დი მარია : „მადრიდი ყოველთვის მობილური გუნდი იყო“
ანხელ დი მარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს საკმაოდ საინტერესო პასუხები გასცა...
მადრიდში სიტუაცია სრულიად შეცვლილია, რა შეგიძლიათ გვითხრათ გუნდში არსებულ ვითარებაზე?
გეთანხმებით, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც გუნდში ახალი სული შემოიტანა, მას სულ სხვა იდეები აქვს და ტაქტიკას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, კარლო ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელსაც გეგმაში „რეალის“ აღმშენებლობა და უდიდესი წარმატებების მიღწევა აქვს.
გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე რას იტყვით?
ეს მე არ მეხება და ზოგადად არ მიყვარს ტრანსფერებზე საუბარი, ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია, მე არ ვარ დირექტორი ან პრეზიდენტი, ყველამ ის უნდა აკეთოს რასაც დაავალებენ.
ახალწვეულები ადაპტაციას დროულად გადიან?
ძალიან დაჩქარებული ტემპებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ახალწვეულები, ისინი მართლაც ძალიან დიდ სამსახურს წევენ მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არც ისე დიდი ხანია შემოუერთდნენ, ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე მოთამაშე?
ყველა თანაბრად ძლიერია, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი შესაძლებლობები ისკომ გამოავლინა, რომელიც მოედანზე სასწაულებს აკეთებს, ვთვლი, რომ არანეკლებ ძალას წარმოადგენს ილიარამენდი, მაგრამ მას დრო სჭირდება, რათა სასურველ ფიზიკურ კონდიციამდე მივიდეს.
ბეილის ტრანსფერი ძალიან გაჭიანურდა...
ერთხელ უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ სატრანსფერო საკითხებს მე არ ვწყვეტ და ეს ჩემი საქმე არ არის, ფეხბურთელები არ ვერევით მმართველების პოლიტიკაში, მაგრამ თუკი გარეთი გადმოვა ის რა თქმა უნდა გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ის პრემიერ ლიგაში საუკეთესო მოთამაშედ ითვლება და ვთვლი, რომ თუკი პრიმერას მოაშურებს, არ წააგებს და გაცილებით სხვანაირად ჩემპიონატს გაუსინჯავს გემოს.
ვრცელდება ხმები, რომ ბეილის ტრანსფერში შესაძლოა თქვენ და ფაბიოკოენტრაო ჩაგრთონ...
ამის შესახებ არაფერი გამიგია, პრესას კი იშვიათად ვეცნობი, ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, რომ ტოტენჰემში გაშვებას მიპირებენ, სამეფო კლუბის დატოვებას არ ვაპირებ, მაგრამ თუკი „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ ჩემი გაშვება გადაწყვიტა, აუცილებლად წავალ, მაგრამ არა ტოტენჰემში, არამედ რომელიმე გაცილებით უფრო მაღალი დონის კლუბში რადგან ვთვლი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია და ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლო, ამის საშუალება კი ლონდონურ კლუბში ნამდვილად არ მომეცემა. რაც შეეხება კოენტრაოს, მასზე არაფერი გამიგია და არც ფაბიოს უთქვამს ჩემთვის რამე შესაძლო აბარგებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მხოლოდ ჟურნალისტების მოგონილ ჭორებს ჰგავს.
რას იტყვით ჩაბი ალონსოზე, რომლის მომავალიც საკმაოდ ეჭვქვეშ დგას...
ჩაბი ინტენსიურად ვარჯიშობს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მისი ჩამოწერა ნამდვილი სისულელე იქნება, რადგან ბასკი მოთამაშე უდიდესი გამოცდილების მატარებელია, მას გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
როგორი ურთიერთობა აქვს რიკარდო კაკას და კარლო ანჩელოტის?
იდეალური. ბრაზილიელი მოთამაშე ანჩელოტის განკარგულებაში რამდენიმე წლის მანძილზე იყო, მათ ერთად არაერთ წარმატებას მიაღწიეს იტალიურ მილანში, მახსოვს ის წლები, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, რიკარდო კი ნამდვილად ბრწყინავდა, ახლა კი ყველას ჩაგვესახა იმის იმედი, რომ ძველი რიკი დაბრუნდება და სამეფო კლუბს უდიდეს დახმარებას გაუწევს, ეს მას ნამდვილად შეუძლია, რადგან არ არის იმ ასაკში, როდესაც ფეხბურთელები უმაღლეს დონეს ვერ ინარჩუნებენ.
როგორ ფიქრობთ იგივე პოზიციაზე მოგიწევთ თამაში ანჩელოტის ფორმაციის რეალში?
ნამდვილად ვერ გეტყვით თუ სად ვითამაშებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჟოზე მოურინიომ ყველგან თამაშს მიმაჩვია, მახსოვს ერთხელ ჟოზემ მითხრა, რომ მცველებს დავხმარებოდი, მაშინ მთელი მატჩის მანძილზე ვიხევდი უკან და არბელოას დახმარებას ვცდილობდი, არაერთხელ გამიწევია დახმარება კოენტრაოსთვის და მარსელოსთვის, აქედან გამომდინარე ყველგან შემიძლია თამაში მთავარია უმაღლეს დონეზე ვიყო ფიზიკური თვალსაზრისით, ჩემთვის ყველაზე კარგი ბურთის დაჭერა და ფლანგური შეტევების განხორციელებაა, მწვრთნელი კი თავად გადაწყვეტს თუ სად დავჭირდები გუნდს.
როგორი განწყობით ხვდებით სეზონს, რომელიც ძალიან გადატვირთული იქნება?
ჩვენ მშვენიერ განწყობაზე ვართ და ვთვლით, რომ ყველა ტიტულისთვის შეგვიძლია ბრძოლა, თუმცა ამისთვის უდიდესი მუშაობა არის საჭირო, სამეფო კლუბის გულშემატკივრები ჩვენგან ყოველთვის მოგებას ითხოვენ, ეს კი მართლაც ძალიან რთული გახლავთ, მიზანი ყოველთვის წარმატებაა, მაგრამ მუდმივად გამარჯვების მიღწევა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ინჩასები თქვენ კიდევ უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ელიან...
მადრიდის რეალი ყოველთვის თამაშობს სანახაობრივ ფეხბურთს, ჩვენი მიზანი ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივრების მაქსიმალურად ლამაზი თამაშით მოხიბლვა გახლავთ. ამ ეტაპზე რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს ვხვეწავთ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მწვრთნელის რჩევები, როგორ სქემასაც ანჩელოტი დახაზავს, იმის შესრულებას ეცდება მთელი გუნდი.
ამბობენ კრიშტიანომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადაო...
ეს კითხვა არა მე, არამედ რონის უნდა დაუსვათ, მე არ ვიცი თუ რა ხდება კლუბის ხელმძღვანელობასა და რონალდოს შორის, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რონალდო საუკეთესო მოთამაშეა და მის ფეხდაფეხ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, პორტუგალიელში მართლაც უდიდესი ნიჭი დევს, რისი დემონსტრაციაც რონალდოს ყველა მატჩში შეუძლია, იგი აუცილებლად უნდა დარჩეს და რამდენიმე წელიწადი დაყოს სამეფო კლუბის შემადგენლობაში.
როგორ ფიქრობთ, ბეილის ტრანსფერის შეთხვევაში ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ იქნებით?
მინდა გითხრათ, რომ კრიშტიანო რონალდოსაც კი არ აქვს იმის გარანტია, რომ იგი სულ სასტარტოში იქნება. ჟოზე მოურინიოც და კარლო ანჩელოტიც ერთსა და იმავე პოზიციაზე დგანან, მათი აზრით სასტარტოში უნდა ითამაშოს იმ ფეხბურთელმა, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. ბეილის გადმოსვლის შემთხვევაში, მე რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მეტის დამტკიცება მომიწევს, მაგრამ ამის შიში ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვთვლი, რომ მაღალ დონეზე თამაში და რეალის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ყოფნა თავისუფლად შემიძლია, საკუთარი ფიზიკური კონდიციებით სავსებით კმაყოფილი ვარ, მითუმეტეს სეზონი ჯერ არ დაწყებულა და აღდგენითი პროცესი არ დამიმთავრებია.
გუნდი დატოვა თქვენმა უახლოესმა მეგობარმა, გონსალო იგუაინმა...
დიახ, ამ ამბავმა გული ძალიან დამწყვიტა, მე და პიპიტა ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, ჩვენ არაერთხელ გვიასპარეზია არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ბედნიერი ვარ, რომ მასთან კონტაქტს სწორედ ეროვნულ ნაკრები არ გამაწყვეტინებს, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გონსალოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას მოვახერხებ, ეს კი ორიბვეს უდიდეს სიხარულს მოგგვრის. ნამდვილად არ მსურდა, რომ პიპას რეალი დაეტოვებინა, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ამ ეტაპზე ნაპოლის ღირსებას იცავს, რაფაელ ბენიტესთან ერთად იგი დიდ წარმატებებს მიაღწევს, მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
სჭირდება გუნდს ფორვარდი?
მე ვფიქრობ, რომ სამეფო კლუბის უმაღლესი დონის შემსრულებლები ჰყავს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არასრული ერთი თვეა დარჩენილი, გვჭირდება თუ არა თავდამსხმელი ამას მწვრთნელი გადაწყვეტს, თუკი კარლომ წინახაზელი მოინდომა დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი პერესი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელი ძალა შემატოს გუნდს.
რას იტყვით კანტერანოებზე?
ვთვლი, რომ კარლო ანჩელოტიმ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამერიკაში რამდენიმე კასტილიელი წამოიყვამა, დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი მთავარ გუნდში დარჩება და ფეხს საფუძვლიანად მოიკიდებს. ალვარო მორატა პირადად ჩემში მხოლოდ გაოცების გრძნობას იწვევს, მისი კუმირი რაულ გონსალეს ბლანკო გახლავთ, რომელიც სამეფო კლუბის ლეგენდა იყო,ალვარო ყველანაირად ცდილობს, რომ ესპანელ გოლეადორს დაემსგავსოს და ვთვლი, რომ ეს მას გამოუვა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ ზიზუსთან?
ზინედინ ზიდანი მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, ჩვენ მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაკავშირებს და მინდა ვთქვა, რომ იგი გუნდის მთავარი ფსიქოლოგი გახლავთ, ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც კოლოსალური რაოდენობით აქვს. ფრანგი ლეგენდა დღეისთვის სამეფო კლუბის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს, ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ და ვთვლით, რომ მისი გაწეული სამსახური კლუბისთვის სასიკეთესო იქნება.
ვრცელდება ხმები, რომ ზიდანი ახალგაზრდებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს...
ეს სავსებით ნორმალურია, ზიზუ ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარება, უზიარებს გამოცდილებას და სწორედ ახალგაზრდებზე აყრდნობს საკუთარი გუნდის ინტერესებს, ეს მეთოდი გამართლებულია.
- 6 აგვისტო 2013
- 1 865
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.