სად იქნება უმჯობესი დავიდ ვილიასთვის?
ის შეიძლება გახდეს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, მას შეუძლია დაიპყროს მსოფლიო მიუხედავად იმისა, თუ სად გადავა.
გაგანია (ბოდიში ჟარგონისთვის ავტ. შველა) მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, ხალხი იმას ცდილობს, თუ როგორ შეინახონ ფული, როგორ მოახერხონ ფულის დღევანდელი ღირებულების მომავალში გადატანა , თუ როგორ შეუნარჩუნონ ფულს ლიკვიდურობა. ხალხი ცდილობს მაინც , ამის პარალელურად კი ბანკები და სხვადასხვა მსხვილი თუ “მცირე” კორპორაციები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებიან, ამ დროს რა ხდება ? გამოჩნდა ვიღაც “Dream Team”-ის შექმნის მანიით შეპყრობილი “ავადმყოფი” (კარგი გაგებით) და ფულს “ფლანგავს“, “ფლანგვა” ყველამ ვიცით რაცაა , მაგრამ “ჭკვიანურად ფლანგვა” ბევრმა შეიძლება არც იცოდეს . “არ ცოდნა არ ცოდვაა”-ო უთქვამს ჩვენზე ჭკვიანს. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არაა იმაში რომ არ იცით თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი. არ იცით ? მისი მნიშვნელობის გასგებად შეგიძლიათ შეხედოთ თუ რას შვება ფლორენტინო პერესი.
თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთს ყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან სამუელ ეტო’ო , ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი ფრენკ რიბერი , დავიდ ვილია,ემანუელ ადებაიორი, კარიმ ბენზემა, დიეგო, კრიშტიანო რონალდუ და კაკა , ეს ის ფეხბურთელებია, რომელთა გარშემოც ყოველთვის არსებობს ხმები იმის შესახებ, რომ ისინი კლუბს , სადაც თამაშობენ დატოვებენ. ეგ არაფერი , გაიგეს რა ჟურნალ-გაზეთებმა , რომ ფლორენტინო პერესი მადრიდის რეალის პრეზიდენტობას აპირებდა, თითოეული ამათგანის მომავალი (რა თქმა უნდა ლიონელ მესის გარდა , მაგრამ აღსანიშნავია, რომ მასზეც იყო ჭორები გავრცელებული , მაგრამ ეს ის ჭორი იყო, რომელიც სიმართლესგან ძალიან შორს იყო.) მადრიდის რეალს დაუკაშირეს, მაგრამ ეს ისაა, რაც არამარტო ფლორენტინო პერესს, არამედ მთელ მადრიდის რეალსაც არ შეუძლია.
ფლორენტინოს შეძლება კი ვნახეთ მაშინ, როცა ამ სათვალიანმა მშენებელმა “სულ რაღაც” 136 მლნ. ფუნტ სტერლინგად შეიძინა კაკა და რონალდუ, მან ამით თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა. ამის შედეგად კი დღეს მივიღეთ ის, რომ ყველა თანამედროების ვარსკვლავები, რომლებსაც ასე თუ ისე რაღაც პოტენციალი გააჩნიათ , მაინც მადრიდის რეალში გადასვლასთან არიან დაკავშირებულნი , მივიღეთ ის, რომ საფეხბურთო ბაზარზე ცეცხლის ფასებია, მივიღეთ ის, რომ ყველა ითხოვს პერესისეული ფულის წარმომავლობის დადგენას (ნათქვამია “ვითარცა ჟანგი შესჭამს რკინასა, ასევე შური ჭამს სულსა”-ო და ამიტომ გასაკვირი არაფერი არაა). დღეისთვის კი ყველაზე მეტი პოტენციალი გასაყიდად გამოტანილ ფეხბურთელებს შორის აქვს დავიდ ვილიას (რა თქმა უნდა თავის პოზიციაზე), იგი შესანიშნავ ფორმაშია და ვალენსიასთვის ნამდვილი მხსნელი ანგელოზია, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 46 თამაშში 30 გოლი აქვს გატანილი-შეუდარებელი სტატისტიკაა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვალენსიას უწევს მისი გაყიდვა , უწევს ზემოთხსნებული დასაწვავი(დასაწვავი მათთვის თორემ მადრიდის რეალი ამით მშვენივრად ისარგებლებს თუ ვილიას კლუბში გადმოიყვანს) კრიზისის გამო.
მადრიდის რეალი იყო და არის მისი დიდი ხნის ოცნება, ბევრი ფიქრობდა , მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ რაც ამ უკაბასკნელმა სამართლიანად “აახია” მადრიდის რეალის კაპიტანს რაულ გონსალეს ბლანკოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 7 ნომრიანი მაისური , იგი ანალოგიურ მადრიდის რეალშიც გაიმეორებდა . ეს კი ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ ლეგენდარული კაპიტნის მზე ნელ-ნელა ესვენება , გადის დრო , როცა შვიდი ნორმიანი მაისურით მოთამაშის გამოჩენა მადრიდის რეალის შემადგენლობაში შიშს იწვევდა მეტოქეებში და უკვე დროა, რომ ლეგენდამ ახალ თაობას დაუთმოს ადგილი. ბევრი ექსპერტი ფეხბურთის დარგში რაულის შემცვლელად მადრიდის რეალში სწორედ ვილიას ასახელებს.
ეს არავის ბრალი არ იქნება (ვგულისხმობ მადრიდის რეალს), თუ არა საკუთარი თავის, თუ ბარსელონამ მოახერხა და დავიდ ვილია საკუთარ რიგებში გადაიბირა . ისინი ამ დღეებში ბოლო მსურველების როლში გვევლინებიან, ისე გამოდის თითქოსდა ბარსელონა ჩასაფრებული იყო და ელოდა მომენტს, როცა რეალსა და ვალენსიას შორის მოლაპარაკებები “ჩიხში შევიდოდა”. ამით ლაპორტას თითქოსდა სურს თქვას, რომ საფეხბურთო ბაზარზე წამყვან ფიგურად ტრანსფერების განხორციელებაში მარტო ფლორენტინო პერესი არ გვევლინება , მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ბარსელონას ვილიას ყიდვა ძირითადად არასტაბილურობით გამორჩეული სამუელ ეტო’ოს ჩასანაცვლებლად სურთ.
ვილიას შეუძლია იმ ყველაფრის შემოთავაზება , რასაც ეტო’ო თავაზობდა ბარსელონას ფანებს და პლიუს ამას უფრო კარგი ტექნიკა და გოლის საოცარი ალღო. ამბობენ, რომ მანამ სანამ კამპ ნოუზე ფეხბურთი განაგრძობს განვითარებას , იქმადე მარტო დავიდ ვილიას დამხარებით ბარსელონას არ შეუძლია ყველა “პრობლემის” დაძლევა, ვინაიდან ის არაა პიპო ინძაგი და ჰენრიკ ლარსონი, რომლებსაც ბოლო წუთებზე იმდენი უმნიშვნელოვანესი გოლები აქვთ გატანილი, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ვილიასადმი ინტერესი მარტო ესპანეთში როდი იწყება ან მარტო მანდ როდი მთავრდება. მან ერთხელ გააკეთა საჯარო განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მას მოსწონდა ის ფეხბურთის სტილი, რომელსაც არსენალი თამაშობდა, რამაც მაშინვე ააგორმა ხმები იმის შესახებ, თითქოსდა არსენ ვენგერი ეურო 2008-ის მერე ვილიას საკუთარ კლუბში გადაიყვანდა, მაგრამ არა, ასე არ მოხდა.
მას შემდეგ,რ აც ფერნანდო ტორესმა ხელი მოაწერა ლივერპულთან კონტრაქტს, გულშემატკივრები მოელოდნენ, რომ ენფილდზე კიდევ ერთი ესპანელი გამოჩნდებოდა და ყველაზე სასურველი კანდიდატი, რა თქმა უნდა დავიდ ვილია იყო. როცა ეს უკანასკნელიც ჭორი აღმოჩნდა , ვილიას ბედი ეხლა უკვე მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს. ეს განსაკუთრებით იმის მერე ,რაც მანჩესტერმა რონალდუ გაუშვა, ხოლო ვილია კი შესანიშნავი კანდიდატი იყო გამხდარიყო კლუბის ახალი CR7.
მიუხედავად ყველა გავრცელებული ხმებისა, უკვე ნათელია, რომ ვილიასთვის ბრძოლა მხოლოდ ორ კლუბს შორის მიმდინარეობს და მიუხედავად მისი დიდი სურვილისა ვალენსიაში დარჩენის შესახებ, კაკას მსგავსად, ფინანსური კრიზისის გამო , კლუბს მოუწევს მისი გაყიდვა , ხოლო ფეხბურთელს კი განცხადებიდან გამომდინარე, თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს.
ყველას , როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მიიჩნია, რომ ვილიას კაკას მსგავსად მხოლოდ მადრიდის რეალი უნდა. თუ გავითვალისწინებთ ფლორენტინო პერესის ბოლო განცხადებას იმის შესახებ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, მაშინ მგონი ყველაფერიც ნათელი ხდება, მაგრამ ფეხბურთი მაინც სურპრიზებითაა სავსე და არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხვალ ვილიამ განაცხადოს მისი ბარსელონაში გადასვლის შესახებ. ამიტომ ყველაფერი ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებისას გაირკვევა, მანამდე კი მხოლოდ ხმები და ჭორები მის გადასვლა - არგადასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც , უმნიშვნელოვანესი კითხვა: “სად გადასვლა აჯობებდა ვილიასთვის?” ეს ისეთი ტიპის კითხვაა , რომელზეც ეხლა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება , დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- 2 ივლისი 2009
- 2 601
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.