104 გატანილი გოლიდან 63 BBC-ზე მოდის
მადრიდის "რეალის" შემტევი ტრიო, "BBC" აქტუალურობას არ კარგავს, მათ წლევანდელი ლა ლიგის სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარეს, თუმცა ჩემპიონები ვერ გახდნენ...
კარლო ანჩელოტის კლუბმა ლა ლიგის წლევანდელი გათამაშების 38 პაექრობაში 104-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, აქედან 63 გოლი კი შემტევ ტრიოზე კარიმ ბენზემას, კრიშტიანო რონალდუსა და გარეთ ბეილის შემადგენლობით მოდის.
გამოდის, რომ გოლების ნახევარზე მეტი სწორედ სამმა შემტევმა გაიტანა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ეფექტურ თამაშზე.
ყველაზე მეტი გოლი რაღა თქმა უნდა კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზე გახლავთ, მან 31-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დამწუხრება, შემდეგ მოდის კარიმ ბენზემა, რომლის ანგარიშზეც 17 ბურთია, გარეთ ბეილი კი 15 გოლით შემოიფარგლა და ფრანგ ფორვარდს ორით ჩამორჩა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე ტრიოს ფეხბურთელთა გარდა ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ახალგაზრდა "კანტერანო" ალვარო მორატაა, რომლის ანგარიშზეც 8 გოლი გახლავთ მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს მოედანზე მხოლოდ 559 წუთი აქვს გატარებული.
მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ალვაროს შედეგი გაიმეორა, ისკო ალარკონია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არა თავდამსხმელი, არამედ ნახევარმცველი გახლავთ. ალარკონმა სტადიონზე 1995 წუთი გაატარა, მას აქტივში 32 მატჩი აქვს ჩაწერილი. იმ შემთხვევაში თუ ისკო 32-ივე დაპირისპირებას 90 წუთის მანძილზე ითამაშებდა, მის აქტივში 2880 წუთი ეწერებოდა, თუმცა კარლო ანჩელოტი მას სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სეზონის საწყის ნაწილში აყენებდა, შემდეგ კი ახალგაზრდა მეტწილად შეცვლებზე უწევდა თამაში.
- 18 მაი 2014
- 2 145
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.