ბრიჯაოსმედალოსანი მადრიდელები
ახლახანს დასრულებულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრების რიგებში, “რეალის” სამმა ფეხბურთელმა მოიგო ბრინჯაოს მედლები. მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ალვარო მორატა, მოჰამედ კამალი და პაბლო სარაბია “სამეფო კლუბის” ვებ-გვერდის ჟურნალისტს გაესაუბრნენ.
პაბლო სარაბია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, ეროვნული გუნდის წარმატებით ძალიან გახარებულია: “ჩემპიონობას ვგეგმავდით, თუმცა არც მესამე ადგილია ცუდი. რაც მთავარია, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და საკმაოდ ძლიერი გუნდებიც დავამარცხეთ. ნიგერიასთან მატჩს კი ოდნავ უპასუხისმგებლოდ მივუდექით, რაც ძვირად დაგვიჯდა. მასპინძლებმა არცერთი შეცდომა არ გვაპატიეს და ფინალშიც გავიდნენ. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი მობილიზება რომ მოგვეხდინა, ტურნირს აუცილებლად მოვიგებდით.”
მოჰამედ კამალი კი, ოდნავ იმედგაცრუებული ჩანდა: “ძალიან დამწყდა გული, რომ ფინალში ვერ გავედით. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც წაგვაგებინა კიდეც. ახლა ისღა გვმართებს შეცდომებზე ვისწავლოთ და მომავალში ისინი აღარ გავიმეოროთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავება ცუდი შედეგი არაა. ამიტომ ჩვენი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. თქვენ კი შეგიძლიათ გაიხაროთ იმ ფაქტით, რომ ესპანელებს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვეზრდება.”
ალვარო მორატამ ხაზი იმ გამოცდილებას გაუსვა, რომელიც ფეხბურთელებმა ტურნირზე მონაწილეობით შეიძინეს: “მოთამაშეებმა ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა უკეთესი შედეგის მიღწევაც შეგვეძლო. როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, რამდენიმე ეპიზოდში მარტივი შეცდომები დავუშვით, რის გამოც სათანადოდ დავისაჯეთ. დამიჯერეთ, ამ გადმოსახედიდან, მესამე ადგილზე გასვლა ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. აფრიკის ნახვა ძალიან მინდოდა და ნანახით მოხიბლული დავრჩი. ნიგერიაში ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ყველა კარგად გვექცეოდა. თავიდან რაღაც უცხო სამყაროში მეგონა მოვხვდებოდი, თუმცა ახლა აფრიკაზე სულ სხვა შეხედულება მაქვს.”
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 18 ნოემბერი 2009
- 1 971
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.