ზიდანი:„რონალდუ მზად არის, კარიმი არა“
ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი მზად არის. უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე წუთიდან ითამაშებს კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც დაზიანება მოირჩინა და ინგლისელთა წინააღმდეგ საბრძოლველად მზად არის. იგივეს ვერ ვიტყვი კარიმ ბენზემაზე, მისი თამაში დიდი რისკის შემცველია, ამიტომ თავის შეკავება სჯობს.“
„ხვალ დავინახავთ, რამდენად კარგ ფორმაშია რონი, მაგრამ ფიზიკურად ის 100%-ით მზადაა.“
„კაზემირო არის კაზემირო. ბრაზილიელი მართლაც დიდ დახმარებას გვიწევს, მაგრამ კლუბში არიან მოთამაშეები, რომლებსაც მისი ჩანაცვლება შეუძლიათ. რესურსი საკმაოდ დიდია.“
„კაზეს ტკივილები აქვს, აქედან გამომდინარე თამაში გაუჭირდება.“
„მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულნი, ვინაიდან სხვა შედეგი ხელს არ გვაძლევს. ვიცით, რომ პელეგრინის გუნდის დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდება, ბოლომდე ვიბრძოლებთ. „ბლანკოსს“ ჯერ-ჯერობით არაფერი მოუგია, ამიტომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.“
„ურთულეს დაპირისპირებას ველოდები. „სიტი“ კარგი გუნდია, რომელსაც დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი აქვს. პელეგრინის ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინგლისელთა წინა ხაზი, რომელიც ძალიან სახიფათოა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მე-15 წუთზე 2 გოლი გვექნება გატანილი, როგორც „ვოლფსბურგთან“, მაგრამ ვეცდებით, რომ ნაყოფიერად ვიასპარეზოთ.“
„კლაუდიო რანიერი ბრწყინვალე სპეციალისტია. მსურს „ლესტერს“ ჩემპიონობა მივულოცო. მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან მთელი სეზონის მანძილზე ეს კლუბი ამტკიცებდა, რომ ჩემპიონობას იმსახურებდა. „ლესტერმა“ ყველა პაექრობაში აჩვენა, რომ სხვა გუნდებზე უკეთ იყო მომზადებული. დიდმა მოტივაციამ და მონდომებაც შედეგი გამოიღო.“
„სქემა არ შეიცვლება. „რეალი“ 4-3-3 ტაქტიკას არ უღალატებს.“
„წარმატების გასაღებს 90 წუთის მანძილზე ინტენსიურ თამაშში ვხედავ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ, მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ.“
„ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ მათი მხრიდან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება და ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ.“
„მანჩესტერელებს აგუეროს სახით ნამდვილი ლიდერი ჰყავთ. არგენტინელი წინახაზელი ხშირად ახერხებს გოლის გატანას და გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას. კუნთან ყურადღებით თამაში მოგვიწევს.“
„როდესაც „რეალის“ მწვრთნელი ხარ, დიდი ვალდებულებები გაქვს. ცხადია, ჩემპიონობა მსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ფეხბურთელთელებთან ყოველდღიური მუშაობა მარწმუნებს, რომ წარმატებაზე ფიქრი შეგვიძლია.“
„ინგლისში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვების შანსიც გვქონდა. ვეცდებით, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და უფრო ზუსტები ვიყოთ. პელეგრინის გუნდს საშინაო არენაზე ვმასპინძლობთ, ბერნაბეუზე კი „რეალი“ ყოველთვის ფავორიტია. გუნდის მიზანი მილანის საგზურის მოპოვებაა.“
„ტონი კროოსი უნივერსალია. გერმანელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის ნებისმიერ რგოლში შეუძლია თამაში, რაც მას გაცილებით უფრო ძლიერს ხდის.“
„ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებაზე ნამდვილად არ ვმუშაობ, ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ. მეტოქე მანჩესტერ „სიტია“, სასწორზე კი ფინალის საგზური დევს, ამიტომ ყველაფერი ნათელია.“
„კრიშტიანოს დაბრუნებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეჭვი არ მეპარება, ის მაღალ დონეზე ითამაშებს.“
- 3 მაი 2016
- 6 867
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.