თამაშის თარიღი: 07.02.2010
თამაშის დრო: თბილისის დროით 01:00 (ამიტომაც ჩავწერე ზევით თარიღად 07,02,2010)
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ (Estadio Santiago Bernabéu)
ტევადობა: 80 354
მოედნის პარამეტრები: 107მ x 72მ
სტადიონის ღირებულება: 288.000.000 €
არქიტექტორი: მანუელ მუნოს მონასტერიო, ლუის ალემან სოლერი, ანტონიო ლამელა
გახსნის თარიღი: 1947 წლის 14 დეკემბერი
მოწინააღმდეგე კლუბის სრული სახელი: Real Club Deportivo Espanyol de Barcelona, S.A.D.
ქალაქი: ბარსელონა
დაარსების წელი: 1900 წ.
კლუბის პრეზიდენტი: დანიელ სანჩეს ლეიბრე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
მიღწევები: სამეფო თასის ოთხგზის მფლობელი (1929, 1940, 2000, 2006), უეფას თასის ორგზის ფინალისტი (1988, 2007)
.
ლა ლიგის მე–2 ტურის პირველ საშინაო შეხვედრაში „მადრიდის რეალი“ „ესპანიოლს“ მასპინძლობს. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ქულების დაკარგვა მასპინძელთა ინტერესებში საერთოდ არ შედის. რაც შეეხება სტუმრების სატურნირო მდგომარეობას, ის ძალიან სავალალოა. „ესპანიოლი“ სატურნირო ცხრილის ბოლოშია განლაგებული და რამდენიმე ნაბიჯი აშორებს გასავარდნ ზონას.
გამომცემლობა Мarca–სთან ინტერვიუში კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მათ არ ეშინიათ მეტოქის და მაყურებლებს სიურპრიზსაც დაპირდა.
„ჩვენ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. თამაშის წინ ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს. თუ ჩვენ , როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ მხარეს კარგად გამოვიყენებთ, მაშინ შევძლებთ მიზნის მიღწევას. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ბურთზე კონტროლის მოპოვება იქნება. თუ მათ ბურთს დავუთმობთ, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს."საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პირველი წრის შეხვედრის წინ, „ესპანიოლის“ მთავარი მწვრთნელი შედარებით უფრო ნაკლებად ოპტიმისტური იყო გამონათქვამებში. უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელის მდგომარეობა სულაც არაა შესაშური–პოჩეტინო დანის პირზე დადის და ხმების მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ჯერაც არ ჩამცხრალა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში „ესპანიოლი“ მისსავე „კორნელია ელ პრატის“ სტადიონზე გაანადგურა „მადრიდის რეალმა“ ანგარიშით 0:3. საინტერესოა, მაინც რა შეიცვალა მეტოქე კლუბის კედლებში ამ ხუთი თვის მანძილზე?
დაიწყეს რა სეზონი ორი წაგებით, „ესპანიოლი“ შედარებით უფრო სტაბილურად ათამაშდა სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე. ამის შემდეგ იყო სამეფო თასიდან გამოვარდნა. მათ ეს „სიამოვნება“ „ხეტაფემ“ მიანიჭა. ამას შემდეგ მოყვა „საოცარი“ სერია გამარჯვებების გარეშე, რომელიც 7 ტური გაგრძელდა. ერთ რამედ ღირს ის ფაქტი, რომ ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო მეტოქემ საერთო ანგარიშით 12:0. მიუხედავად ამისა, „ესპანიოლი“ გასავარდნ ზონაში არასდროს არ მოხვედრილა. ცნობილი ფაქტია, რომ ყველა გამართლებას აქვს დასასრული, მითუმეტეს, რომ მათმა სატურნირო ცხრილის მეზობელმა საგრძნობლად მოუმატა თამაშს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სეზონის არადამაჯერებელი სტარტი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი და საშინელი იყო.
„ესპანიოლის“ წარუმატებლობათა სერიაში თავისი როლი ითამაშა წამყვანი ფებხურთელების ტრავმება. მაგ: ოქტომბერში საერთოდ მოიშალა შეტევის ხაზი. ლაზარეთიდან ვერ გამოდის ივან დე ლა პენია. მისი როლი კლუბის თამაშზე, რომ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს , ამის შეხსენებაც კი არ ღირს.
პოჩეტინოს დაემატა ახალწვეულთა გართულებული ადაპტაციის პრობლემა. ვერა და ვერ შეძლო ლა ლიგასთან შეჩვევა ესპანეთში ერთადერთმა იაპონელმა ფეხბურთელმა შუნსუკე ნაკამურამ, რომელიც წინათ შოტლანდიის „სელტიკში“ შესანიშნავად თამაშობდა. ამასთანავე , იგივე ნაკამურა ტრავმების ხშირი მასპინძელია.
ნოემბერში კიდევ ერთი სკანდალი აგორდა კლუბთან დაკავშირებით, რამაც თავისი დაღი დაასვა კლუბის თამაშს. კლუბის საკულტო კაპიტანმა და ყველაფერში რეკორდსმენმა, რაულ ტამუდომ ადგილობრივ ტელევიზიაში ინტერვიუსას გამოთქვა პრეტენზიები კლუბის ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის მისამართით. ამის გამომწვევი მიზეზი გახდა ის კონტრაქტი, რომელიც კლუბმა გააფორმა რაულ ტამუდოსთან და რომლის პირობებიც კლუბის ყველა დროის ბომბარდირისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პოჩეტინომ სიმტკიცე გამოიჩინა და ტამუდო რამდენიმე ხნის განმავლობაში საერთოდ მოკვეთა კლუბიდა, მას ვარჯიშებზეც არ იძახებდა, მაგრამ ტრავმების ეპიდემიამ აიძულა მწვრთნელი კაპიტანთან საერთო ენა გამოენახა, რის შედეგადაც ტამუდო შემადგენლობას დაუბრუნდა. მიუხედავად ტამუდოს ინგლისში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმებისა , კაპიტანმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი არ დატოვა.
კარლოს კამენის აფრიკის თასზე გამგზავრებასაც არ მოუტანია კარგი შედეგები კლუბისთვის. კამენის გარეშე „ესპანიოლმა“ ოთხი შეხვედრიდან ორი წააგო. „ბერნაბეუზე“ კამენი გამოვა მოედანზე. კლუბის ვიცე–კაპიტანი შემადგენლობას ერთი კვირის წინ დაუბრუნდა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთი ახალი სახე გამოჩნდა კლუბში, ესაა არგენტინელი ოსვალდო, რომელიც იტალიის კლუბ „ბოლონიიდან“ გადმოვიდა „ესპანიოლში“ იჯარის სახით. პირველ ორ შეხვედრაში ოსვალდომ მოახერხა თავის გამოჩენა. „მალიორკასთან“ პირველივე შეხვედრაში, სადაც არგენტინელი იტალიური დროშით გამოდიოდა, მან დუდუ ავატას კარი დალაშქრა. ზამთრის დანაკარგებიდან ყველაზე აღსანიშნავია „ხიხონში“ არენდით გაშვებული სერბი ნახევარმცველი მილან სმილიანიჩი. პოჩეტინოს ამ სატრანსფერო სვლის აზრის გაგება დღესაც შეუძლებელია, ვინაიდან სმილიანიჩი ფაქტიურად დე ლა პენიას დუბლიორის როლში იყო. „ პატარა ბუდა“ ტრავმირებულია. შეტევაში „ესპანიოლს“ სერიოზული პრობლემები აქვს: 20 შეხვედრაში მხოლოდ 14 გოლი აქვთ გატანილი. ეს რიგით მეორე საშინელი რეზულტატია „ხერესის“ შემდეგ. მაგალითისთვის, იგივე „ტენერიფემ“ 17 გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა გატანილი გოლების მხრივ , არის გასვლით შეხვედრებში , მათი რიცხვი სულ ჯამში 3–ს არ აღემატება. „ხერესსაც“ ანალოგიური მაჩვენებელი აქვს. სტუმრად ჩატარებული შეხვედრები „ესპანიოლისთვის“ აქილევსის ქუსლს წარმოადგენს. 9 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 5 დაგროვებული ქულა, ერთი მოგებით, ორი ფრით და ექვსი წაგებით. ერთადერთ გამარჯვებას მათ „რიასორიზე“ მიაღწიეს.
სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურის კლუბებთან „ესპანიოლი“, როგორც წესი , კარგად თამაშობს. მაგ: მათ წაართვეს ქულები „სევილიას“ „პისხუანზე“, ამასთანავე ამ შეხვედრაში დროის დიდი ნაწილი „ესპანიოლმა“ კაცნაკლულმა გაატარა. ასევე იყო აღებული ქულები: „მალიორკასთან“, „ატლეტიკთან“, ხოლო „ბარსელონამ“ და „ვალენსიამ“ დიდი გაჭირვებით მოახერხეს „ესპანიოლის“ მინიმალური ანგარიშით დამარცხება.
თუ ვინ ჩადგება კარებში „ესპანილიოლის“ შემადგენლობიდან ეგ ისედაც ნათელია–კარლოს იდრის კამენი. ამ დროისთვის ერთადერთი აფრიკელი ძირითადის მეკარე პრიმერა დივიზიონში და საერთოდ შავი კონტინენტის მესამე წარმომადგენელი ესპანური კლუბის კარებში. „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ კამენის , როგორც წესი მეორე სუნთქვა ეხსნება. მას არაერთხელ აუღია ე.წ. „მკვდარი ბურთები“ . თუ იგი თამაშს აყვა და კარგად ათამაშდა, მისი კარის დალაშქვრა ძალიან ძნელია. სხვა მხრივ, თუ პანიკაში ჩავარდა, მაშინ ყველაზე იდიოტური ბურთის გაშვებაც კი შეუძლია. კოლეგას კრისტიანო ალვარესი დააზღვევს.
მთელი სეზონია პოჩეტინო ყველაზე პრობლემატურ წერტილს (დაცვის ხაზი იგულისხმება) ისე ცვლის და ათამაშებს, როგორც დასტაში ურევენ ხოლმე კარტს. ხანდახან ამას შედეგებიც მოყვება,მაგ: იგივე ფრე სევილიაში და „მადრიგალზე“ ძალიან დიდად ფასობს, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ამან საშინელი შედეგი გამოიღო.
ვინაიდან ორივე კლუბის სავარაუდო შემადგენლობები თქვენთვის ცნობილია, ამიტომ ამაზე არ გავჩერდები და პირდაპირ სტატისტიკაზე გადავალ:
მაშ ასე, გთავაზობთ „ესპანიოლის“ მიერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრის რეტროსპექტივას.
2004–2005 წწ.–ების სეზონი : "მადრიდის რეალი" - "ესპანიოლი“ - 4:0.გოლები: ზიდანი 13 (1:0). რაული 30 (2:0). რაული 75 (3:0). გრავესენი 84 (4:0).
„ბალნკოსების“ დამარცხების გამო „ესპანიოლმა“ სრულად აგო პასუხი, ისინი განადგურებულ იქნენ თეთრების მიერ, მათ ერთადერთი შანსიც არ ქონიათ ამ თამაშში.
2005–2006 წწ.–ების სეზონი : "მადრიდის რეალი" - "ესპანიოლი“ - 4:0.გოლები: გუტი 14 (1:0). ზიდანი 43 (2:0). რონალდო 45 (3:0). ზიდანი 51 (4:0).
ისტორია ერთი წლის გასვლის შემდეგ შესაშური სიზუსტით განმეორდა. „ბლანკოსები“ კვლავ დამარცხდნენ გასვლაზე იგივე ანგარიშით 1:0 და იმავე 22–ე ტურში „ესპანიოლი“ კვლავ მიწასთან გაასწორეს. და კვლავ ანგარიშით 4:0, კვლავ „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელის დუბლი, ერთი წლის წინ დუბლი რაულმა გაიფორმა, ეხლა კი–ზიდანმა გააკეთა ანალოგიური.
2006–2007 წწ.–ების სეზონი : "მადრიდის რეალი" - "ესპანიოლი“ - 4:3გოლები: პანდიანი 15 (0:1). პანდიანი 26 (0:2). ვან ნისტელროი 30 (1:2). პანდიანი 34 (1:3). რაული 49 (2:3). რეიესი 57 (3:3).იგუაინი 89 (4:3)
„ესპანიოლმა“ კვლავ 4 გოლი გაუშვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. პირველი ტაიმის ნახევრისთვის ტაბლოზე 1:3 ანგარიში იყო დაფიქსირებული სტუმრების სასარგებლოდ და ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ეს იყო ისტორიის დასასრული , მაგრამ ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. ეს გამოდგა „მადრიდის რეალისთვის“ ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამ შეხვედრამ დიდი გავლენა მოახდინა ლა ლიგის ჩემპიონის ვინაობის გარკვევაზე. ორი ტურის შემდეგ კატალონიურ დერბიში „ესპანიოლმა“ მეზობეთან ფრედ ითამაშა და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვა. ბოლოსდაბოლოს ეს იყო თამაში, როცა იგუაინის მზემ გაიბრწყინა.
2007–2008 წწ.–ების სეზონი : "მადრიდის რეალი" - "ესპანიოლი“ - 2:1გოლები: ვალდო 29 (0:1). იგუაინი 43 (1:1). რაული 72-ე წუთი, თერთმეტმეტრიანი დარტყმა (2:1).
2008–2009 წწ.–ების სეზონი : "მადრიდის რეალი" - "ესპანიოლი“ - 2:2გოლები: ტამუდო 21-ე წთ. თერთმეტმეტრიანი (0:1). რაული 25 (1:1). ლუის გარსია 31 (1:2). რაული 45 (2:2).
ლა ლიგის ფარგლებში „ესპანიოლს“ „ბერნაბეუზე“ სამი ქულა 14 წელია , რაც არ აუღია. სტუმრების ბოლო გამარჯვება თარიღდება 21.04.1996 წლით. 1995–1996 წწ–ების სეზონის 32–ე ტურში „ესპანიოლმა“ „მადრიდის რეალი“ ანგარიშით 1:2 დაამარცხდა.
საერთო ჯამში ამ ორ კლუბს 1929 წლიდან მოყოლებული ჩატარებული აქვთ 151 შეხვედრა, აქედან 86 "მადრიდის რეალმა" მოიგო, 31 მათგანი ფრედ დასრულდა, ხოლო 34–ში კი "ბლანკოსებმა" მარცხი იწვნიეს.