კრიშტიანო : „მიყვარს სრულყოფილი ადამიანები“
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, ესპანელი ჟურნალისტი ერნესტო როდრიგესი სახლში მიიღო და ვრცელი ინტერვიუ მისცა...
რა არის თქვენი ცხოვრების კრედო?
მიყვარს გართობა, მეგობრებთან ერთად ბარებსა და რესტორნებში დროს ტარება, ასევე ვერ ვიტყვი უარს ღამის კლუბებზე, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია და ჩემთვის მთავარი მხოლოდ მადრიდის „რეალის“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წარმატება გახლავთ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების კრედო და მთავარი მიზანი მხოლოდ საუკეთესო კონდიციაში ყოფნაა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
პრესაში თქვენზე ბევრს საუბრობენ, არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ფსიქოლოგიისთვის შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს?
სიმართლე გითხრათ ამას უკვე შეჩვეული ვარ, მეტსაც მოგახსენებთ, კრიშტიანოზე ხშირ შემთხვევაში უარყოფითი შეფასებები და გამაკრიტიკებელი რეპლიკები ისმის, მაგრამ ეს ჩემზე აღარ მოქმედებს, უკვე მრავალი წელია პროფესიონალური კარიერა მაქვს, თავიდან მართლაც რთული იყო აჭრელებული პრესის ნახვა, სადაც ჩემი სურათები და სრულიად უაზრო რეპლიკები თავსდებოდა, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა, ამჟამად მხოლოდ კარიერაზე და პროგრესზე ვარ ორიენტირებული, საერთოდ არანაირი რეაქცია არ მაქვს პრესასა და ტელევიზიაზე. ჟურნალისტებზე აყოლა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ცუდად არ გამიგოთ.
სახლში ყოფნის დროს ხშირად ფიქრობთ ფეხბურთზე თუ სხვა თემებზე გაქვთ ყურადღება გამახვილებული?
როდესაც წინ დაძაბული თამაშები გველის, მუდმივად მატჩებზე ვფიქრობ და ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დადებითად განვეწყო, მსგავსი სახის პროცედურები არაერთხელ ჩამიტარებია და საკმაოდ კარგი შედეგებიც მაქვს. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ის მართლაც უთუოდ მეტად რთული მატჩების სერია, რომელეც წარმატებულად შეფასდა. მერწმუნეთ 2-ჯერ ბარსელონასთან და ამის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერთან წარმატების მიღწევა დიდ ფსიქოლოგიურ მომზადებასთან არის დაკავშირებული. სხვა შემთხვევაში კი დროს ოჯახის წევრებს და შვილს ვუთმობ, რომელიც ძალიან მიყვარს, მასთან ერთად თამაში ერთი დიდი სიამოვნებაა, მინდა გითხრათ, რომ პატარას ფეხბურთი ძალიან უყვარს და ხშირად უყურებს ხოლმე ტელევიზიის საშუალებით.
ფავორიტი გუნდი ჯერ-ჯერობით არ ჰყავს?
რა თქმა უნდა ჰყავს და ეს მადრიდის „რეალია“, იგი უყურებს თუ როგორ ირჯება და იღწვის მისი მამა სამეფო კლუბის წარმატებისთვის, აქედან გამომდინარე მთელი ოჯახი ‘ბლანკოსს“ ქომაგობს.
როგორ ფიქრობთ, რატომ ჰყავს სამეფო კლუბს ამდენი გულშემატკივარი, ან რატომ უნდა უქომაგო „ბლანკოსს“ და არა სხვა ევროპის გრანდს?
ეს უკვე გემოვნების საკითხია. ჩემი აზრით ჩვენი გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ჩვენ მოედანზე მართლაც სასიამოვნო სპექტაკლს ვდგამთ, ყველა გუნდს საკუთარი სათამაშო ფილოსოფია და სტილი აქვს, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი თუ რატომ უნდა გვიბალეშიკონ ჩვენ. სამეფო კლუბს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქომაგობენ, ესეიგი ჩვენი სტილი და ფილოსოფია უმეტესობისთვის მიღებულია.
ზოგადად მთელ მსოფლიოში, „რეალი“ ან უყვართ, ან მუდმივად აძაგებენ...
ეს იმიტომ ხდება, რომ ამ გუნდის შურთ, სამეფო კლუბი უდიდესი ისტორიის და ტრადიციების მატარებელია, ამ გუნდმა მართლაც ის შეძლო რაც ვერცერთმა კოლექტივმა ვერ მოახერხა. სანამ მადრიდელი გავხდებოდი, ალექს ფერგიუსონთან ვმუშაობდი, შოტლანდიელი სპეციალისტი ყოველთვის მესაუბრებოდა „წითელი ეშმაკების“ ტრადიციებსა და ისტორიაზე, მოგეხსენებათ სერ ალექსი წითლებს უკვე ძალიან დიდი ხანია სათავეში უდგას და მან იცის მანჩესტერული ფილოსოფია, მეტსად გეტყვით, მას სრულიად აქვს შესწავლილი როგორც მთელი გუნდის სტრუქტურა, ასევე ოლდ ტრაფორდის გარემო და ფანების თითოეული რეაქცია. მადრიდში გადმოსვლის შემდეგ კი ესპანური ტრადიციების შესწავლა დავიწყე, აქ სრულიად განსხვავებული ხედვა და ფილოსოფიაა, აქ წაგებას არასდროს არავინ გაპატიებს, რადგან ყოველთვის მოგებას ითხოვენ. როდესაც 5 გოლი გაქვს გატანილი და აღარ უტევ, გისტვენენ და კიდევ გატანას გთხოვენ, ეს არის სწორედ ის, რაც ფეხბურთელებს დიდ მოტივაციას და ამასთანავე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გამოუმუშავებს.
რას იტყვით რაფა ვარანზე, მან მართლაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და მომავალი აქვს...
ვარანი მართლაც დიდი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ იგი კარიერას როდესაც დაასრულებს, ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად იგი პროფესიონალურად თამაშობს და გულშემატკივრებს აოცებს, რაფაელმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლის გატანაც შეძლო , რაც მას საერთოდ არ ევალებოდა, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ფრანგი მეტად პროდუქტიული ფეხბურთელია. მანჩესტერთან რაფაელმა ბევრ მომენტში სიჭკვიანე გამოიჩინა, იგი პოზიციურად არ ცდებოდა და სრულ კონტროლს უწევდა დაცვის რგოლს, ის მართლაც მისაბაძი მცველია და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დაიხვეწება. რაფას ჰყავს ორი მასწავლებელი სერხიო რამოსის და პეპეს სახით, მან სწორედ ამ ორი მოთამაშისგან უნდა აიღოს მაგალითი.
ლა ლიგა თითქმის დაკარგულია, გაქვთ იმედები?
უკიდურესად ოპტიმისტი ვარ და სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს, ლა ლიგის ტიტულისთვის ვიბრზოლებ, არ მსურს იმაზე ფიქრი თუ რამხელა სხვაობაა ჩვენსა და კატალონიის ბარსელონას შორის, ჩვენ ლა ლიგაში ისინი დავამარცხეთ და ქულათა სხვაობა 3 ქულით შევამცირეთ, ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩემპიონი არა „ბლაუგრანა“ არა სამეფო კლუბი გახდეს.
როგორ ფიქრობთ, ლა ლიგაში თავგამოდებული ბრძოლა ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე პრობლემებს არ შეგიქმნით?
არა, რადგან ჟოზე მოურინიო ძალთა გადანაწილებას ახდენს. საბედნიეროდ ჩვენ თადარიგში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არის გუნდის დასახმარებლად, აქედან გამომდინარე როტაცია აუცილებლად მოხდება, რომელიც აუცილებლად გაამართლებს და გუნდის ფიზიკური კონდიცია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგება. არაფრის დათმობა არ გვსურს ეს მადრიდის „რეალის“ სტილი არ არის, ჩვენი მიზანი ყოველთვის უმაღლესია, ახლაც არ ვკარგავ იმედს, რომ პრიმერას დავეუფლებით და ჩემპიონობას „სიბელესზე“ ვიზეიმებთ.
რომელ გუნდს ისურვებდით ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური ეტაპის მეტოქედ?
არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომ 1/8 ფინალზე გეკითხათ გიპასუხებდით, რომ იუნაიტედის გარდა ყველას, მაგრამ ამ შემთხვევაში ინგლისელების ბარიერი უკვე გადავლახეთ, ამ ეტაპზე ნებისმიერი გუნდის დასამარცხებლად მზად ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას, ქალაქს და გუნდის სიძლიერეს, ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და ჩემპიონატის მოგებაა, აქედან გამომდინარე ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება უნდა შეგვეძლოს.
პიჩიჩისთვის ბრძოლას ჯერ არ გამოთიშვიხართ, მაგრამ მესის აშკარა უპირატესობა აქვს, გაღელვებთ ეს ამბავი?
ვფიქრობ, ლიონელი წელს მართლაც შეუდარებელია და იგი იმსახურებს პიჩიჩის ტიტულს, რადგან მცირე მონაკვეთში უამრავ გოლს მოუყარა თავი, მე ვაგრძელებ მეტოქეთა კარის დალაშქვრას და საკუთარ აქტივში გოლების ჩაწერას, მაგრამ რამდენად მოვახერხებ პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირობას, მეორე საკითხია, რადგან არგენტინელს მართლაც აშკარა და თვალნათლივი უპირატესობა აქვს, თუმცა გამორიცხულია არაფერია, შესაძლოა მოვიდეს ისეთი მატჩები, სადაც „პოკერს“ შევასრულებ და მესის დავეწევი, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ რეალობას მოკლებულია.
ლა ლიგისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობის შანსი ნამდვილად გავქთ...
დიახ, იქ სხვა სიტუაციაა, იმისათვის, რომ ევროსარბიელზე კიდევ განვაგრძო გოლების გატანა, გუნდი ჯერ ½ ფინალში შემდეგ კი ფინალში უნდა გავიდეს, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ არა იმიტომ, რომ მსურს გოლეადორობა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებას წარმოადგენს და არ შეიძლება ასე არ იყოს, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც „რეალმა“ ლიგა მოიგოს, ეს მოხდა 2002 წელს, ამჟამად კი 2013 წელია, 11 წლიანი პაუზა კი ისეთი გუნდისთვის როგორიც სამეფო კლუბია, უბრალოდ უკადრისი და შეუფერებელია, აქედან გამომდინარე მთელი გუნდი მუშაობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასა და მატჩის მოგებაზე.
დარჩება მოურინიო მადრიდის რეალის მწვრთნელად მომავალ სეზონში?
ეს უფროსობის გადასაწყვეტია და არა ჩემი, პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ალექს ფერგიუსონთან და ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახლავთ, მას მართლაც აქვს ის, რითაც ერთეულები გამოირჩევიან, აქედან გამომდინარე მასთან მუშაობას კიდევ უფრო დიდი ხნით ვისურვებდი.
- 14 მარტი 2013
- 3 332
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.