რონალდუ:„მე ვიბრძოლებ მე-5 ოქროს ბურთისთვის“
კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთის მოგებასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა...
„მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ოქროს ბურთი კიდევ ერთხელ მოვიპოვე. ვერასდროს ვიოცნებებდი იმაზე, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ოთხჯერ მიმეღო. თავი ზღაპარში მგონია და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში. ყველას დიდი მადლობა.“
„ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს, ყოველი წელი და სეზონი ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იმედი მაქვს, წლევანდელი სეზონი წარმატებული იქნება, 2018-ში კი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ, ამისთვის ყველაფერს გავიღებ. მე-5 ოქროს ბურთი? ძნელია, მაგრამ მაინც ვიბრძოლებ.“
„პირველ ოქროს ბურთსა და ახლანდელ ჯილდოს შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არის, მაგრამ მაშინ განსაკუთრებულად ვნერვიულობდი და ყველაფერს უფრო მეტად განვიცდიდი. მაშინ სულ რაღაც 24 წლის ვიყავი და ჩემთვის საუკეთესოდ აღიარება უდიდესი მოტივაცია იყო. ვერ აგიღწერთ რას ნიშნავს, როდესაც ძალიან ბევრს იბრძვი, ბოლომდე იხარჯები და ეს ყველაფერი გიფასდება. დღეს ანალოგიურად ბედნიერი ვარ და საოცარ სიხარულს განვიცდი, რომელსაც ოჯახის წევრებს ვუზიარებ.“
„2016 წელს მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, გავხდი ამავე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, დავამყარე რეკორდი, გავიმარჯვე ევროპის ჩემპიონატზე და ახლა უკვე ოქროს ბურთის მფლობელი ვარ. უდავოა, 2016 წელი ჩემ ცხოვრებაში საუკეთესოა.“
„ვერ შევადარებ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგებას, ვინაიდან აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციებთან გვქონდა საქმე. „ბლანკოსმა“ ლიგა მეთერთმეტედ მოიგო, პორტუგალიის ნაკრებმა კი პირველად მიიღო ოქროს მედლები. მერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა.“
„შევეცდები მაღალ დონეზე ვიასპარეზო და კიდევ ვიბრძოლო ოქროს ბურთისთვის. სანამ შეგიძლია, არ უნდა დანებდე და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო, ჩემთვის დღევანდელი დღე დამატებითი მოტივაციაა, შრომას ვაგრძელებ.“
„მიხარია, რომ ჯილდო ბერნაბეუზე გადმომეცა, აქ განსხვავებული გარემოა. საოცარ განწყობაზე ვარ და ვფიქრობ, ჩემ სიხარულს ყველა მადრიდისტა გაიზიარებს.“
„ყველას დიდი მადლობა, ვინც ხმა მომცა და ჩათვალა, რომ ოქროს ბურთს ვიმსახურებდი.“
- 12 დეკემბერი 2016
- 9 719
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.