ზიდანი:„ვიცით, რომ ძალიან მძიმე მატჩი გველის“
„ელ კლასიკოს“ წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია მოიწვია და სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება...
„ვიცით, რომ ძალიან მძიმე მატჩი გველის, მაგრამ კარგად მოვემზადეთ და ვთვლით, რომ „ელ კლასიკოს“ ღირსეულად ჩასატარებლად მზად ვართ.“
„შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ, რომ კონცეტრაცია არ დავკარგოთ.“
„ჩვენ შეგვიძლია კატალონიის „ბარსელონას“ დამარცხება. ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს, ძალების დაზოგვას ნამდვილად არ ვაპირებთ.“
„ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვსწავლობ, მითუმეტეს ამ პირობებში, როდესაც „რეალს“ ვუდგავარ სათავეში, ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის. კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ სამეულში მოვხვდი, გამარჯვებულს კი იანვარში გვამცნობენ.“
„თუ გვსურს „ბარსელონას“ დამარცხება, ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ, სხვაგვარად შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. მე მომეწონა „რეალის“ თამაში კალდერონზე.“
„სასტარტო თერთმეტეულის ფორმირება უკვე მოვახდინე, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით. კაზემირო? ბრაზილიელის დაბრუნებამ ძალიან გამახარა, ეს ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინ ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში მატჩის დაწყებამდე შეიტყობთ.“
„ითამაშებს თუ არა ანდრეს ინიესტა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის დიდი ძალაა, მაგრამ თუ ჩვენ საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ, „ბარსელონას“ მასთან ერთადაც დავამარცხებთ და მის გარეშეც. ჩვენ დიდი დანაკლისი გვაქვს, ნახევარდაცვაში ტონი კროოსის არყოფნა შესამჩნევია.“
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესურსი სრულად იქნას ათვისებული. აუცილებელია მთელი გუნდის საქმეში ჩართვა, ამ მიმართულებით მუშაობით ყველა ფორმაშია და სათამაშო დროის ნაკლებობა არავის აწუხებს.“
„ვფიქრობ, შარშანდელი მატჩის სცენართან შედარებით განსხვავებები იქნება. ჩემმა გუნდმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს. მჭიდრო თამაში? ყველაფერს ხვალ მოეფინება ნათელი.“
„კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდუ ბარსელონელთა წინააღმდეგ ყოველთვის ძალიან სახიფათოდ ასპარეზობენ, რასაც მათი გატანილი გოლების რაოდენობა და მარგი ქმედების კოეფიციენტიც მოწმობს.“
„მესი არ არის მთელი გუნდი, მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. თუ მხოლოდ ლიონელზე ვიფიქრებთ, სხვა ფეხბურთელებს მეტი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მიეცემათ, რაც ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის.“
„გვაქვს 90 წუთი იმისათვის, რათა ვითამაშოთ დიდი ფეხბურთი და სიამოვნება მივანიჭოთ ქომაგებს.“
„ესპანეთში ძალიან ბედნიერი ვარ. წლებია მადრიდში ვცხოვრობ და აქაური ცხოვრების სტილი ჩემთვის მისაღებია. იმედი მაქვს, ესპანეთის დედაქალაქში წლების მანძილზე დავრჩები.“
„არაფერია ისე სასიამოვნო, როგორიც „ელ კლასიკოს“ მოგება გახლავთ. აქ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები და გრძნობებია სინთეზში.“
„ხვალ ერთმანეთს ორი დიდი გუნდი დაუპირისპირდება. ყველა თამაშიდან რაღაცას ვსწავლობთ და ანალიზს ვაკეთებთ, ასე იქნება ხვალაც. მერწმუნეთ, უნაკლო კლუბი არ არსებობს.“
„კრიშტიანო რონალდუს ძალიან დიდი მოტივაცია აქვს, მან 2016 წელს ყველაფერი მოიგო, რამაც მოტივაცია გაუორმაგა, ის კიდევ უფრო მეტად მონდომებულია და ბევრს ვარჯიშობს, პორტუგალიელი ფეხბურთელის ენერგია ყველას აოცებს.“
„ფავორიტი? მე ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია.“
„ყოველდღიურად ძალიან დიდ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა, რაც მაბედნიერებს. თითოეული ფეხბურთელი დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ ართმევს თავს. ვთვლი, რომ გუნდი „ნოუ კამპზე“ ვიზიტისთვის მზად არის, დანარჩენს კი მატჩი გვაჩვენებს.“
„„ელ კლასიკოში“ მონაწილების მიღება ყველა ფეხბურთელს სურს, ჩემთვის რთულია საუკეთესო თერთმეტეულის არჩევა, მაგრამ მწვრთნელის საქმე სწორედ ეს არის. ვინც მოედანზე გავა, განსაკუთრებული მონდომებით იასპარეზებს.“
- 2 დეკემბერი 2016
- 5 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.