რამოსი:„მაისურის ნომრის შეცვლას არ გამოვრიცხავ“
სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშობაში ხშირად ვფიქრობდი მწვერვალების დაპყრობაზე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მადრიდის „რეალის“ მაისურით 500 მატჩის ჩატარებას შევძლებდი. ბევრ შრომას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ არ დანებდნენ.“
„თუ პროფესიონალი ხარ, არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და ყველა სეზონი ისე უნდა დაიწყო, თითქოს არასდროს არაფერი მოგიგია. თითოეულ სეზონს საკუთარი გამოწვევები აქვს, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ.“
„ჩემი საუკეთესო გოლი? არაერთი გოლი გამიტანია, რომელმაც ბევრი რამ გადაწყვიტა, მაგრამ განსაკუთრებული მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, სადაც „ატლეტიკოს“ კარი ბოლო წუთზე ავიღე და გუნდს ჩემპიონობაში დავეხმარე, მაშინ ჩვენ ნანატრი თასი მოვიგეთ.“
„ნომრის შეცვლა? მე ვფიქრობ, რომ ოთხმა ნომერმა ძალიან დიდი წარმატება მომიტანა და შესანიშნავი კარიერა მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, კარიერის ბოლო სეზონში „4“ ნომრიანი მაისური „93“-ით შევიცვალო, რაც სიმბოლური იქნება.“
„ჩვენი დევიზი ბრძოლაა, ეს მადრიდის „რეალი“ „დნმ“ გახლავთ. თითოეული ფეხბურთელი ითავისებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავს და იმაზე მეტი მოეთხოვება, ვიდრე შეუძლია. ეს მადრიდის „რეალია“, რომლის სამკერდე ნიშანსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ.“
„მადრიდის „რეალში“ არცერთი რგოლის გამოყოფა არ შეიძლება. გუნდი ცდილობს, შეინარჩუნოს ბალანსი და თანაბარი ძალით ითამაშოს დაცვაში, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი.“
„როდესაც ჩემპიონები ვხდებით და „სიბელესი“ ივსება, საოცარი გრძნობები გვეუფლება. ეს არის შესაძლებლობა, რომ სიხარული გულშემატკივრებთან ერთად გავიზიაროთ და ერთად ვიზეიმოთ მოპოვებული ჯილდო. ეს საოცარი ადგილია, სადაც ბევრი რამ არის მომხდარი.“
„ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ფეხბურთთან არის დაკავშირებული. მე ამ სპორტით ვცხოვრობ და ვთვლი, რომ გარკვეული შეხება ყოველთვის მექნება. მოვა დრო, როდესაც ბუცებს ლურსმაზე ჩამოვკიდებ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი გავხდები თუ არა მწვრთნელი, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ახლა საუბარი ნამდვილად რთულია.“
„როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს დიდ დროს დავუთმობ, ახლა მათთვის ყოველთვის ცოტა დრო მრჩება, მაგრამ არსებულ გარემოებას ყოველთვის გაგებით ეკიდებიან.“
„ჩემი ჰობი? მუსიკა, ფეხბურთი და ცხენები.“
„ის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში 500 მატჩი ჩავატარე, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას და შემართებას მაძლევს. ვეცდები, რომ არსებული შედეგი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესო.“
„ყველაზე მძიმე მეტოქეები. ძალიან ბევრი ოპონენტი გვყავს. „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და სხვა გრანდები.“
„ჩემი საყვარელი ფეხბურთელები იყვნენ რონალდო, მალდინი და ფერნანდო იერო, თუმცა მათ გარდა ძალიან ბევრი კუმირი მყავდა. მაგალითად კანიჯა, სწორედ მის საპატივცემულოდ ვატარებდი გრძელ თმას.“
„წინ „ნაპოლისთან“ მატჩი გვაქვს. ვეცდებით, საშინაო არენაზე სოლიდური უპირატესობა მოვიპოვოთ და ¼ ფინალში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გავზარდოთ. მძიმე ბრძოლას ველით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ მომდევნო ეტაპისთვის.“
- 14 თებერვალი 2017
- 6 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.