ზიდანი:„კრიშტიანოს წინააღმდეგ რამდენჯერმე უხეშად ითამაშეს“
ზინედინ ზიდანმა „სპორტინგის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს არ იყო ფინალური შეხვედრა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება მოვახერხეთ და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ, რაც ლიდერობისთვის თავისთავად სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ხიხონის სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ ვიცოდი, რომ დიდი ბრძოლა გველოდა.“
„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კონცენტრაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა, რისთვისაც დავისაჯეთ. მთავარი ის არის, რომ ტაბლოზე 2-1 დაფიქსირდა.“
„ხამესმა კარგად ითამაშა, მაგრამ მისი შეცვლის დრო მოვიდა და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება.“
„კაზემირო გუნდს დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება, დღეს მისი მოედანზე გაყვანა არ გავრისკე. სამეფო თასზე „ლეონესასთან“ პაექრობა მოგვიწევს, სადაც შუახაზელი აუცილებლად გავა მოედანზე და სათამაშო დროს მიიღებს. „ელ კლასიკოში“ კაზემირო დაგვჭირდება და ვიმედოვნებ, კარგ ფორმაში შესვლას მოასწრებს.“
„კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ რამდენიმე შემთხვევაში უხეშად ითამაშეს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა, პორტუგალიელს არაფერი სჭირს, მისი დაზიანება ხვალვე აღდგება.“
„კოვაჩიჩი? მატეომ რამდენიმე მომენტში დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ საგანგაშო არაფერია.“
„სერხიო რამოსს 90 წუთი თამაში არ შეეძლო, სწორედ ამიტომ მეორე ნახევარში მოედანი დატოვა და მინდორზე მარსელო შევიდა. ამ შემთხვევაში დაცვის ხაზში მცირე ცვლილება დავაფიქსირე. ცენტრში სერხიოს ადგილი ნაჩომ დაიკავა, მარსელომ კი კუთვნილი პოზიცია ჩაიბარა.“
„პეპე ძალიან ბედნიერია, ის გუნდს დაუბრუნდა და მოედანზე ბოლომდე იბრძოლა.“
„კრიშტიანო რონალდუსთვის დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ის არასდროს ჩერდება და მუდმივად გოლების გატანაზეა ორიენტირებული.“
„მსოფლიოში საუკეთესო გუნდი მყავს, რის გამოც ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი, მათი მონდომება ნამდვილად დასაფასებელია. გვაქვს თუ არა კარგი სეზონი? ამ კითხვაზე პასუხს ივნისის თვე გასცემს.“
„ნაკლები კონცენტრაცია შესაძლოა, გადამწყვეტ თამაშებში დამღუპველი გამოდგეს, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ყურადღება არ გაგვეფანტოს, ეს ჩვენი წარმატების საწინდარია.“
- 26 ნოემბერი 2016
- 5 915
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.