”კარგზე კარგი უნდა თქვა და ცუდზე ცუდი”
იდეა და აზრი, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.
გურამიშვილს აქვს ნათქვამი: ”ცუდზე ცუდი თუ არა ვთქვი, კარგი ვითარ უნდა ვაქო”. ეს ჩვენთან , რასაც დღეს მე ვუყურებ , მხოლოდ ცალმხრივად გამოიყენება. კონკრეტულად კი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი ზომებით. თუნდაც ისეთი დღეს ყველაზე ფართოდ განსჯად და ყველაზე ფართოდ განხილვადი თემა რომ ავიღოთ, როგორიც პოლიტიკაა. უკვე არახალია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსია და ყველას ესმის, თუ რას ნიშნავს იყო პოლიტიკოსი. გვესმის აპელირება ერთადერთი სიტყვით: ”სამართლიანობა”. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რას ნიშნავს, როცა იძახიან , რომ ყველასთვის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გაუგებარია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემთვის პირადად ტერმინი ”სამართლიანობა” არის წმინდა წყლის სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარე ტერმინი. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომაც არ გვინდა. უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ პოლიტიკაში ყველას, უფრო სწორად კი უმრავლესობას გვჩვევია ერთი ცუდით ბევრი კარგის გადაფარვა და პირიქით. ჩვენ ყოველთვის ვართ ორ უკიდურესობაში.
1. ცუდი
2. კარგი
არ არსებობს, რომ ერთი ადამიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ერთი ადამიანის მიერ განხორციელებულ ქმედებებიდან იმ ნაწილზე , რომელიც იმსახურებს, ვთქვათ, რომ ეს კარგია, ხოლო იმ ქმედებებზე , რომელიც არ იმსახურებს ამას, ვთქვათ, რომ ცუდია. პირიქით, მიუხედავად იმისა, ვამჩნევთ თუ არა ჩვენ კარგს, თუ ეს ადამიანი ან ადამიანები არ მოგვწონს პირადულად , მათ ყველა გაკეთებულ საქმეზე ვამბობთ რომ ცუდია. გვიჭირს იმის თქმა და აღიარება, რომ შეიძლება იმ საქმეებიდან მართლაც რაღაც ნაწილი იყოს ცუდი, მაგრამ ამავდროულად იყოს მათში ის კარგიც, რომლის არ დანახვაც ნამდვილად რომ არ შეიძლება და ნამდვილადაც რომ არასწორია. კითქვა აქედან გამომდინარე, ვართ კი სამართლიანები და ვაფასებთ კი სამართლიანობას ობიექტურად? მე ვფიქრობ, რომ არა.
ანალოგიური რამ ხდება ფეხბურთშიც. ჩვენთან ფეხბურთში ისეთივე გენიოსები და ისეთივე მრავლისმცოდნე ექსპერტები გვყავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა. ერთი პერიოდი და თუნდაც დღეს, ტელევიზორს რომ შეხედოთ, ადამიანთა უმრავლესობას , რომლებიც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევენ , სახელი და გვარის ქვევით ეკრანებზე დიდის ამბით მითითებული აქვთ წოდება ”ექსპერტი”. კი ბატონო, ხარ ექსპერტი, მაგრამ რისი, ვისი, სადაური, რაური , როგორი? ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. და იცით რა მიკვირს? ამდენი ექსპერტების გადამკიდე ქვეყანა, როგორც ვერ გამოძვრა და გამოვიდა და გადაბარგდა იმ რელსებზე, რასაც ნორმალური, დაწყობილი, მშვიდი და აშენებული ქვეყანა ქვია? იცით ეხლა რა აზრი მომივიდა? ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ამდენნი არიან ეს ექსპერტები და დრო მიაქვს თითოეულისთვის მოსმენას და ამიტომაც გაიწელა ჩვენი ქვეყნის სხვა რელსებზე გადასვლა. აშკარად არ გამოდის ეს რელსებზე გადასვლა ბუნებრივად. საერთოდ , როცა ქალს ბავშვის გაჩენა ბუნებრივად უჭირს, მას საკეისრო კვეთას უკეთებენ. მიხვდით ალბათ რაზეც ვამბობ ხომ? თუ არა, ბოდიშით, მეტს ვერ გავაგრძელებ.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ე.წ. ექსპერტები და დაუნახავი ხალხი გვყავს ფეხბურთშიც, თან მგონი იმაზე მეტნი , ვიდრე სპორტის ნებისმიერ სახეობაში. დაუნახაობას და დაუფასებლობას ვეძახი მე იმას, როცა ხედავ რა მაგრად თამაშობს ლიონელ მესი და ამბობ, რომ არაფრად არ ვარგა და მეზიზღება. დაუნახაობაა, როცა ხედავ რა მაგრად თამაშობს კრიშტიანო რონალდუ და ამბობ, რომ ბანძი ფეხბურთელია და გეზიზღება. დაუნახაობაა სწორედაც, როცა ხედავ, რომ ”ბარსელონა” მართლა კარგ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ეს ბოლო წლები და ამბობ, რომ სოფლის გუნდია და რომ ის არ გიყვარს და ამის მიზეზად სრულიად გაუგებარი და უაზრო მიზეზები მოგყავს (მე პირადად არ მომწონს ის სათამაშო სტილი, რომელსაც ”ბარსელონა” თამაშობს, უბრალოდ გემოვნების საკითხია და სწორედ ესაა მიზეზი, რაც მომყავს ე.წ. არგუმენტად ყოველთვის, როცა ვამბობ, რომ არ მიყვარს ”ბარსელონას” თამაში). თქვი და აღიარე , რომ მაგარი გუნდია , უბრალოდ შენ არ მოგწონს რაღაც მიზეზის გამო და არ თქვა, რომ ცუდი გუნდია, იმიტომ რომ ნამდვილად არაა ცუდი გუნდი. დაუფასებლობაა , როცა ისეთ გუნდზე, როგორიც ”მადრიდის რეალია” იძახი რომ ყურშები არიანო და ისეთ სტადიონზე , როგორიც ”სანტიაგო ბერნაბეუა” ამბობ, რომ ზოოპარკიაო. ესაა მეტოქის დაუფასებლობა, ესაა მეტოქის მიმართ უპატივცემლობა და ესაა დაუნახაობა. ასეთი აზრები საღად მოაზროვნეს არ უნდა მოგსდიოდეს თავში. მეტოქის ცუდი უნდა თქვა და მეტოქის კარგის აღნიშვნაც უნდა შეგეძლოს.
ადამიანი ცხოველისგან და მტაცებლისგან იმით განსხვავდება , რომ შეუძლია გაანალიზოს და შეუძლია იფიქროს. არ უნდა იყო რობოტივით, რომელიც იმას იძახის, რაც ჩაუპროგრამეს (თუ როგორ იტყვიან არ ვიცი ”ჩაინიკი” ვარ ამ დარგში:) ) ტვინში ოდესღაც. უნდა იფიქრო რას ამბობ, უნდა იფიქრო, რას აკეთებ. ვინ გიშლის ვინმეს ან რომელიმე გუნდის სიყვარულს. გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვაა და იყო დაბრმავებული ამ ”სიყვარულის’ გამო ეს სხვაა. მესმის, როცა მადრიდისტას უყვარს ”მადრიდის რეალი”, მაგრამ არ მესმის, როცა ვერ ხედავს მეტოქის სიძლიერეს. მესმის ბლაუგრანას გულშემატკივრისა, რომელსაც უყვარს თავისი გუნდი, მაგრამ არ მესმის, როცა ვერ ხედავს ვინაა მისი მეტოქე.
ადამიანი არ ფასდება მარტო 1 და 2 წლით. ისევე როგორც არ ფასდება , თუნდაც 10 წლით. ადამიანი ფასდება მთელი განვლილი ცხოვრებით ჯამში. ასევეა ნებისმიერი გუნდი, რომელიც ცოცხლობს. ის ფასდება იმ წარსულით , რომელიც მას ქონდა, ის ფასდება არა 5 და თუგინდაც 10 წლიანი გამონათებებით, არამედ ფასდება მთელი მისი სიცოცხლით. მიდის მუდმივი აპელირება იმაზე, თუ ვინ დაიწყებს წარსულის გახსენებას. კი მაგრამ მეგობრებო, არ გაგიგიათ სიტყვები ”აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა.” წარსულის დავიწყება არ შეიძლება და დიახაც, მე ერთ უბრალო მადრიდისტას მიხარია და მეამაყება ჩემი წარსული და ვერავინ , ვერასდროს და ვერსად ვერ შეძლებს ჩემს იმაში დარწმუნებას, რომ თურმე მე არ გავიხსნეო და მე უნდა დავივიწყო ჩემი საყვარელი გუნდის ისტორია. თუნდაც იმიტომ ვამბობ ამას, რომ ვერავინ ვერ დამაშურებს და შემაშურებს მათ ბოლო მიღწევებს , თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი ჩემი გუნდის ისტორია. ისტორია ის იარაღია, რომელიც მომავლის აწყობაში გვეხმარება. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ პატივს ვცემ ”მადრიდის რეალის” ისტორიას, მაგრამ ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე , თითქოს ისტორიით უნდა იცხოვრო. არამც და არამც. ეს სულ სხვა რამეა და ისტორიის პატივისცემა სულ სხვა რამ. წეღან იმიტომაც ვთქვი, რომ ვერავინ ვერასდროს მე ვერცერთ ტიტულს , თუ თასს ვერ შემაშურებს.
რაზე მოვყევი ეს ყველაფერი? იმაზე ჩემო საყვარელო ხალხო, რომ დღეს ყველას პირზე ერთი რამ აკერია, რომ ჟოზე უნდა გააგდონ გუნდიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაზეც ზემოთ გეუბნებოდით. ჯერ ერთი სიტყვა გააგდონ არის ადამიანის დაუფასებლობა. მეორე , ჟოზეზე იმის თქმა, რომ ”მადრიდის რეალისთვის” არ გაუკეთებია არაფერი, ქართული ”ექპერტიზმის” მორიგი გამონათებაა. დიახ, მე ვთვლი, რომ ჟოზე მოურინიომ ბევრი რამე გააკეთა ”მადრიდის რეალისთვის” ამ სამ წელიწადში (მე-4 ეხლა სრულდება). ელემენტარული , ყველაზე მეტად რაც მე მომწონს, ის გააკეთა, რომ კლუბში არის სიმშვიდე. რამდენი მწვრთნელი გამოცვალა ”მადრიდის რეალმა” თუნდაც 21-ე საუკუნეში? ბოლო 13 წლის მანძილზე? ჟოზემ შეძლო ის, რაც ვერცერთმა ვერ ქნა. ჟოზემ ქნა ის, რასაც სტაბილურობის განცდის დამკვიდრება ქვია გუნდში. თქვენ რა გგონიათ, ამას პატარა ენერგია ჭირდება? ისეთ გუნდში, სადაც ასეთი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, მოხვიდე და ასეთი სტაბილურობა შემოიტანო ცოტა რამეა? თქვენ რა გგონიათ, ნებისმიერი ახალი მწვრთნელის გამოჩენა, არ იწვევს ფეხბურთელებში დისკომფორტს? ელემენტარულად, თუნდაც სამსახური აიღეთ. ვინც მუშაობს ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ახალი უფროსის მოსვლა, ნიშნას სხვადასხვა შიშს, გაურკვევლობას და ა.შ. ჟოზემ კი სწორედ ეს აღმოფხვრა. ფეხბურთელებმა პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გატარებული ნაბიჯებით იგრძნეს, რომ გუნდში ნამდვილი ავტორიტეტი მოვიდა, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვის თქმა. როგორც არცერთ ქალს არ მოსწონს მასზე სუსტი (სუსტი ეხლა პირდაპირი მნიშვნელობით არ მიიღოთ) მამაკაცი, ისე არავის, მათ შორის ფეხბურთელებს, არ მოსწონს ის უფროსი, რომელიც არ არის ძლიერი და რომლის აქეთ-იქით თრევა და ტრიალი თავისუფლად შეიძლება. ამ დროს ყველაზე მეტად მახსენდება რამოდენიმე ეპიზოდი. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ანხელ დი მარიას შემთხვევა. გამოვიდა ფეხბურთელი და ამბობს, რომ მე დაცვაში ჩამოსვლა არ მიყვარს, სულ მინდა რომ წინ ვიყო და დაცვაში ჩამორბენა ჩემი სტილი არ არისო. რას შვება ამ დროს ჟოზე მოურინიო? მომდევნო თამაშში მას აძლევს დავალებას, რომ თავის მოედნის ნახევარს არ გასცდეს. არ მახოსვს რომელი თამაში იყო და როგორ დასრულდა ის შეხვედრა, მაგრამ ვინ მეტყვის, რომ ეს არი იყო სწორი გადაწყვეტილება? სასწორზე ქულები და გამარჯვება იდო, რომლის გამოც ”მადრიდის რეალი” მწვრთნელებს ხშირად ცვლიდა და ამ დროს ასეთ რისკზე ბევრი არ წავიდოდა. თავისუფლად დაუკრავდნენ დი მარიას თავს და მისცემდნენ საშუალებას , რომ ექნა ის, რაც გაუსწორდებოდა. ფეხბურთელს არ უნდა ქონდეს ასეთი კაპრიზები, ის მუდამ უნდა იყოს გუნდის გვერდით და იქ ითამაშოს, სადაც თავის გუნდს დასჭირდება. სწორედ ეს იყო დი მარიასთვის ამ გადაწყვეტილებით გაგზავნილი ასე ვთქვათ ”მესიჯი”, რომელიც მან წარმატებით აითვისა. არ ვიცი რა სურდა ჟოზეს (შეიძლება სრულიად გამართლებული მიზეზი ქონდა) მაშინ, როცა იკერ კასილასი დასვა სათადარიგოთა სკამზე და მას რამოდენიმე შეხვედრა ჯიუტად არ ათამაშებდა, მაგრამ ეს ჩემი აზრით , არასწორი საქციელი იყო.
ჟოზე ასევე ქნა ის, რომ გუნდში არის დისციპლინა. გუნდი, რომელშიც უდისციპლინობაა , არ ვარგა არაფრად. დისციპლინის დამყარება კი ასეთ კლუბში არ არის ადვილი. ამისთვის მას ბევრი ცუდი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწია, მაგრამ ეს იყო საჭირო. საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ გუნდის კეთილდღეობისთვის და სხვა არაფრის გამო. ჟოზემ ქნა ის, რომ გუნდს ბალანსი შესძინა, გუნდმა ისწავლა თანაბრად როგორც შეტევაში თამაში, ასევე დაცვაშიც. ორივე პოზიცია ჟოზეს დროს აშკარად გაძიერებულია და ამის არდანახვა მხოლოდ და მხოლოდ სიბეცის გამოხატულება იქნება. ამას წინათ ალფრედო დი სტეფანოს მოსაზრება წავიკითხე და არ შემიძლია არ დავეთანხმო მას იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანეთში ჟურნალისტები პარარელურად მწვრთნელების ფუნქციების შესრულებასაც ცდილობენ. არ შეიძლება მწვრთნელს მიუთითო, რომ ეს ასე უნდა გააკეთოო. ეს სხვა თუ არაფერი, პირველ რიგში მწვრთნელისთვის არის შეურაცხყოფის მიყენება. ჟოზე სწორსაც აკეთებს, როცა მათ არ უსმენს, იმიტომ რომ ელემენტარულად ბევრმა მათგანმა არც კი იცის რა ხდება შიგნით, რასაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშისთვის მომზადებისას.
ჟოზეს ”მადრიდის რეალში” გადმოსვლის შემდეგ ”ელ კლასიკოებში” განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხალხი აქტიურად ლაპარაკობდა იმაზე, რომ მოუ ყველაფერს უკარგავდა თავის ხიბლს. ამას ამბობდნენ ის ”ექსპერტები”, რომლებსაც ალბათ თვალითაც არ აქვთ ნანახი, თუნდაც Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოებში რა ხდებოდა სანჩესის , იეროს დროინდელ კლასიკოებში. პირადად ჩემთვის, იმ კლასიკოს აქვს ასე ვთქვათ ”მუღამი”, სადაც მუდამ ესეთი დაძაბულობა იქნება, სადაც ფეხბურთელები თამაშის სიმძაფრიდან გამომდინარე გაიწევენ კიდევაც ერთმანეთზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გემოვნების საკითხია, სწორედ ასეთი დაძაბული და დრამატული კლასიკოა სანახაობრივად კარგი. სწორედ ეს უკომპრომისო ბრძოლა სძენს დამატებით ხიბლს ამ საფეხბურთო მოვლენას. ფეხბურთელს უნდა ქონდეს ჟინი, უნდა ქონდეს მონდომება, არ უნდა ეპუებოდეს ადვილად წაგებას, მიუხედავად გაშვებული გოლებისა, მუდამ ბოლომდე უნდა იბრძოდეს, თუ ხელია დასარტყამი უნდა დაარტყას, იმიტომ რომ ეს კლასიკოა, ესაა ომი, სადაც მხოლოდ საფეხბურთო ჩინოვნიკების მიერ ფურცელზე დაწერილი წესი არ მოქმედებს. ეს კლასიკოა, სადაც წესები არსებობენ იმისთვის, რომ დაირღვეს და სადაც ბოლომდე არსებობს სიტუაციის აფეთქებისა და დაძაბვის მომენტი. მე პირადად, სწორედ ეს კლასიკო მომწონს და არა ფერებ-ფერენაში ჩატარებული კლასიკო, რომელსაც ალბათ ბევრი დამეთანხმება და ალბათ ბევრიც არა, რომ არანაირი მუღამი არ აქვს. ერთადერთი რაც არ მომწონს და არასდროს არ იქნება მისაღები ისაა, რომ მოედანზე განვითარებული მოვლენები მოედანზევე უნდა დარჩეს და ეს ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ. მსაჯის სასტვენის შემდეგ მოედანზე განვითარებული მოვლენები იქვე კვდება, რამდენად იყო ეს ასე ამის განსჯა თქვენთვის მომინდია და მე კი მგონია, რომ ეს ასე იყო.
სათამაშო სტილი, რომელსაც ჟოზე ათამაშებს რეალს. თემა, რომელსაც ყველა ჟოზეს მოწინააღმდეგე აქტიურად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს სწორედ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მოახერხეს და სეზონის მანძილზე ლა ლიგაში რეკორდულ ქულას მოუყარეს თავი და ამავდროულად სარეკორდო გოლთა რაოდენობა მიითვალეს საკუთარ ანგარიშზე, მიუხედავად ამისა, აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ჟოზე დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ბურთის მუდამ არ ქონა არაა დაცვითი ფეხბურთის თამაში ჩემო კარგო ხალხო. ზემოთაც ვთქვი და ეხლაც ვამბობ, არ მომწონს მე ის თამაში , რასაც ”ბარსელონა” თამაშობს , არ მომწონს მე ტიკი-ტაკა და ამისთვის შემტევი ფეხბურთის დარქმევა, მე მიყვარს გააზრებული, გათვლილი ფეხბურთის თამაში, სადაც მეტოქეს მაშინ აძლევ ბურთს, როცა შენ გინდა, მაშინ ართმევ, როცა ამის სურვილი გაქვს და თუნდაც უტევ, როგორც კი შანსი გიჩნდება. მე მიყვარს, როცა მეტოქეც თამაშობს და შენც თამაშობ, ანუ თამაში შენი კარნახით მიდის, მაგრამ მეტოქესაც აძლევ თამაშის საშუალებას. როცა ორი გუნდი თამაშობს და არა ერთი, სწორედ მაშინ იდგმება სანახაობები და სპექტაკლები და არა მაშინ, როცა მარტო ერთი თამაშობს და მეორე არაფერს არ აკეთებს. იმ ფეხბურთში, როელზეც მე ვიძახი , ყველაფეირ შენი მეტოქის სიძლიერეზეა დამოკიდებული. თამაშს იმის მიხედვით გეგმავ, როგორი მეტოქეც გყავს. რატომ არ გახსნა თამაში მოუმ? რატომ არ შემოიყვანა ეს , რატომ შემოიყვანა ის, რატომ ათამაშებს სამი ხედირას და ალონსოს, ათამაშოს მოდრიჩი/კაკა და ა.შ. მეგობრებო თამაში გათვლა და დაგეგმვა არ არის ეგრე ადვილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თამაში უნდა გახსნა მაშინ, როცა ხედავ რომ მეტოქეს არ აქვს ძალები და უნდა დაკეტო მაშინ, როცა ხედავ რომ მეტოქეს საკმარისად ძლიერი გხვდენა. ”ბარსელონასთან” ჟოზე სწორედაც რომ ამ პრინციპს მიმართავდა. ვინც ამბობს, რომ ”ბარსელონასთან” თამაშის გახსნა შეიძლება , იმათ პასუხად თუნდაც ის 5:0 და 2:6 ანგარიშები გამოდგება. სწორედ ის 5:0 იყო გაკვეთილი , რომელიც ჟოზემ მიიღო და რომლისგანაც მან ისწვალა. რა თქმა უნდა, არ არსებობს უშეცდომო ადამიანი და შესაბამისად არ არსებობს უშეცდომო მწვრთნელი. იყო შეცდომები, რომლებიც სრულიად ჟოზეც ბრალი იყო, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ის სიკეთე, უფრო სწორად სარგებელი , რაც ჟოზემ ”მადრიდის რეალს” მოუტანა მათზე მეტია. ასევე ჩემი აზრია ის, რომ შეუძლებელია ჩემპიონატში სეზონში 120 გოლის გამტან გუნდს უწოდო დაცვითი ფეხბურთის მოყვარული.
ხშირია ისეთი ტერმინები, როგორიცაა ”ეს ის ”მადრიდის რეალი” არაა”. ასეთი ტერმინების საპასუხოდ კი მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია და შეიძლება მეგობრებო, რომ ერთი პერსონაჟი ”მე ის თამრო აღარ ვარ”-ისა არ იყოს, სამწაუხაროდ თქვენ მართალი ბრძანდებით, დიდი ხანია ეს ის ფეხბურთი არაა და ეს ის პერიოდი არაა, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა თავიდან ბოლომდე. ცხოვრების კანონია, დღეს როგორც თამაშობ ისე ხვალ ვერ ითამაშებ, იმიტომ რომ თავად ხვალინდელი დღე ითხოვს შენგან უკვე რაღაც სხვა, რაღაც ახალს, რაღაც განსხვავებულს. თუ ფეხი არ აუწყვე მას და ჩამორჩი, გაიჭყლიტები, დასამარდები და ისტორიას ჩაბარდები. სამყარო იცვლება, ადამიანები იცვლებიან და რა გასაკვირია, რომ ფეხბურთი შეცვლილია.
რისი თქმა მინდოდა მე მთელი ჩემი ამ სტატიით არის ის, რომ როცა ვინმეს , რამეს აკრიტიკებ და თან ამბობ, რომ ის არ ვარგა და ამ დასკვნას აკეთებ მხოლოდ და მხოლოდ ცუდი საქციელებიდან, გადაწყვტილებებიდან გამომდინარე, მანამდე სჯობს დაფიქრდე იმ კარგზე, რაც ამ ადამიანმა გააკეთო და მსჯელობისას და დასკვნის გასაკეთებლად კარგი და ცუდი ერთდროულად გამოიყენე და ისე მიიღე დასკვნა. მე ჩემი ნათქვამით, არ ვარ ჟოზე მოურინიოს ე.წ. ”პერსოფანი”. ვაღიარებ, რომ ჟოზეს ქონდა შეცდომები (საიდანაც , როგორც ზემოთ აღვნიშნე რამოდენიმეს სიტუაცია ითხოვდა და კლუბის მომავლისთვის სხვანაირად არ შეიძლებოდა), მაგრამ ის, რაც ჟოზე ”მადრიდის რეალს” მისცა და ის , რისი მიცემაც მას მომავალში შეუძლია (თუნდაც სტაბილურობა რად ღირს), უფრო მეტია და უფრო ღირებულია, ვიდრე ის უარყოფითები.
- 13 მარტი 2013
- 6 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.