ დაიქუხა.
- 26 ივლისი 2018
- 3 278
- 8