ზიდანი:„კრიშტიანო რონალდუ მთელი მადრიდი არ არის“
ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „რეალის“ ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა...
„ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელზეც ყველაზე დიდი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე, ამ ტურნირის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. „რეალისთვის“ ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, „ლივერპულთან“ გამარჯვებისა და მე-13 თასის მოგების შემთხვევაში უბედნიერესები ვიქნებით.“
„მიუხედავად იმისა, რომ ფინალებში თამაშის გამოცდილება გვაქვს, უდიდესი ზეწოლისქვეშ გვიწევს ვარჯიშიც და თამაშიც. დარწმუნებული ვარ, ურთულესი ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.“
„სეზონის სტარტი შესანიშნავი იყო, შემდეგ გვქონდა ჩავარდნა, რამაც სამეფო თასი და ლა ლიგა დაგვაკარგინა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემპიონთა თასზე ყველაფერი წესრიგში იყო. მერწმუნეთ, არცერთი გუნდისთვის არ არის იოლი „პსჟ“-ს, „იუვენტუსის“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგობის დაძლევა.“
„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1/8, 1/4 და 1/2 ფინალებში ჩვენი კონკურენტები საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ჩემპიონები იყვნენ. ვფიქრობ, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი.“
„„ლივერპული“ ინგლისური გუნდია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უბრძოლველად არაფერს დათმობს. მერსისაიდელების ისტორიის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. კლოპის გუნდმა ურთულესი გზა გამოიარა და ფინალში თამაში დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, „წითლები“ ბოლო წამამდე იბრძოლებენ თასის მოსაპოვებლად.“
„სალაჰი, ფირმინო და მანე უდიდეს ტრიოს ქმნიან, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი ამ ტრიოზე არ იქნება დამოკიდებული. თამაშს გუნდი იგებს და არა სამი ფეხბურთელი.“
„ჩვენ ვთამაშობთ ზედიზედ მესამე ფინალს და უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია.“
„ ფინალში გასვლის განსაკუთრებული ფორმულა არ არსებობს, მთავარი დაუღალავი სრომა და დიდი მონდომებაა, სწორედ ამის ხარჯზე შეიძლება იყო წარმატებული.“
„თუ კლოპს ჰგონია, რომ კრიშტიანო რონალდუ მთელი მადრიდია, ჩვენ მას ვეტყვით, რომ „ბლანკოსში“ კრიშტიანოს გარდა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურებიც არიან.“
- 22 მაი 2018
- 6 047
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.