აუხდენელი ოცნება
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, მადრიდის "რეალმა" კატასტროფული შედეგით დაასრულა მატჩი ლიონის წინააღმდეგ. ამ სტატიაში კი მე მინდა გაგიზიაროთ ის გრძნობები, რასაც მატჩის მიმდინარეობისას განვიცდიდი.
პირველ რიგში დავიწყოთ სასტარტო შემადგენლობებიდან. ერთის მხრივ მანუელ პელეგრინიმ კარგი გააკეთა. მან რონალდო მარცხნივ გადაწია და კაკას დაუბრუნა მისი საყვარელი პოზიცია, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ძირითადში თამაში გრანერომ დაიწყო. ეს ყველაფერი თავიდანვე ცუდად მეჩვენა. ესტეფანი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას საერთოდ არ აქვს გამოცდილება ევროტურნირებში. მადრიდელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მის საწყის წუთებში, კრიშტიანო რონალდომ სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა გაახარა. პირველმა ტაიმმა ნორმალურად ჩაიარა, ფრანგული კლუბი საერთოდ ვერ უტევდა მადრიდელთა კარს, მაგრამ რა მოხდა შესვენებაზე ჯერ კიდევ საკითხავია. საინტერესოა, თუ რა უთხრა ისეთი კლოდ პიუელმა თავის შეგირდებს, რომ მეორე ტაიმში მათ შესძლეს და თვით მადრიდის "რეალი" მიწასთან გაასწორეს, თანაც მისსავე სამეფოში.
დაიწყო მეორე ტაიმი და მას მოჰყვა მადრიდელთა მოთამაშეების ქაოსური თამაში. ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც 6 წლის პატარები. ორ პასს ერთმანეთზე ვერ აბამდნენ, რაშიც ბრალი ძირითადად ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელებს მიუძღვით. საერთოდ ვერ იასპარეზა ლასანა დიარამ. იგი მოედანზე დაბნეული ჩანდა. ალბათ დამეთანხმებით იმაშიც, რომ გუნდის სული და გული გუტიც კი ვერაფერს ვერ სთავაზობდა თეთრ პუბლიკას, ავტომატურად არ ჩანდნენ რონალდო და კაკა, რომლებსაც პასებით მომარაგება სჭირდებათ, მაგრამ ეს უკვე ცალკე სასაუბრო თემაა, რომელსაც შემდეგ გაგაცნობთ. სწორედ ამ არეულობამ და ამას პლიუს "ლიონის" შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა გოლი, რომელიც ფრანგებმა მატჩის 75-ე წუთზე გაიტანეს და ყველაფერი იქვე დაასრულეს. "ბლანკოსს" ბევრი მომენტი ჰქონდა, თუ ცოტა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფაქტი ერთია, სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.
მე გაგაცანით, ჩემი თვალით დანახული მატჩის ანალიზი და ეხლა მინდა მთავარზე გადავიდე. ყველაზე ძალიან იმაზე ვინერვიულე, რომ ზაფხულში გადახდილი თანხა წყალში ჩაცვივდა. ფლორენტინოს ოცნება და მთავარი პრიორიტეტი სწორედ ლიგა იყო, სადაც მადრიდელებმა ტრადიციულად 1/8 ფინალის ბარიერი ვერ გადალახეს. ამაში ბრალის გარკვეული წილი ნახსენებ პერესსაც მიუძღვის. ნუთუ რონალდოს რეალური ფასი 94 მილიონია? ნუთუ კაკა 65 მილიონი ღირს? ეს ასე ნამდვილად არ არის და ამაზე ალბათ დავა არ შეიძლება. ეგრედწოდებულმა ვარსკვლავებმა გადამწყვეტ მომენტში ვერაფერი ქნეს. ახლა ბევრი დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ პორტუგალიელმა კარგად ითამაშა, მაგრამ მოდით ამ საკითხს ცოტა ობიექტურად მივუდგეთ. ხსენებულ მოთამაშეში რეკორდული თანხა იქნა გადახდილი და მისგან ყოველთვის განსაკუთრებულ თამაშს უნდა ველოდოთ. ის უნდა ჩადიოდეს სასწაულებს მოედანზე. მან კი უბრალოდ კარგი ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ის რეალში პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, უკვე სეზონის ნახევარზე მეტი გავიდა და როცა ფეხბურთელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობის ამბიცია აქვს, ის ადაპტაციას მაქსიმუმ 7-8 ტურში უნდა გადიოდეს. ეს რაც შეეხება რონალდოს, ხოლო ახლა გადავიდეთ კაკაზე. ზოგი მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ფიქრობს, რომ რიკიმ კარგად ითამაშა. ვერ ვხვდები ამ კარგ თამაშში რას გულისხმობთ. ნუთუ მისი კარგი ასპარეზობა იმაში გამოიხატება, რომ მან პირველ ტაიმში ერთ ორჯერ ლამაზად ითამაშა? ცოტა კარგად დაუფიქრდით, მისი ფასიც არანაკლებ რეკორდულია და ის მოედანზე 90 წუთის მანძილზე უნდა სჩადიოდეს სასწაულებს. ხოლო, რაც შეეხება ბენზემას ამ ფეხბურთელზე ჩემ აზრს არ გამოვთვქამ, რადგან სადავო არ არის ის, რომ კარიმმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა წლევანდელ სეზონში. ამ ყველაფრით მინდა გავაკრიტიკო ფლორენტინო პერესი, რომლის არჩეული პოლიტიკა სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. ვერ გამიგია, თუ რაზე ფიქრობდა დონ პერესი მაშინ, როდესაც გუნდში მანუელ პელეგრინი მოჰყავდა. იმ ფეხბურთელების ფონზე, რომლებიც პრეზიდენტმა ზაფხულში მოიყვანა, ჩილელი საერთოდ უდონო მწვრთნელი გამოდის. ამ სეზონში დამტკიცდა, რომ პელეგრინის არ შეუძლია მართოს ვარსკვლავები, როგორც ამას ვისენტე დელ ბოსკე აკეთებდა.
საბოლოო ჯამში, მადრიდის "რეალმა" მორიგი წარუმატებელი სეზონი ჩაატარა (არ თქვათ ახლა შეიძლება პრიმერა მოვიგოთო. რომც მოვიგოთ, მაინც წარუმატებლად ჩაითვლება სეზონი იმოტომ, რომ მთავარი მიზანი ლიგის მოგება იყო). გრძელდება საშინელი ტრადიცია და "რეალი" ვერ ცდება 1/8 ფინალს. ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიის გადალახვა მადრიდელთა აუხდენელ ოცნებად რჩება, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, გული არ გაიტეხოთ და დარჩით ამ კლუბის ერთგული. დაველოდოთ შემდეგ სეზონს, თუ ვერც მაშინ ვერ მოვიგეთ, შემდეგს დაველოდოთ, მერე შემდეგს კიდე შემდეგს... დავრჩეთ მადრიდის "რეალის" ერთგული ფანები და ყოველთვის ვუგულშემატკივროთ მას. წავაგეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.
მადრიდის "რეალს" გაუმარ...
- 11 მარტი 2010
- 1 963
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.