კროოსი:"შესანიშნავ გზაზე ვდგავარ, წარმატება, წარმატება, წარმატება..."
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
"ცხადია, 2014 წელი შესანიშნავი იყო. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა მოვიგე, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე და განვიცადე ემოციები, რომელიც საოცნებო იყო. ამ ყველაფერს მოჰყვა ტრანსფერი მადრიდის "რეალში", ახალი გარემო, ადაპტაცია, ახალი გამოწვევები, რომელიც თამამად მივიღე."
"მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევით ახლაც ძალიან გახარებული ვარ, ჩვენი ნაკრების ახლანდელი თაობა ისტორიაში შევიდა. მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით დავამმარცხეთ, შემდეგ კი ფინალში ვიმარჯვეთ."
"ეჭვგარეშეა, ფსიქოლოგიური სიძლიერე ფეხბურთში დიდ როლს თამაშობს. აუცილებელია ყველაფერს მშვიდად შეხედო და შენს თავზე იმუშავო, სხვაგვარად მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგები."
"ყველა მატჩს აუღელვებლად ვხვდები. ნერვიულობას არასდროს მოაქვს შედეგი. აუცილებელი სიტუაციის სწორი შეფასება და მობილიზება გახლავთ. ვგონებ, შეგნებული ადამიანი ვარ და რეალობას ზუსტად აღვიქვამ, ვცდილობ საკუთარ თავთან ბევრი ვიმუშაო და თამაშიდან თამაშამდე გავუმჯობესდე. ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ სპორტული მწვერვალების დაპყრობაა."
"გერმანიის ეროვნულ ნაკრებზე დიდი ზეწოლა მოდიოდა, რადგან ჩვენ აშკარად გვქონდა ოქროს მედლის მოპოვების საშუალება. ლიოვმა ბრწყინვალე გუნდი დააყენა, რომელიც უკვე წლების მანძილზე თამაშობს მაღალ დონეზე. ესპანეთთან ერაერთხელ განვიცადეთ ფიასკო, მაგრამ გუნდი არ დანებებულა, შენების პროცესმა შესანიშნავად ჩაიარა. 10 წლის შემდეგ უკვე ვეტერანი ვიქნები. იმედი მაქვს, ამ დროის მანძილზე არაერთ ტიტულს მოვიგებ როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე."
"გუნდური სულისკვეთება ჩემთვის და ეროვნული გუნდისთვის მთავარი იყო. ვიცოდი, რომ შეგვეძლო ბრაზილიაში გამარჯვება, საკუთარი ძალები უნდა ირწმუნო და ბრძოლა არ შეწყვიტო. ბუნდესნაკრების წინააღმდეგ ყველა დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ მოგება უფრო რთული ხდება, დამატებითი გზების მოძიებაა საჭირო."
"როდესაც ლიდერს მიწოდებენ არ მიყვარს, რადგან დამატებით პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თუმცა სიამაყით ვივსები. როგორც "რეალში", ასევე საკუთარ ქვეყანაში მაქსიმალურად ვიხარჯები პროდუქტიულად თამაშისთვის."
"ფინალი არასდროს დამავიწყდება. ექს მადრიდელი გონსალო იგუაინი შეუდარებელი იყო, მან არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია და გოლების გატანაც შეეძლო. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა."
"სამეფო კლუბში პოზიცია აშკარად შემეცვალა. მიუნხენში შეტევაში ხშირად ვერთვებოდი, ახლა კი მცველებს უფრო ვეხმარები, ვიდრე წინახაზელებს. კარლო ანჩელოტიმ სწორედ იქ მიმიჩინა ადგილი, სადაც საჭიროდ მიაჩნდა. ამ ეტაპზე სრულად ადაპტირებული ვარ. ვიცი რა არის მადრიდული რიტმი და მიყვარს საკუთარი საქმის კეთება. გამოწვევა, სახელად "ბლანკოსი" უკვე მიღებულია, ახლა კი ტიტულების მოგების დრო მოვიდა. ჯერ პირველ სეზონს ვატარებ, თუმცა ამბიცია ყოველთვის მექნება."
"ესპანეთის დედაქალაქში ბალანსის შენარჩუნებას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ექსტრა-კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც შეტევაში პროდუქტიულად თამაშობენ, დღევანდელ ფეხბურთში კი კონტრ-შეტევა ყოველთვის ძალიან სახიფათოა, ამიტომ ნახევარდაცვის უკანა რგოლში ყურადღებაა საჭირო."
"როდესაც მადრიდში გადმოვედი ვიფიქრე, რომ დიდი ხანი დამჭირდებოდა შესაგუებლად, მაგრამ ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა. ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, არაერთხელ განვაცხადე, რომ "ბაიერნსა" და "ბლანკოსს" შორის დიდი სხვაობა არ არის, მოთხოვნები და სიმკაცრე ორივე მხარეს ანალოგიურია. დედაქალაქში ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, ენობრივი ბარიერიც ნელ-ნელა გვარდება, ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. ანჩელოტის ტემპში თამაში უყვარს, ანალოგიურისკენ მაქვს მიდრეკილება მეც, ამიტომ გაუგებრობა არ არსებობს."
"მადრიდის "რეალს" განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს, "ინჩასებმა" მხარში დგომა იციან, მაგრამ ამასთანავე მომთხოვნებიც არიან. ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე, სხვაგვარად გამაყრუებელ სტვენას გაიგებ, მაგრამ როგორც კი კარგად ითამაშებ ოვაციები არ დაგაკლდება, სწორედ ეს არის "ბლანკოსში" არსებული არაორდინალური ვითარება და გარემო."
- 2 მარტი 2015
- 3 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.