"ის არ არის ამის ღირსი!"
გარდა იმისა, რომ მადრიდის "რეალი" საკუთარ კედლებში დამარცხდა, ამას ემატება ის საშინელი ფაქტიც, რომ სამეფო კლუბის კაპიტანს თამაშის განმავლობაში არა ერთხელ დაუსტვინეს.
დავიწყებ იმით, რომ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ის გარემოება, რომ ჩვენი საყვარელი კლუბი უკვე მეორე თამაშია მარცხდება. ისიც გასაგებია, რომ მადრიდის "რეალის" ქომაგებს ყოველთვის დიდი ამბიციები გვექნება, მაშინაც კი, როდესაც გუნდი არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია. დიახ, მოდით თვალი გავუსწოროთ იმ მწარე სიმართლეს, რომელსაც "არადამაჯერებელი თამაში" ჰქვია.
რთულია, როდესაც კლუბს ტოვებს ორი, ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და გუნდი სრულიად ახალ ფეხბურთელებზე იწყებს გადაწყობას. გასაგებია, რომ ტონი კროოსიც და ხამეს როდრიგესიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან (სხვაგვარად "რეალში" ვერ მოხვდებოდნენ), მაგრამ მათ, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ მოთამაშეს, სჭირდებათ სათამაშო დრო, რათა გუნდს შეეწყონ და მის ნაწილად იქცნენ. გავიხსენოთ თუნდაც გარეთ ბეილი, რომელმაც საკმაოდ ცუდად დაიწყო "ბლანკოსში" ასპარეზობა და ბევრიც ამბობდა, რომ მასში ტყუილად გადავიხადეთ "100 მილიონი", თუმცა მალევე დავრწმუნდით, რომ ეს ასე არ იყო და ბეილმა თავისი სათქმელი "კოპასა" და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თქვა.
ახლა კი რაც შეეხება იკერ კასილასს. სტატიის სათაურიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ თემას შევეხო. მესმის, რომ ჩვენი "წმინდა იკერი" არ არის ისეთ საოცარ ფორმაში, როგორიც წლების წინ და ჩვენც, მის ბრწყინვალე თამაშს შეჩვეულნი, ვერ ვეგუებით იმ შეცდომებს, რომლებსაც უკვე მერამდენედ უშვებს ჩვენი კაპიტანი და ამიტომ ხანდახან მის მიმართ გადავაჭარბებთ–ხოლმე. კერძოდ კი ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ უკვე მერამდენედ იკერ კასილასს "ბერნაბეუზე" დაუსტვინეს! და რისთვის ? იმისთვის, რომ გუნდის დაცვა საშინელ ფორმაშია ? იმისთის, რომ ნახევარდაცვა ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის ? თუ იმისთვის, რომ შეტევაში, თავად ფეხბურთელებიც ვერ გაერკვნენ, რა ხდება ? გასაგებია, რომ არ არის სასიამოვნო მარცხი, განსაკუთრებით კი მადრიდელ მტერთან– "ატლეტიკოსთან", მაგრამ პირადად მე ვერაფერში დავადანაშაულებ იკერს. და აქვე გეტყვით, რომ რაც არ უნდა საშინლად ითამაშოს მან და რაც არ უნდა უამრავი შეცდომა დაუშვას, მადრიდის "რეალის" არც ერთ ქომაგს არ აქვს უფლება დაუსტვინოს მას– ადამიანს, რომელმაც არა ერთხელ იხსნა გუნდი მარცხისგან და არა ერთი ბედნიერი წუთი გვაჩუქა. ის იყო, არის და მუდამ დარჩება ის გენიალური მეკარე, ის საოცარი პიროვნება და ბრწყინვალე კაპიტანი. ის ხომ ჩვენი იკერ კასილასია და ის ამის ღირსი არ არის!
- 14 სექტემბერი 2014
- 1 705
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.