მორიგი ტრადიციული მიმოხილვა
მადრიდის რეალმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ბარსელონასთან, ამის შესახებ ყველამ ვიცით. ბარსელონას ფანებს კვლავ ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ გამაღიზიანებელი კომენტარებისაგან და გვაცალონ ზეიმი, მადრიდისტებს კი გთხოვთ თქვენ ნუ მოუშლით ნერვებს მეტოქე გუნდის ქომაგებს.
მატჩის ყველაზე სადაო ეპიზოდიდან მინდა დავიწყო, ბარსელონას გულშემატკივრები რა თქმა უნდა იტყვიან, რომ იქ პენალტი იყო, რეალის კი საპირისპიროდ დაამტკიცებენ, რომ არ იყო. მე გთავაზობთ შენელებულ კადრებს და თავად გამოიანეთ დასკვნა რამდენად იყო წესების დარღვევა. ნეიტრალური გულშემატკივრის პოზიციიდან რომ შევხედო, ვიტყოდი, რომ რამოსს წესები არ დაურღვევია. მიუხედავად ამისა მაქვს გონივრული ეჭვი, რომ კულეები ასეთ მოსაზრებას ამ კადრების ნახვის შემდეგაც არ დაეთანხმებიან. საერთოდ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კატალონიელთა ქომაგები მადრიდისტებს მსაჯზე წუწუნის გამო აკრიტიკებდნენ და იძახდნენ, რომ თუ პრეტენზია გაქვთ საუკეთესოოობაზე მსაჯებზე არ უნდა იყოთ დამოკიდებული და უშუალო კონკურენტს პირნათლად უნდა მოუგოთო. შესაბამისად თქვენ სიტყვებს არ უნდა უღალატოთ და მოგვილოცოთ გამარჯვება, თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის რეალს უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა, ვიდრე კატალონიურ გრანდს. 2:2 კი არასამართლიანი შედეგი იქნებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს პირველ რიგში უნდა გამოვყო ალვარო მორატას თამაში, მან საწყის წუთებზე საგოლე გადაცემა გაუკეთა ბენზემას და ფრანგმა ფორვარდმა ფაქტიურად ცარიელ კარში გაიტანა გოლი. ჩემი სტატიები თუ გახსოვთ, ყოველთვის "ვლობირებდი" ახალგაზრდა კასტილიელებისათვის შანსის მიცემას და რამდენჯერაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, იმდეჯნერ დაამტკიცეს, რომ ღირსნი არიან უფრო მეტი პატივისცემით მოეპყრან. კანტერანო მშვენივრად გაირჯა, მან მოიგო თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა, თან ისეთ გამოცდილ მცველთან, როგორიც პიკეა. ხშირად ჭრიდა ბურთს და აქტიურად ეხმარებოდა გუნდს დაცვაშიც. გასაოცარი იყო მისი აკურატული მოქმედებები ფლანგზე. ხშირად არღვევდა მოედნის შუაში თამაშის წესს და ასე ცდილობდა მეტოქის სახიფათო შეტევის ჩაშლას, ოღონდ იმ შემთხვევაში სხვა გზა თუ არ არსებობდა.
კვლავ მინდა შევეხო რაფაელ ვარანს, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და კრიტიკოსებს კიდევ ერთხელ გასცა პასუხი. მას კარგი თამაში არ "გაუვარდა", ის ბრწყინვალე ფორმაშია და მიუხედავად ასაკისა სტაბილური, დაღვინებული და ბრძენი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. მადრიდის რეალს მისი სახით მომავალი ლეგენდა ეზრდება, რომელმაც ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს იგივე სერხიო რამოსისგან, რომ გახდეს მორიგი თეთრი ლეგენდა.
საერთო ჯამში მადრიდელებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და ყველა ფეხბურთელმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არც ერთი გუნდი მთელი დატვირთვით არ თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმში რეალს უფრო მეტად სურდა მოგება და მიაღწია კიდეც საწადელ სურვილს. გამარჯვების გოლი გუნდის ვიცე-კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაიტანა. ბურთის აღნიშვნა კი ყველას კარგად გახსოვთ. მან მოიძრო კაპიტნის სამკლაური და რეალის გერბს აკოცა. საერთოდ თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად წავაწყდებით სერხიოს სტილის ფეხბურთელებს. მის ყველა მოქმედებაში ჩანს სიყვარული და თავდადება საკუთარი გუნდისადმი. მადრიდელთა ოთხიანი მზად არის უკომპრომისო ბრძოლისათვის და უკან არასოდეს იხევს, მუდამ გვერდში უდგას თანაგუნდელებს და არ აძლევს მეტოქეს მათი დაჩაგვრის საშუალებას. ის არა მარტო პოზიციით არის მცველი, არამედ ხასიათით და ბუნებითც. ასეთი იყო გუტი და რაული, ასეთია იკერ კასილასი, რამოსი კი უკანასკნელი მოჰიკანია, აჩრდილი იმ დიადი რეალისა, რომელშიც თამაშობდნენ ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, რაული, გუტი... სწორედ ის აგრძელებს მათ მემკვიდრეობას და გადასცემს ახალ თაობას, ისეთები როგორებიც არიან მორატა და რაფაელ ვარანი. მადლობა ელ კაპიტანოს, რომ სამეფო კლუბს ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც იცავს გუნდის ღირსებას და ღირებულებებს.
ყოველთვის ვემხრობოდი იმ თეორიას, რომ მადრიდის რეალი ბარსელონაზე უკეთესი გუნდია, უბრალოდ ბოლო პერიოდში კატალონიელთა დომინირების გამო თეთრებს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ მათთან თამაშისას. ყველა შეხვედრაში ბლანკოსი პირველ წუთებში აქტიურად იწყებდა თმაშს და ხშირ შემთხვევაში გოლსაც პირველი იტანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აგებდა, რადგან მეტოქე მალევე ათანაბრებდა თამაშს და ისე ჩანდა თითქოს ბარსა ერთი ფეხით უგებდა მეფეებს. გარდამტეხი პერიოდი სუპერთასის შეხვედრები იყო, სადაც გულშემატკივრებმა ნამდვილი თრილერი იხილეს, რეალმა კი მოახერხა იმ კომპლექსის დაძლევა, რომელსაც ბარსელონასგან გოლის გაშვება ერქვა. ბოლო ორ შეხვედრაში კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პირიქით სამეო კლუბმა მოიგო ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. დიდი იმედი მაქვს, რომ კატალონიელებს გაუჩნდებათ ახლა "ბლანკოფობია" და რეალი მათთვის ყველაზე უხერხული მეტოქე გახდება. ამას დრო გვიჩვენებს, ახლა კი ბარსას წარუმატებლობა მხოლოდ ხორდი როურას ბრალდება....
- 2 მარტი 2013
- 6 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.