რამოსი:„ყველაფერს გავიმეტებ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“
სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა...
„მილანის „ბილეთების“ მოპოვება იოლი არ იყო. მერწმუნეთ, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ჯგუფურ ეტაპზე „პსჟ“-სთან ორი მძიმე მატჩი გვქონდა, სხვა შეხვედრებში კი შედარებით ნაკლები დატვირთვა მივიღეთ. იტალიური „რომა“ სოლიდური მეტოქე იყო, მაგრამ ბარიერი იოლად გადავლახეთ, მაგრამ „ვოლფსბურგთან“ უმძიმესი დაპირისპირებების გამართვა მოგვიხდა, რასაც მანუელ პელეგრინის „სიტისთან“ ორმატჩიანი დუელი მოჰყვა. „ბლანკოსმა“ მიმდინარე სეზონში ბევრი რამ გადალახა, იყო პრობლემების კორიანტელი, ტრავმები და ასე შემდეგ. ჩვენ ბრძოლისუნარიანობა გამოვამჟღავნეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.“
„მადრიდის „ატლეტიკოს“ კარგად ვიცნობთ, ვინაიდან მადრიდული დერბი ხშირად იმართება. ლა ლიგაში უდიდესი კონკურენტები ვართ, მაგრამ მეტოქეობამ ჩემპიონთა თასზეც გადმოინაცვლა. სიმეონეს გუნდს პატივს ვცემთ და ვთვლით, რომ ფინალში გასვლა ნამდვილად დამსახურებული შედეგი იყო, მათ არაერთი სერიოზული გუნდი გამოთიშეს ბრძოლას. შეცდომები არ უნდა დავუშვათ, თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ.“
„თუ გამარჯვება უნდა გვსურს, გაცილებით უფრო მეტი უნდა გავიღოთ, ვიდრე ოდესმე გაგვიღია. მერწმუნეთ, ყველაფერს მივცემ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ეს ტიტული ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რომ გუნდს პირველობა ძალუძს. საჭიროა დაცვის ხაზის სწორხაზოვანი თამაში და შეტევითი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.“
„2014 წლის ფინალთან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით ვართ, თუ არა შარშანწინდელი დონის გუნდი. მთავარი ის არის, რომ კოლექტივში შენარჩუნებულია ბალანსი, რაც უმთავრესია. ასევე გვაქვს უდიდესი მოტივაცია და შემართება. ლა ლიგაში ბოლო ტურამდე ვიბრძოლეთ, თუმცა არ გაგვიმართლა. ერთი რამ ფაქტია, მადრიდის „რეალი“ სეზონის ბოლოს საოცარ ფორმაში იმყოფება და ყველა თამაშში გამარჯვებისთვის განსაკუთრებით იბრძვის.“
„ბაბუა და მამა ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ოპტიმიზმი ბოლომდე უნდა შემენარჩუნებინა. თუ ფეხბურთელი ხარ არასდროს უნდა დანებდე, ვინაიდან ნებისმიერ წამს შეიძლება გოლის გატანა და ყველაფრის შემოტრიალება.“
„მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ, ჩვენი შანსი მინიმალური იყო, მაგრამ ბურთი ჩემი მიმართულებით წამოვიდა, მთელი ძალით დავარტყი და გავიტანე. ეს იყო აუღწერელი გრძნობა, პირველ რიგში წარმოვიდგინე კადრი, რომელიც მადრიდისტების ფან-კლუბებში განვითარდებოდა. ეს იყო ნამდვილი საოცრება.“
„შარშანწინ კაპიტანი იკერი იყო, ახლა კი ეს საპატიო წოდება მე გადმომეცა. კაპიტნობა დიდ სიხარულთან პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მე უნდა ვიყო მაგალითი, ვინაიდან წარმოვადგენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ამ რანგში ლიგის მოგებას შევძლებ.“
„მოიგებს თუ არა მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას, ფაქტი ფაქტად დარჩება. ეს კლუბი არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ბრწყინავს. ეს არის კოლექტივი, რომელში მოხვედრასაც მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა. ეს მადრიდის „რეალია“, სადაც ყველაფერი განსხვავებულია.“
„ზინედინ ზიდანი შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. ფრანგმა გუნდში ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. შევიძინეთ მეტი ოპტიმიზმი, მოგვეცა მეტი ძალა, შემართება, მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა. ზიზუ მთელი მატჩის მანძილზე უდიდესი ჩართულობით გამოირჩევა, მან იცის როგორ მართოს კლუბი. ვიმედოვნებ, ზინედინთან ერთად არაერთი ტიტულის მომსწრე გავხდები. ეს ადამიანი ნამდვილად საოცარია, ვინაიდან განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს. ფრანგ ლეგენდას პატივს ვცემ და ვამაყობ, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მქონდა.“
„კრიშტიანო რონალდუ ყველასთვის მისაბაძი ფეხბურთელია. ადამიანი, რომელიც უკვე სეზონია 50 გოლზე მეტს იტანს, ადამიანი, რომლისთვის ფეხბურთი და კარგ ფორმაში ყოფნა ცხოვრების კრედოა. პორტუგალიელის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ეს არის ფუფუნება, რომელიც მადრიდულ გუნდს ხვდა წილად.“
- 21 მაი 2016
- 4 516
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.