მოდრიჩი:„ეს თვისება აქვს ზიდანს და არ აქვს გუარდიოლას და სხვებს“
ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემი“ დავტოვე ამ გუნდმა არნახულ პროგრესს მიაღწია. ვფიქრობ, ლონდონელები ადრე თუ გვიან პრემიერლიგას მოიგებენ.“
„პირველი საერთაშორისო კლუბი, რომელშიც ვითამაშე სწორედ „ტოტენჰემი“ იყო, იქ მე 4 საოცარი წელიწადი გავატარე და უამრავი მოგონება მაქვს. ძალიან მენატრება ძველი სტადიონი, თუმცა კლუბი „უემბლიზე“ გადავიდა და ამით ყველაფერი ნათქვამია. კლუბის გულშემატკივრებს ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. ამ კოლექტივში უდიდესი ინვესტიცია ჩაიდო და პროგრესი მართლაც სახეზეა.“
„როდესაც გავიგე, რომ „რეალი“ ჩემით ინტერესდებოდა, ბევრი არ მიფიქრია. ინგლისში 4 წელი გავატარე და ვთვლიდი, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაში და ახალი გამოწვევების მიღება შემეძლო, ამიტომ ესპანეთში გადასვლაზე თანხმობა განვაცხადე.“
„სანტიაგო ბერნაბეუ არის საუკეთესო სტადიონი, სადაც ოდესმე მითამაშია. „ბლანკოსში“ გადმოსვლით უამრავ ვარსკვლავს დავუკავშირე ბედი.“
„ზინედინ ზიდანი ფანტასტიკური სპეციალისტია. მას აქვს ის, რაც არ აქვს გუარდიოლას და სხვა ახალგაზრდა მწვრთნელებს, რომლებსაც ბევრ რამეზე შეუძლიათ პრეტენზიის გამოცხადება. ფრანგი ლეგენდის ავტორიტეტი ხელშეუხებელია, მისი ქარიზმა და გამარჯვებისკენ სწრაფვა კი წარმოუდგენელი.“
„ზიზუსთან ერთად ყველაფერი მოვიგეთ და სასიამოვნო ტრადიციის დარღვევას არც ახლა ვაპირებთ.“
„„რეალის“ 10 ნომრიანი მაისურის მორგება ჩემთვის ძალიან საამაყოა. ვთვლი, რომ კლუბში დიდი პროგრესი ვაჩვენე. ვერ დავეთანხმები მათ, ვისაც ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველად მივაჩნივარ, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ევროპის საუკეთესო კლუბის ლიდერად ჩამოვყალიბდი და ეს კოლექტივი ძალიან მიყვარს, ჩემთვის საამაყოა სამეფო კლუბის ღირსების დაცვა. ვიმედოვნებ, ამ კლუბის მაისურს კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვატარებ.“
- 16 ოქტომბერი 2017
- 5 405
- 27
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.