რა გჭირთ ბიჭებო? ანუ ნაბიჯით იარ! ...სკენ
მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი
გუშინ ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ დასრულდა არაჩვეულებრივად, უფრო სწორად ახალი დღე დაიწყო არაჩვეულებრივად. ამ შემთხვევაში "არაჩვეულებრივ"-ის ქვეშ სრულიად სხვა რამეს მოვიაზრებ და დარწმუნებული ვარ, თქვენთანაც ანალოგიური ვითარებაა.
"ბაიერნთან" აღმაფრენის შემდეგ ძნელი ყოფილა მიწაზე დაშვება. დაშვება დაშვებაა და ასეთი მტკივნებული დაშვება ნამდვილად რომ არ არის სასიამოვნო. "გამოექანეთ მთაწმინდიდან" გამოთქმისა არ იყოს, "მადრიდის რეალმა" და კარლო ანჩელოტიმ იმდენი მოახერხა, რომ მთაწმინდიდან გამოქანება სანატრელი გაუხდა მადრიდისტებს. ჯერ იყო და "ღამურებმა" გვითრიეს თმებით, გუშინ კი ამ ყველაფერს "ვალიადოლიდის" მიერ ჩვენი მონელება დაემატა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, ტრიპლეტზე მეოცნებე მადრიდისტები ვალიდოლის იმედად დავრჩით. ეს უკვე მერამდენედ?
გუშინ მოედანზე "თეთრი ბალეტის" ნაცვლად "თეთრი დასაფლავება" ვიხილეთ. არ ვიცი, რა ჭირდება გუნდს, არ ვიცი რა უნდა ჭირდებოდეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც სათამაშო დრო ბევრი არ აქვს და რომელსაც ასეთ მნიშვნელოვან დროს ეძლევა თავის გამოჩენის შანსი, იმისთვის, რომ მოედანზე არ იბოდიალოს და ხალხს არ ანანოს , რომ მას გულშემატკივრობენ. არ ვიცი, რა უნდა ილარას იმისთვის, რომ ბოდიში და ერთი ადგილი გაანძრიოს და მოედანზე რამე ღირებული გააკეთოს "ვალიადოლიდთან" მაინც. არ ვიცი რა უნდა მორატას, რომ გუნდური თამაში ისწავლოს და როცა გუნდს სჭირდება ქლიავური გადაწყვეტილებები არ მიიღოს. ვინ კი არა და რა სჭირდება ყველა კარგად მიხვდება ამ წიანდადების წაკითხვის დროს.
"ვალიადოლიდი" უტევდა, "ვალიადოლიდს" სახიფათო მომენტები ქონდა და გუშინ "ვალიადოლიდს" , როგორც მინიმუმ , ფრე ეკუთვნოდა. ეს სამწუხარო რეალობაა. ეს ის რეალობაა, რომელიც რეალისტებმა უნდა გავაცნობიეროთ და მივიღოთ. გვინდოდა, მაგრამ წელს ვაღიაროთ ყველამ ერთად, რომ "მადრიდის რეალი" არ იმსახურებს ჩემპიონის წოდებას, იმიტომ რომ მას საჩემპიონო არაფერი არ გაუკეთებია. არ მოუგია უშუალო კონკურენტებისთვის, არ შემოუტრიალებია მკვდარი თამაშები, არ დაუდია ბოლომდე სული და გული და ბოდიში და ამ ყველაფრის მერე, თუ მაინც მოიგეს ჩემპიონატი, მაშინ ერთი LFP-სიც. წელს ჩემპიონი უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ გახდება კიდევაც, "მადრიდის ატლეტიკო". რატომ? იმიტომ რომ ბოლომდე იბრძვის, იმიტომ რომ უკეთესია, იმიტომ რომ უშუალო კონკურენტებისგან მარცხი არ ახსოვს ლა ლიგის ეგიდით და იმიტომ, რომ უბრალოდ საუკეთესონი არიან.
"რეალი" კი თავისი დაუდევრობის, თავისი მოუნდოლობის, თავისი არაგუნდური და არა"რეალური" დამოკიდებულების გამო, მე-3 ადგილს იმსახურებს და არის კიდევაც. მე ეგოისტი ვარ. არ მინდა დავიჯერო, რომ თამაშები იყიდება, არ მინდა დავიჯერო, რომ "მადრიდის რეალისთვის" მთავარი ფულია და არა ის 70 000-ზე მეტი გულშემატკივარი, რომელიც ყოველ კვირას ერთგულად მიდის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ან სხდებიან ტელევიზორთან და ნერვიულობენ თამაშის დასრულებამდე. არ მინდა დავიჯერო ეს , იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე გუნდს ვცემ პატივს და დარწმუნებული ვარ, რომ "მადრიდის რეალი" არის სწორედ ის სახელი, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.
გუშინ და არც "ვალენსიასთან" არ ყოფილა ის გუნდი, რომელიც "ბაიერნს" უსრულებდა. გუშინ არ ყოფილა ის "მადრიდის რეალი", რომელიც გვახარებდა. გუშინ ჩვეულებრივი რიგითი გუნდი იყო, რომელმაც ვერაფერი მოუხერხა "ვალიადოლიდს". გუშინ ყველამ ვნახეთ, თუ როგორ გადადგა მორიგი ნაბიჯი ...სკენ ლა ლიგაში.
კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს: რა გჭირთ ბიჭებო? რა დროს ეს არის.
- 8 მაი 2014
- 6 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.