იგუაინი: "ნაპოლი დიდი გუნდია დიდი მიზნებით"
გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ისაუბრა დღევანდელ ვითარებაზე, მიზნებზე და ყოფილ კლუბზე...
თქვენი ტრანსფერი მეტისმეტად ხმაურიანი გამოდგა, არავინ ელოდა, რომ ნაპოლისკენ აიღებდით გეზს...
იტალიელებმა მე შემომთავაზეს ზუსტად ისეთი რამ, რაც მჭირდებოდა ამ ეტაპისთვის. სამეფო კლუბში მუდმივად პრობლემები მქონდა განსაკუთრებით ბოლო სეზონში, როდესაც მეტწილად სათადარიგოთა სკამზე მიწევდა ჯდომა, ეს კი ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია. როდესაც „ბლანკოსში“ გადავედი მაშინ მზად ვიყავი სარეზერვო გუნდში ყოფნისთვისაც კი, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ძალიან დავიხვეწე და პრეტენზიების არეალიც რა თქმა უნდა გაფართოვდა. საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ესპანეთის დედაქალაქი დამეტოვებინა და სამხრეთ იტალიისკენ ამეღო გეზი, აქ გაცილებით მეტი მხარდაჭერა მაქვს, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ.
თქვენით არსენ ვენგერიც ინტერესდებოდა...
დიახ, არსენალის მთავარი მწვრთნელი ღიად აცხადებდა, რომ სურდა ჩემი გადაბირება და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა გუნდები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, ამასთან ერთად არც მე მიმიწევდა დიდად გული ინგლისისკენ, რადგან ვთვლი, რომ ლა ლიგაში ასპარეზობის შემდეგ პრემიერ ლიგაში გადასვლა არც ისე მარტივი გახლავთ როგორც ეს გარედან ჩანს, ინგლისს გაცილებით სხვანაირი და ჩემპიონატი აქვს, სადაც ძირითადი აქცენტი სისწრაფეზე და ფიზიკურ მონაცემებზე კეთდება.
თქვენს ამჟამინდელ კლუბს დიდი ამბიციები აქვს, გვესაუბრეთ რა არის თქვენი მაქსიმუმი?
სიმართლეს გეტყვით, ჩვენ ყველა ჩემპიონატზე ვიბრძოლებთ სადაც გამოსვლას ვახერხებთ. რაფა ბენიტესი უდიდესი ტაქტიკოსია და მისი ყველას ეიმედება, არ არის გამორიცხული სიურპრიზები ჩემპიონთა ლიგაზეც შემოგთავაზოთ. მთავარი სამიზნე სერია „ა“-ს მოგება გახლავთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებით გამოვიდეთ, ეს კარგად აისახება გუნდზე როგორც გამოცდილების მიღების მხრივ, ასევე ფინანსურ საკითხებში. მოგეხსენებათ, ნაპოლიმ აწ უკვე გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა.
როგორ ფიქრობთ, ამჟამინდელ შემადგენლობას აქვს იმის რესურსი, რომ ყველა ტურნირზე თანაბრად იასპარეზოს?
რა თქმა უნდა აქვს. ჩვენ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მოთამაშე გვყავს. ნახევარდაცვა საკმაოდ მობილური და ძლიერი გახლავთ, დაცვაში მყოფი თანაგუნდელები კი დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან, ასევე გვყავს შესანიშნავ კიპერი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ბურთი მიიღოს საკუთარ კარში. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და მთავარია ერთ მუშტად შევიკრათ, გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წინ წავიდეს როგორც შემადგენლობის, ასევე ინფრასტრუქტურის მხრივ. ნაპოლი ბოლო წლებში ძალიან დაიხვეწა, ეს გუნდი სულ ცოტა ხნის წინ დაბალ დივიზიონში ირიცხებოდა, ახლა კი ქვეყნის უმაღლესი ლიგის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას.
რეალში საკმაოდ ნაყოფიერი ფეხბურთელად ითვლებოდით. სეზონში საშუალოდ 20 გოლზე მეტი გაგქონდათ, რაც ნამდვილად არ იყო ცუდი შედეგი. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოიპოვეთ მთავარი მწვრთნელის 100%-იანი ნდობა?
ამაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს, მე ყოველთვის ვითხოვდი მეტ სათამაშო დროს იმისათვის, რომ მაქსიმუმი მეჩვენებინა, მაგრამ რეალურად ძალიან მიჭირდა თუნდაც 3-4 შეხვედრის სასტარტოში ჩატარება, რაც იწვევდა ფორმიდან ამოვარდნას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსში“ დიდი კონკურენცია იყო, ბოლო წლებში ერთმანეთს მე და კარიმ ბენზემა ვენაცვლებოდით, რომელიც უმაღლესი დონის ფორვარდი გახლავთ. როგორც ჩემთვის, ასევე კარიმისთვის, ძალიან დიდ პრობლემა იყო მეორე ფორვარდად გამწესება. ყველაფერმა ერთად დაღი დამასვა და განსაკუთრებით ბოლო სეზონში ნაკლები გოლიც გავიტანე და თამაშსაც მოვუკელი.
გხივლავთ იტალიური ფეხბურთი და თვლით, რომ ის თქვენი სტილია?
მე პირადად იტალიურ ფეხბურთს ესპანური მირჩევნია, რადგან უპირატესობას ტექნიკურ თამაშს და სანახაობას ვანიჭებ. იტალიაში ხშირად იმართება თამაშები, როდესაც მხოლოდ ანგარიშია მთავარი და შესაძლოა, 1-0-ზე გუნდი გაჩერდეს, ესპანეთში კი ეს არ ხდება, თუმცა ერთი რამ სათქმელია, ჩემი აზრით ნაპოლი საკმაოდ კომბინაციურ და მიზანდასახულ ფეხბურთს თამაშობს და გუნდთან ადაპტაცია არ მიჭირს, რაფაელ ბენიტესს არ უყვარს მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული თამაში, იგი ყოველთვის შეტევისკენ მოგვიწოდებს.
და ბოლოს. რამდენი გოლის გატანას გეგმავთ მიმდინარე სეზონში?
რაც შეიძლება ბევრის. იტალიაში გოლები ნაკლებად გადის, ამ მხრივ ესპანეთი გაცილებით უკეთესია, მაგრამ ვთვლი, რომ ბევრის გატანა შემიძლია როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროსარბიელზე. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, იმედი მაქვს ახალ გუნდთან ერთად დიდი წარმატების მომსწრე გავხდები.
- 13 სექტემბერი 2013
- 2 078
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.