კროოსი: ""რეალში" თამაში დიდი გამოწვევაა"
მადრიდის რეალის ახალწვეულმა ტონი კროოსმა, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის საიტთან ჩაწერა ინტერვიუ.
"ახალ კლუბზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყე, რაც ბაიერნთან შეთანხმებას ვერ მივაღწიე. მიუნხენური კლუბი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. მას შემდეგ, რაც კონტრაქტის პირობებზე ვერ შევუთანხმდი მშობლიურ კლუბს, გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევების დრო დადგა. მითუმეტეს, ჩემი შეძენით ძალიან ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული. მსოფლიო ჩემპიონობამ კი აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარა."
"მინდა აღვნიშნო, რომ ბაიერნი იმის გამო არ დამიტოვებია, რომ თავს დაუფასებლად ვგრძნობდი, პირიქით მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ნაწილი ვიყავი, სადაც დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ. მინდა ყურადღება გავამახვილო პეპ გვარდიოლასა და მატიას სამერზე, ისინი ძალიან დიდ ნდობას მიცხადებდნენ. გულშემატკივრებზე ლაპარაკი კი ზედმეტია, მათგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი."
"რაც შეეხება მადრიდის რეალს, ჩემს კარიერაში ეს კლუბი ახალ გამოწვევას წარმოადგენს. მსოფლიოში ყველამ იცის ბლანკოსის შესახებ და მისი ფეხბურთელები ყოველთვის დიდ ზეწოლას განიცდიან. ჩემს პრეზენტაციას ათასობით გულშემატკივარი დაესწრო. მათ რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ისინი შეძახილებით და მილოცვებით მამხნევებდნენ. ასეთი რამ არასოდეს მინახავს."
"დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ კრიშტიანო რონალდოს, რამოსისა და ხედირას გვერდით."
"ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა არავის მოუგია, სწორედ ამიტომ აპირებს რეალი კიდევ უფრო გაძლიერებას. მე ჩემი მხრიდან ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და დავეხმარო გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში."
- 21 ივლისი 2014
- 2 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.