მადრიდში ფალკაოზე ალაპარაკდნენ
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის წინა ხაზში აშკარა პრობლემებია, გუნდის მთავარი ფორვარდი კარიმ ბენზემა ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობა უკვე ფიქრობს მის შემცვლელზე, რადგან სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო რთული და დაძაბული იქნება...
რადამელ ფალკაომ მადრიდის ატლეტიკოდან მონაკოსკენ აიღო გეზი, მაგრამ მას უკვე უწინასწარმეტყველებენ აბარგებას, რადგან საფრანგეთის კანონმდებლობის გამო მოთამაშეს ფინანსური პრობლემები შეექმნა, აქედან გამომდინარე მისი სურვილი კლუბის შეცვლა გახლავთ.
„ბლანკოსი“ რადამელის მისამართით ინტერესს ზაფხულშიც იჩენდა, მაგრამ თანაქალაქელმა და აწ უკვე ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლმა ატლეტიკომ მოთამაშე უშუალო კონკურენტს არ დაუთმო.
ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფალკაოსთვის 50 მილიონ ევროს ამზადებს, ტრანსფერის გაჩარხვა კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურს, რომ მოთამაშე დასკვნითი შეხვედრებისთვის სრულად იყოს ადაპტირებული „მერენგების“ კოლექტივთან.
კარლო ანჩელოტი კარიმ ბენზემას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ ფორვარდის შეძენის წინააღმდეგი ნამდვილად არ გახლავთ, აქედან გამომდინარე ცივი ზამთარი სატრანსფერო თვალსაზრისით შესაძლოა მეტისმეტად გახურდეს.
- 30 სექტემბერი 2013
- 4 153
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.