რატომ ღირს ბეილი ასე ძვირი?
როგორც ჩანს გარეთ ბეილი უახლოვდება მადრიდის რეალს სულ მალე მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. მინდა მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება თუ რატომ უნდა გადაიხადოს მადრიდის რეალმა მასში კოლოსალური თანხა.
დავიწყებ ზიდანის ციტირებით: ”გარეთ ბეილი არა მარტო სწრაფი, ტექნიკური და ძლიერი მოთამაშეა, არამედ კარგად აზროვნებს, რასაც ფეხბურთელში ძალიან ვაფასებ. ის რონალდოსა და მესის დონეზე თამაშობს.”
ზიზუს ფეხბურთელების არჩევა რომ არ ეშლება, ამაში რაფა ვარანმა დაგვარწმუნა, აგრეთვე ედენ აზარმა, რომლის შეძენასაც ის ფლორენტინოს სთხოვდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ დაუჯერა. გარეთი მართლაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ მოხლოდ ეს არ არის მისი ფასის განმსაზღვრელი.
ჩემი აზრით მისი ყველაზე დადებითი თვისება არის ის, რომ ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. თუ გადავხედავთ ტოტენჰემის გასულ სეზონს, უელსელი უმეტესად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მწვრთნელი მას მარჯვენა გარემარბად ან გამთამაშებლად აყენებდა. გასულ წლებში კი ის ნომინალური მცველი იყო, რაც მას საშუალებას აძლევს საყრდენი ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც ითამაშოს. გარდა ამისა მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ძველი დრო გაიხსენოს და მარცხენა მცველად დადგეს. შეგახსენებთ, როდესაც ის ამ პოზიციაზე თამაშობდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლატერალად განიხილებოდა. მისი ტრანსფორმაციის შემდეგ კი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დადგა. მოკლედ ბეილს შეუძლია ითამაშოს ერთბაშად 6 პოზიციაზე, თან ყველგან უმაღლეს დონეზე. თანამედროვე ფეხბურთში ეს თვისება ძალიან ფასობს.
ბეილის ტრანსფერით კი სამეფო კლუბს შეუძლია უარი თქვას დი მარაიასა და კოენტრაოზე (შეგახსენებთ ორივე ფეხბურთელს კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ და შესაძლოა მათ ტოტენჰემის ფორმა მოირგონ), რადგან ბეილს შეუძლია ორივე მათგანის სრულფასოვნად შეცვლა. იმ შემთხვევაში, თუ მარსელო დააკლდება გუნდს გარეთი მარცხენა მცველად იასპარეზებს თუ არა და ნახევარმცველის პოზიციას დაიკავებს, შესაბამისად ორივე მათგანი გუნდისათვის ზედმეტია.
ყველაზე მთავარი მიზეზი კი რატომ უნდა გადაიხადოს რეალმა ბეილში სარეკორდო თანხა არის მისი დუეტი კრიშტიანო რონალდოსთან. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ორი უსწრაფესი ფეხბურთელი ერთ გუნდში, სხვადასხვა ფლანგზე, მათი გაჩერება წარმოუდგენლად რთული იქნება. როდესაც კრიშტიანო მოედანზე გამოდის მას მინიმუმ 2-3 ფეხბურთელი მეთვალყურეობს. ბეილის რეალში გადმოსვლა კი კიდევ 2 მეტოქე ფეხბურთელის ნეიტრალიზაციას ნიშნავს. დაახლოებით 4-5 პარალიზებული მეტოქე კი ხელ ფეხს გაუხსნის დანარჩენ მადრიდისტებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რონალდომ ან გარეთმა ვერ მოახერხეს მეტოქეთაგან თავის დახსნა, სხვა ფეხბურთელებს უფრო ფათო არეალი და ცარიელი ზონები შეექმნებათ სამოქმედოდ, შესაბამისად სამეფო კლუბს ეყოლება ყველაზე სწრაფი და მომაკვდინებელი შემტევი ხაზი.
აგრეთვე თუ დააკვირდებით მადრიდის რეალში შორიდან არავინ ურტყამს რონალდოს გარდა, ხანდახან მოდრიჩი გაისვრის თავის ყუმბარას მაგრამ ისიც იშვიათად. არადა არის თამაშები, როდესაც მეტოქე საჯარიმოში შესვლის საშუალებას არ გაძლევს და შორეული დარტყმებით უნდა დაბომბო მეკარე. ასეთ დროს რონალდო და ბეილი ფასდაუდებელი ფეხბურთელები არიან, ორივეს საჯარიმოს მისადგომებიდან თავისუფლად შეუძლიათ მეტოქისათვის სასიკვდილო დარტყმის მიყენება და ”ნოკაუტში” ჩაგდება.
ეს არის მცირე, იმ მრავალ მიზეზთაგან თუ რატომ ღირს ბეილში ამხელა თანხის გადახდა.
- 1 აგვისტო 2013
- 5 212
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.