„გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“
საჭიროა კიდევ ერთი ფიასკო, რათა პრობლემების გაანალიზება და კრიტიკა დაიწყოს?
ვფიქრობ, რომ ნამდვილი ქომაგი, ბოლომდე უნდა ედგეს მხარში საყვარელ გუნდს და იმედი არასოდეს დაკარგოს, თუმცა ცოტათი უხერხულია მადრიდისტას მხრიდან სატურნირო ცხრილზე საუაბრი, როდესაც „რეალი“ პრინციპული თამაშებიდან დამარცხებული გამოდის.
წლეულს, ბუნდეს ლიგისგან განსხვავებით, პრიმერა დივიზონში ნამდვილად შესაძლებელია იმის გაგება, თუ რა შეუძლია რეალურად გუნდს.ანჩელოტის ფორმაციის „ბლანკოსისათვის,“ „ატლეტიკო,“ „ბარსელონა“ და სხვა ამბიციური კლუბები, სიძლიერის საზომი უნდა ყოფილიყო.მათთან დაპირისპირება, ერთგვარ საგამოცდო რეჟიმში აგდებდა დედაქალაქელებს.
ლა ლიგის კალენდრის მიხედვით, მადრიდელებს, სეზონის ყველაზე რთულ ეტაპში მოუწიათ სერიოზულ მეტოქეებთან ჭიდილი, რამაც ცხადყო, რომ ანჩელოტის შეგირდები, ჯერჯერობით უძლურნი არიან დაამარცხონ გარკვეული მიზნებისთვის მებრძოლი კოლექტივები.ჩემპიონატის მეორე წრეში, 4 ნიშანდობლივი და დაძაბული თამაშიდან, „რეალმა“ ვერცერთი მოიგო.ვგონებ, საამაყო ნამდვილად არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ „თეთრებმა“, ვერც „ვისენტე კალდერონი“ აიღეს, ვერც „სან მამესი,“ ვერც „სანჩეს პისხუანი,“ და ვერც „სანტიაგო ბერნაბეუ,“ კატალონიელებთან მასპინძლობის ჟამს.
ბუნებრივია, ჩემიონატისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ ღირს კი სერიოზულ მიზნებზე ფიქრი, როდესაც უშუალო კონკურენტებთან და ევროსარბიელებისათვის დაგეშილ გუნდებთან წარუმატებლად თამაშობ? პირველობისათვის სავალდებულოა, ძლიერების ძლევა და არა სუსტი დაწესებულებების განადგურება.შესაბამისად, ფრაზები იმის თაოაბზე, რომ „ნამდვილი ფანები ფარ-ხმალს არ ყრიან,“ ან „ჩემპიონობის შანსი კიდევ გვაქვს,“ და ა.შ. პირადად ჩემთვის, რიგითი მადრიდისტასთვის, ნამდვილად მიუღებელია, რამეთუ ამბიციური და ტიტულებისთვის მოწყურებული „რეალი,“ ბრძოლებს უნდა იგებდეს მტრებთან და ამის ხარჯზე ხდებოდეს ლიდერი და არა პირიქით.
ყოველივე ზემოთ თქმულის პარალელურად, საჭირო იმ პრობლემების გაანალიზება და გააზრება, რომელიც გუნდში არსებობს.თუ სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელებმა და ხელმძღვანებელმად, დღეიდან არ დაიწყეს ამაზე ფიქრი, შემდეგ გვიანი იქნება და ჯამში, მორიგ წარუმატებელ სეზონს მივიღებთ.
დიახ, ანელოტის ბიჭებმა, ისწავლეს თამაში ქვედაადგილოსან კლუბებთან და ამაში ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ახლა, პირდაპირ მეტოქეებთანაც მართებთ ბურთის ხარისხიანი გაგორება და ამისათვის, პირველ რიგში მთავარმა დამრიგებელმა, სერიოზული სამუშაოები უნდა დაიწყოს.
სანამ თავკაცები შეაჯამებენ წარუმატებლობის მიზეზებს, შემოგთავაზებთ, ჩემი თვალით დანახულ პრობლემებს:
1. შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს გუნდის კაპიტანი, ლეგენდა და ნამდვილი მადრიდისტა.მწარე პრაქტიკამ დაგვანახა, რომ „რეალს“ აკლია მისი სასწაული მოგერიებები და სულისკვეთება.რას ვუწუნებ ლოპესს? ყველაფერს! მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ნამდვილად ჰქონდა გამონათება, ეს საკმარისი არარის ისეთ გრანდში, როგორიც სამეფო კლუბია.ფაქტობრივად, სეივის გარეშე მოთამაშე დიეგო, ნამდვილად აზარალებს გუნდს, არადა თითები არ გვეყოფა იმის ჩამოსათვლელად, იკერის გადარჩენილი მატჩები რომ გავიხსენოთ.მეკარე ყოველთვის უშვებს გოლს, თუმცა არ შეიძლება, მუდამ „აუღებელ ბურთებს ურტყამდნენ“ მისი კარის მიმართულებით.
2. დღის წესრიგში, აუცილებლად დგას დაცვის ხაზის გაძლიერება.რთული მეტოქეების წინააღმდეგ, ფეხბურთელები არაერთ მიუტევებელ შეცდომას უშვებენ.მინიმუმ სათადარიგო სკამის კანდიდატობა უნდა მიენიჭოს პეპეს, რომელმაც ძველი დიდება დროს გაატანა და უკვე კარგა ხანია, სახეიროს ვერაფერს აკეთებს გადამწყვეტ პაექრობებში.ვფიქრობ, რამოსი-ვარანის ტანდემი მეტად უკეთესად ითამაშებს, თუმცა ის, რომ ერთი ნორმალური მცველის მოყვანაა საჭირო, ამაზე არავინ უნდა იდავოს.
3. სასიხარულოდ, არც ნახევარდაცვაშია საქმე, სადაც უფროდაუფრო ეტყობა ასაკი ალონსოს.შესაძლოა, 1-2 თამაშში უმაღლეს დონეზე მოასპარეზე ბასკი ვიხილოთ, თუმცა ის ჩაბი აღარ არის, რომელიც სტაბილურობით იწონებდა თავს.რაც შეეხება მის მოსწავლე ილიარას, „რეალში“ გადმობარგების დღიდან, მისი დიდი ქომაგი ვიყავი და ნამდვილად მეიმედებოდა, მაგრამ ნელ-ნელა აზრები მეცვლება.აღნიშნული პოზიციის ფეხბურთელებში, დამწიფების შემდეგ ხდებიან პროდუქტიულები, თუმცა ილიარას, არც ასეთი მომავალი ეტყობა კოჭებში.ვგონებ, მნიშვნელოვანი იქნება ხედირას დაბრუნება, რომელიც შავი სამუშაოს, ერთ-ერთვი ყველაზე კარგი შემსრულებელია.
4. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „რეალს“ საკმაოდ სუსტი სათადარიგო სკამი ჰყავს.მესმის ანჩელოტის, რომელმაც „სევილიასთან“ ისკო პირველი წუთებიდან არ გამოიყვანა, რამეთუ მოვლენების სხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, მას უბრალოდ, თამაშში გარდამტეხის შემტანი (პოტენცირუად) მოთამაშეც არ დარჩებოდა თადარიგში.ტრავმის მიღებამდე, მთავარი მე-12 ნომერი გახლდათ ხესე, თუმცა როდესაც სერიოზული მიზნებისთვის იბრძვი, მხოლოდ 1 ფეხბურთელი საკმარისი როდია.
5. შთაბეჭდილება იქმნება, რომ საჭირო დროს, ფეხბურთელები სათანადოთ მოტივირებულნი არ არიან.მათ ნამდვილად აკლიათ ბოლომდე და თავდადებით ბრძოლა, რაზეც ალბათ, გუნდის ლეგენდებმა და მწვრთნელებმა უნდა იმუშავონ.
ამგვარად, ანჩელოტის ნამდვილად ბევრი აქვს სამუშაო, რათა კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეძლოს.თუ სწორი გზას არ გაჰყვებიან, რაც მუდმივ ანალიზზსა და თვითკრიტიკას მოიცავს, შედეგი ნამდვილად არ იქნება.
პ.ს. ქომაგობა მხოლოდ უაზრო და უსაზღვრო ოპტიმიზს არ მოიცავს.საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკაც აუცილებელია, რამეთუ გონს მოიყვანს და რეალობაში დააბრუნოს ფეხბურთელები და მწვრთნელები.„ყველა თამაშს ვერ მოიგებ“ და ამგვარი განცხადებები, დღევანდელი „რეალისათვის“ ნამდვილად შეუფერებელია.სირთულეებს თვალი უნდა გაუსწორო და არა გაექცე. ჰალა მადრიდ !!!
- 29 მარტი 2014
- 3 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.