წინა ხაზი იცვლება?
ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მადრიდის „რეალის“ შემადგენლობა შესაძლოა ორმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ და გონსალო იგუაინმა დატოვონ, მათ ნაცვლად კი წინა ხაზი ლუის სუარესმა და ედისონ კავანიმ დაიკავონ...
როგორც ჩანს ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას ვერ მალავს ფრანგი და არგენტინელი წინახაზელების თამაშით, ბენზემა და იგუაინი წლეულს ერთ-ერთ უსუსტეს სეზონს ატარებენ. მართალია პიპიტა ამ ბოლო დროს ფორმაში შედის და გუნდის დახმარებას გოლებით ახერხებს, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებზე მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი გახლავთ, აქედან გამომდინარე წინა ხაზში შესაძლოა „რეორგანიზაციები“ დაიწყოს.
ფაქტია, თავდასხმა რონალდოს გარეშე ძალიან სუსტია, პერესს კი არ სურს, რომ შეტევითი პოტენციალი მხოლოდ კრიშტიანოზე იყოს დამოკიდებული, სწორედ ამიტომ იგეგმება ახალი ფეხბურთელების დამატება და ძველებისგან გაწმენდა.
ხელმძღვანელობის გასვლით კარიმ ბენზემას და გონსალო იგუაინის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში სამეფო კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 55 მილიონი ევროთი უნდა შეივსოს, ეს თანხა კი პერესს დიდ დახმარებას გაუწევს სუარესის და კავანის ტრანსფერში, რომელიც მართალია გაცილებით უფრო მეტი დაჯდება, მაგრამ ზემოთხსენებული თანხა დიდ როლს ითამაშებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო ალტერნატივაც ჰყავს კუნ აგუეროს სახით, რომელსაც სიტიში დარჩენა არ სურს და ღიად აცხადებს, რომ პრემიერ ლიგა მობეზრდა და სხვა ჩემპიონატში მონაწილეობით არის დაინტერესებული, არგენტინელი წინახაზელის ფასი 35-იდან 45 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც რა თქმა უნდა არც ისე პატარა თანხა გახლავთ.
- 15 აპრილი 2013
- 2 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.