მშვიდობით ჩემო ბავშვობის კუმირო!
ესპანეთის დედაქალაქი იდღეს არც ბლანკოა (თეთრი) და არც როხი-ბლანკო (წითელი და თეთრი). დღეს მადრიდი შავია!
ამის მიზეზი არც ამინდია, არც მზის და მთვარის დაბნელება ან და ესპანეთის მეფის გარდაცვალება. უბრალოდ დღეს იკერ კასილასმა მშობლიური კლუბი დატოვა, თან დატოვა ისე, რომ ბოლოს ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა მას აპლოდისმენტების ნაცვლად უწყვეტი სტვენა მიუძღვნეს. ალბათ მაშინ არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ ლეგენდარული კაპიტანი (როგორც სამეფო კლუბის, ისე ესპანეთის ეროვნუილი ნაკრების), სულ მალე სხვა კლუბის ფორმას მოირგებდა.
უცებ გამახსენდა რომაელი გენერლის ამბავი, რომელიც შინ ტრიუმფით ბრუნდებოდა და ხიბლში შესული თავს იწონებდა რომაელების წინაშე. მოულოდნელად ერთ-ერთმა მონამ მისი მიმართულებით ჩონჩხის თავი ისროლა და მიაძახა “memento mori” (გახსოვდეს სიკვდილის შესახებ). ეს იყო შეხსენება იმისათვის, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია და არავინ იცხოვრებს სამუდამოდ. საფეხბურთო კარიერა კიდევ უფრო ხანმოკლეა, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანის სიცოცხლე.
2010 წელს კასილასმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აღმართა, თან აღმართა ღირსეულად. ის იყო იმ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და საყრდენი. მაშინ არავინ იფიქრებდა, რომ სულ რაღაც 5 წელში, სან-იკერი დასამარებული ოცნებების ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებოდა. ამაში კი წვლილი არა მხოლოდ კლუბის ადმინისტრაციას, არამედ თითოეულ მადრიდისტას მიუძღვის, რომელსაც იკერისთვის დაუსტვენია, ან უთქვამს: „ეს ის იკერი აღარ არის“. იმათაც, ვინც ხმამაღლა ამის თქმა ვერ გაბედა და გულში გაივლო.
კარში ვინც მდგარა, ყველას კარგად ესმის, თუ რამდენს ნიშნავს, როდესაც გენდობიან და შენი იმედი აქვთ. მეკარე ფსიქოლოგიურად თუ მზად არ არის, რთულია მან ისე ითამაშოს, როგორც შეუძლია. თავდამსხმელის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით სხვანაირად არის, შესაძლოა მან მომენტი ვერ გამოიყენოს, მაგრამ მისი შეცდომის გამო გოლი იშვიათად გადის კარში. იკერის მიმართ სამწუხაროდ ნდობა ამოიწურა და მის თვალებში ის ცეცხლი ჩაქვრა, რომელიც 2002 წლის ფინალში ენთო და ბურთს ბურთზე იგერიებდა. ბერძნულ მითოლოგიაში, როდესაც ღმერთების მიმართ ადამიანებს რწმენა ეკარგებათ, ისინი სუსტდებიან და კვდებიან. როგორც აღმოჩნდა სამეფო კლუბშიც ასეა, ბლანკოსის მფარველი წმინდანის მიმართ გულშემატკივრებმა დაკარგეს რწმენა და მოკლეს. არა ტყვია მისთვის არავის უსვრია, მაგრამ გულგრილობა ხომ ტყვიაზე სახიფათოა?!
რეალი ისევ შერცხვა, იეროს, რედონდოს, რაულის და გუტის, შემდეგ კიდევ ერთი გვირგვინ-მოხსნილი კაპიტანი ტოვებს დედაქალაქს. მორიგი დიდი შავი ლაქა მადრიდელთა თეთრ მაისურსე (ჩამონათვალს შეგვიძლია მივამატოთ დელ ბოსკე და ანჩელოტიც).
ფლორენტინო პერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მმართველობა/მენეჯმენტი სრულად კომერციულ მოგებაზე არის აგებული და ფეხბურთელებს მისთვის მხოლოდ ფულადი ღირებულება გააჩნია. სამწუხაროდ რაც ასაკი ემატება მოთამაშეს მისი საბაზრო ღირებულება კლებულობს, კლებულობს ნდობა პერესისგანაც.
ახლა კი მიწევს მშვიდობა ვუთხრა ფეხბურთელს, რომელიც 2002 წლის ფინალიდან ჩემი კუმირია. მაშინ სულ რაღაც 11 წლის ასაკში აბრდღვიალებული თვალებით ვგულშემატკივრობდი მადრიდის რეალს, კარში ცეზარი იდგა, რომელიც 58-ე წუთზე დაშავდა და იგი იკერ კასილასმა შეცვალა. მაშინ ჯერ კიდევ 21 წლის, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილმა კიპერმა სასწაული ბურთების აღება მოახერხა, მახსოვს როგორი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმ სეივების შესრულება, რასაც კასილასი იმ მატჩში აკეთებდა. სხვა დანარჩენებთან ერთად სწორედ სან-იკერმა შემაყვარა სამეფო კლუბი.
ფლორენტინო პერესმა კი საბოლოოდ ამაღებინა ჩემი საყვარელი კლუბის გულშემატკივრობაზე ხელი. შეიძლება შემომედავოთ მადრიდის რეალი ერთ ადამიანზე უფრო მეტიაო, მაგრამ სანამ "პრარაბი" პერესი, სამეფო კლუბს ისე უყურებს, როგორც საკუთარ სამშენებლო ბიზნესს, იქამდე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ანტიმადრიდისტა, არა უკაცრავად, ანტიპერესისტა ვიქნები! ბლანკოსი არ არის ერთი ადამიანის საკუთრება, ის ხალხს ეკუთვნის, არა მხოლოდ ესპანელ ხალხს, არამედ ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს მსოფლიოში, რომელიც რეალს გულშემატკივრობს. მე დღეს ჩემი წილი წამართვეს, დაუკითხავად, მოურიდებლად, თავხედურად. ამის პატიება მე აღარ შეიძლება!
Adios Iker! Adios San-Iker! Adios El-Capitano!
შენ! შენ კი ფლორენტინო, გახსოვდეს: "memento mori!”
- 12 ივლისი 2015
- 18 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.