კროოსი;„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა“
ტონი კროოსმა კონტრაქტზე ხელისმოწერის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 2016 წლის 13 ოქტომბერი დასამახსოვრებელი თარიღია, ვინაიდან ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომელიც საოცნებო გახლავთ. მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ და მადრიდში მინიმუმ 2022 წლამდე დავრჩები. ყველას დიდი მადლობა დაფასებისთვის და ნდობისთვის.“
„ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი საყვარელი პოზიცია მოედნის ცენტრში თამაშია, მაგრამ შემისრულებია დაცვითი ფუნქციებიც. სხვადასხვა როლის მორგება პრობლემას არ წარმოადგენს. 2 წლის წინ, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახლდათ, არაერთ პოზიციაზე მოვსინჯე საკუთარი თავი, თუმცა იტალიელი უფრო დაცვითი ფუნქციების შესრულებასა და ზუსტ თამაშს მავალებდა.“
„მოხარული ვარ, რომ კლუბი ჩემზე სერიოზულ გათვლებს აკეთებს და „ბლანკოსის“ ღირსების დამცველი 2022 წლამდე ვიქნები. პრესაში არაერთი უაზრო ჭორი იწერებოდა და იწერება, მაკავშირებდნენ ინგლისს, იტალიას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი მადრიდიდან აბარგების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა.“
„მადრიდში უკვე 2 წელია ვთამაშობ და ესპანურს ვეუფლები. კარგად მესმის თქვენი შეკითხვები, მაგრამ არ მსურს ესპანურად საუბარი, რათა გამოვრიცხო შეცდომები. გერმანული ჩემი მშობლიური ენაა და თავისუფლად ვსაუბრობ. ვფიქრობ, მოვა დრო, როდესაც ესპანური საერთოდ არ გამიჭირდება.“
„მადრიდში გადმოსვლის პირველივე დღიდან დიდი პატივისცემა, დაფასება და სიყვარული ვიგრძენი, რამაც უდიდესი მოტივაცია მომცა. მიხარია, ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრება, ვარჯიში და თამაში. მადრიდის „რეალში“ თამაში ყოველთვის მინდოდა, დიდი ოცნება ამიხდა.“
„იოზილი და ხედირა? მათ წასვლა არჩიეს, ესეიგი მიზეზებიც ჰქონდათ. მე კი იმის თქმა შემიძლია, რომ მადრიდში თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობ.“
„ლა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა. მადრიდის „რეალთან“ ერთად შიდა ჩემპიონატის გარდა ყველაფერი მოვიგე, ახლა კი მსურს, რომ 38 მატჩიანი დიდი მარათონი წარმატებით დავასრულო.“
„დავასრულებ თუ არა კარიერას მადრიდში? ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ნამდვილად არ შემიძლია ზუსტი პასუხის გაცემა. ერთადერთს გეტყვით. მინიმუმ 36 წლამდე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე არ ვიფიქრებ.“
„ლუკა მოდრიჩთან და კაზემიროსთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მგვრის. სამწუხაროდ, ორივე მოთამაშე ტრავმირებულია და ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო იმისათვის, რომ ნახევარდაცვაში პრობლემები არ შეიმქნას. მსურს, ლაზარეთის ფეხბურთელები დროულად დაბრუნდნენ.“
„ვცდილობ, პრესას საერთოდ არ გავეცნო და ნაკლები სისულელე წავიკითხო. როგორ შეიძლება გააკრიტიკო ზინედინ ზიდანი? ლეგენდა, რომელმაც უკვე შეძლო გუნდის კრიზისიდან გამოყვანა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. „ეიბართან“ და რამდენიმე გუნდთან ყაიმი არ ნიშნავს იმას, რომ ფრანგი მწვრთნელი კრიტიკას იმსახურებს.“
„მადრიდი მიყვარს მე, უყვარს ჩემ ოჯახს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განვლილ 2 წელიწადში მივხვდი, რომ „რეალი“ ჩემი ოცნების გუნდია, სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელშეკრულების გახანგრძლივებას ხელი, ჩემი ბედი „ბლანკოსს“ დიდი ხნით დაუკავშირდა.“
„კრიშტიანო რონალდუს ფიზიკური მაჩვენებლები ცხადჰყოფს, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს 40 წლამდე მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. „შვიდიანი“ საოცარ მონაცემებს ფლობს.“
„თითქმის ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგაში ფეხი მოვიკიდე და პროგრესი დავიწყე. მომავალს იმედის თვალით ვუყურებდი და ვთვლიდი, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.“
„მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, მიუხედავად იმისა, რომ სედეგების მხრივ პრობლემები გვქონდა, მაინც ვთვლი, რომ გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია. კოლექტივში საუკეთესო ატმოსფერო სუფევს, ყველას ღრმად სწამს, რომ მომდევნო ტურები წარმატებული იქნება. სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდი სრულად შეიკრა და „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება.“
„ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ოჯახს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემი ადაპტაცია ბრწყინვალედ მოხდა, მაგრამ ოჯახის წევრების აზრი მნიშვნელოვანი იყო. დღეს კმაყოფილი ვარ იმით, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა მადრიდული ცხოვრება მოიწონა და გაითავისა.“
- 13 ოქტომბერი 2016
- 3 825
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.