„რეალი“ ზაფხულში 8 ფეხბურთელს გაუშვებს
ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ დიდ წმენდას გეგმავს. ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზაფხულში კლუბს 8 ფეხბურთელი დატოვებს...
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში მადრიდიდან ალვარო არბელოა აიბარგება. ესპანელი ფეხბურთელი ზიზუს ნდობით არ სარგებლობს.
კლუბიდან ასევე წავა ლუკას ვასკესიც, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება, მაგრამ „ბლანკოსში“ არსებულ კონკურენციას ვერ უძლებს.
ამასთანავე ვრცელდება ხმები, რომ ბრაზილიელი კაზემიროს მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კოლექტივს აუცილებლად დატოვებს დენის ჩერიშევიც, რომელიც იჯარის წესით „ვალენსიაში“ გადაბარგდა, მაგრამ 30 ივნისს კვლავ „ბლანკოსის“ განკარგულებაში იქნება, თუმცა ცოტა ხნით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლივერპულის“ მხრიდან სოლიდური წინადადების მიღების შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი ხესე როდრიგესსაც შეელევა.
მეექვსე ფეხბურთელი კარის დარაჯი კიკო კასილიაა, რომელსაც ზიდანი პატივს სცემს. ფრანგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ კასილია სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად ძალიან ცოდოა, ამიტომ კარიერა სხვა კლუბში უნდა გააგრძელოს. ამას ემატება დავიდ დე ხეას ფაქტორიც, რომლის „მერენგების“ რიგებში გადასვლის შანსი ძალიან დიდია.
კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომლის მადრიდული მომავალიც ბუნდოვანია ლუკას სილვა გახლავთ, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან სერიოზული პრობლემები აქვს. ივნისში სილვა „რეალში“ დაბრუნდება, მაგრამ მას გაშვებას უწინასწარმეტყველებენ.
და ბოლოს. ალვარო მორატა, ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის სერია „ა“-ში ფეხი იდეალურად მოიკიდა და მადრიდში დაბრუნებას არ ჩქარობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანელის საკონტრაქტო უფლებებს „რეალი“ ზაფხულში სრულად გაყიდის.
- 12 თებერვალი 2016
- 8 934
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.