ვინ არის ევროპის საუკეთესო ფლეიმეიქერი?
2012/13 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულდა, საინტერესო აღარაფერი ხდება, ჟურნალიტები კი ”წიწილების დათვლით” არიან დაკავებულნი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ვინ ითამაშებს უკვე დრომოჭმული თემაა და მგონი უკვე აღარავის აინტერესებს. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის კრეატიულ ქვაკუთხედს წარმოადგენენ და მათ ინგლისელები ფლეიმეიქერებს უძახიან, რაც სიტყვა-სიტყვით თამაშის შემქმნელს ნიშნავს, დიახ სწორედ ისინი ქმნიან თამაშს, მათი გონივრული გადაწყვეტილებისა და არასტანდარტული ქმედებების შემდეგ იბადება უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც გოლს თავად არ იტანენ, მაგრამ ისეთ საგოლე გადაცემას ასრულებენ, რომ გოლის ავტორს ”თამაშგარეში” ტოვებენ. საუკეთესო მაგალითი გუტის ასისტი იყო. არიან გულშემატკივრები, რომლებსაც სწორედ ამიტომ უყვართ ფეხბურთი.
სიმართლე გითხრათ ჩემთვისაც ეფექტურ გოლზე არანაკლებ სასიამოვნო საყურებელია კარგი გამოზომილი გადაცემა, რომელიც მთელ დაცვას გაჭრის და ფეხბურთელს ერთი-ერთზე დატოვებს მეკარესთან ან სულაც ცარიელ ბადესთან. დღევანდელი მადრიდის რეალის ფეხბურთელებიდან მესუთ ოზილიც მაგიტომ მომწონს ყველაზე მეტად. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც გამთამაშებელს სჭირდება: ტექნიკა, სწრაფი აზროვნება, გენიალური მოედნის ხედვა, ბურთის ბრწყინვალე გრძნობა და გამოზომილი გადაცემა. ამ კომპონენტებში სისწრაფე არ ჩავწერე, რადგან არ ვფიქრობ, რომ ფლეიმეიქერი საოცარ სისწრაფეს უნდა ავითარებდეს. მაგრამ ვინ არის დღევანდელ ფეხბურთში საუკეთესო ფლეიმეიქერი? სულ სამი კანდიდატი გვყავს: ანდრეს ინიესტა, მესუთ ოზილი და ხუან მატა.
მოდით ყველაზე გამოცდილი ინიესტათი დავიწყოთ, კატალონიელი ფეხბურთელი 29 წლის არის და უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლად მიიჩნევა, მოდით გადავხედოთ მის მონაგარს მიმდინარე სეზონში:
ინიესტას მონაგარი ბარსელონაში: 48 მატჩი, 4 გოლი, 20 საგოლე გადაცემა
ინიესტას მონაგარი ნაკრებში: 7 მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა
გავაგრძელოთ ესპანელი ხუან მატათი, რომელიც რეალის აღზრდილია და თავის დროზე მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მისი მადრიდული კარიერა სამეფო კლუბის პოლიტიკას შეეწირა. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით ის საუკეთესო გამთამაშებელია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს:
მატას მონაგარი ჩელსიში: 64 მატჩი, 20 გოლი, 23 საგოლე გადაცემა
მატას მონაგარი ნაკრებში: 4 მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა
რაც შეეხება მესუთ ოზილს, ის უკვე 3 წელია მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობის წევრია და ბრწყინვალე ასპარეზობით თვით რიკარდო კაკა დასვა სათადარიგოთა სკამზე.
ოზილის მონაგარი რეალში: 52 მატჩი, 10 გოლი, 23 საგოლე გადაცემა
ოზილის მონაგარი ნაკრებში: 7 მატჩი, 5 გოლი, 6 საგოლე გადაცემა
აქვე მინდა აღვნიშნო, როდესაც ვეძებთ საუკეთესო გამთამაშებეს მხოლოდ გატანილი გოლების და გაკეთებული პასების დათვლა მიუღებელია, რადგან ისინი ფეხბურთს ამშვენებენ თავიანთი ლამაზი თამაშითა და არაორდინალური გადაწყვეტილებებით.
- 10 ივნისი 2013
- 6 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.