ელ კლასიკოს მიმოხილვა

პირველ რიგში მადრიდისტებს მოგილოცავთ გამარჯვებას და სამეფო თასის ფინალში გასვლას. ასევე მივმართავ ბარსელონას გულშემატკივრებს, რომ თავი შეიკავონ გამომწვევი კომენტარებისაგან, უკანასკნელ პერიოდში გამართული თითქმის ყველა კლასიკოს მიმოხილვა მაქვს დაწერილი და როდესაც სამეფო კლუბი მარცხდებოდა კატალონიელებს ვულოცავდი გამარჯვებას, ახლა კი მინდა თქვენგანაც იგივე მოვითხოვო, აღიაროთ და შეეგუოთ მარცხს. შემდეგი თამაშიც ელ კლასიკო იქნება და არავინ იცის ის რა შედეგით დასრულდება, ასე რომ პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს და კამათისას ვეცადოთ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მადრიდის რეალის შემადგენლობა არ მომეწონა. მეწყინა კაკა სათადარიგოთა სკამზე რომ დარჩა და პეპეც მას შეუწყვილეს. ეჭვი გამიჩნდა, მატჩის დათმობას ხომ არ აპირებენთქო, რამოსის ფლანგზე განწესებას ველოდი და პეპე-ვარანის დუეტს ცენტრში, მაგრამ მოურინიომ სხვანაირად გადაწყვიტა და გაამართლა კიდეც. თეთრები საქმეს თავიდანვე სერიოზულად მიუდგნენ, ყველამ იცოდა, რომ ბლანკოსს ორი ტურნირის მოგების შანსი ჰქონდა მათ შორის კოპა დელ რეიც იყო. რა თქმა უნდა ბევრი რამ სამეფო კლუბის ლიდერზე კრიშტიანო რონალდოზე იყო დამოკიდებული. მან ამ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე 90 000 სიძულვილით აღსავსე ადამიანის ყურადღება მისკენ იყო მიმართული, კრისმა არაფრად ჩააგდო ისინი და ორი გოლით დაადუმა ან პირიქით კიდევ უფრო გააღიზიანა ნოუ კამპზე შეკრებილი კულეები. გარდა იმისა, რომ პორტუგალიელმა 2 გოლი გაუტანა ბარსას, უნდა აღინიშნოს, რომ მან ძალიან ბევრი შავი სამუშაოც შეასრულა და ბევრი იმოძრავა მოედანზე. იგივე შეიძლება ითქვას დი მარიაზეც, რომლის თამაშიც ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქვეშ. გუშინდელ მატჩში სადაც არ უნდა გაგეხედა ყველგან ანხელიტო იყო. არგენტინელი ყველაფერს კარგად აკეთებდა, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა ძალიან აგვიანებდა გადაცემის გაკეთებას და ბურთს ათრევდა, რის გამოც ხშირად კარგავდა მას. გარდა ამისა, როდესაც შეეძლო მარტივად თამაში, ცოტათი ართულებდა ყველაფერს. მიუხედავად ამისა მაინც პოზიტიურად უნდა შევაფასოთ მისი ასპარეზობა, რადგან მეორე გოლი სწორედ მისი შექმნილია. მესუთ ოზილი კი ძალიან დაკარგული ჩანდა, მაგრამ ძირითადად შავი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული. შეტევაში ყველაზე სუსტი წერტილი გონსალო იგუაინი იყო, რომელსაც ღირებული არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ერთი მცველის ყურადღებას იქცევდა და ასე მაინც უთავისუფლებდა რონალდოს სივრცეებს, მიუხედავად ამისა პიპიტა აშკარად ამოვარდნილია ფორმიდან.

აღფრთოვანებული ვარ ალონსოსა და ხედრიას თამაშით, ნახევარმცველებმა ბარსას მრისხანე ხერხემალი ე.წ. ”ჩავიესტა” + ფაბრეგასი გააჩერეს და შეტევის საშუალებას არ აძლევდნენ. კოენტრაოს პროგრესი ბოლო პერიოდში გასაოცარია. პორტუგალიელმა როგორც იქნა მოიპოვა თავდაჯერებულობა და მწვრთნელის ნდობა. ყველაზე საინტერესო კი დღეს სერხიო რამოსის თამაში იყო, მისგან მიჩვეული ვართ ხისტ და უხეშ თამაშს ბარსელონასთან, სადაც პროვოკაციაზეც ხშირად მიდის და მასაც ხშირად იკიდებენ პროვოკაზიის გზით, მაგრამ დღეს ის კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა მოედანზე და იყო ერთგვარი ხიდი ბლანკოსისა და კატალონიელ ფეხბურთელებს შორის, ხშირად მადრიდელთა ოთხიანი ცდილობდა მოეგვარებინა მოედანზე შექმნილი დაძაბულობა. ერთ დროს ”ბუნტის თავი” დღეს ნამდვილი კაპიტანი იყო და მთელი მატჩი ღირსეულად ჩაატარა, არაფერზე უკან არ იხევდა, მაგრამ ამავდროულად არბიტრის როლსაც ასრულებდა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა თავის გუნდში და მოწინააღმვდეგესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გახსოვთ ალბათ პირველი ტაიმის ბოლოს ხორდი ალბას სიმულაცია. მსაჯის სასტვენის შემდეგ სერხიო ჩავის მიუახლოვდა ალბასკენ გაიშვირა ხელი და შემდეგ ბარსელონელთა ექვსიანს გადაულაპარაკა. არავინ იცის რაზე საუბრობდნენ ესპანელები, მაგრამ მეორე ტაიმში ხორდი ალბა უფრო დაწყნარებული და თამაშზე ორიენტირებული ჩანდა, ვიდრე პირველ ტაიმში. დაცვის ხაზსაც ჰყავდა სუსტი წერტილიდა ეს ალვარო არბელოა იყო, მისგან უარესი შეხვედრებიც გვახსოვს, მაგრამ ყველაზე სახიფათო მომენტები სწორედ მისი ფლანგიდან იქნებოდა და სამეფო კლუბმა ამ პოზიციის გაძლიერებაზე სერიოზულად უნდა იფიქროს.

არ გეგონოთ, რომ რაფა დამავიწყდა. მისი მადრიდის რეალში გადმოსვლის დღიდან ლუპით ვაკვირდები, რადგან ზინედინ ზიდანმა ურჩია თეთრებს მისი შეძენა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ზიზუ კარგ არჩევანს გააკეთებდა. სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ ასეთი კარგი იქნებოდა. მას უკვე მივუძღვენი ვრცელი სტატია (V For Vendetta) პირველი კლასიკოს შემდეგ და მაშინ ბევრმა მადრიდისტამ ცაში აიყვანა ქებით (მათ შორის მეც), ზოგმა კი თქვა, რომ ერთი თამაში ”გაუვარდა” და ვნახოთ მომავალში რას იზამსო. მგონი მანჩესტერთან და ბარსასთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გაეცა, ვარანი უკვე არის მსოფლიო კლასის მცველი, სულ ცოტა ხანში კი მსოფლიოს საუკეთესო მცველი უნდა გახდეს. შეიძლება ახლა ძალიან ამბიციური განცხადება გავაკეთო, მგონი გამოჩნდა მცველი, რომელმაც იცის როგორ უნდა გააჩეროს მესი და ეს 19 წლის რაფაელ ვარანია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მისთვის არ არსებობენ ავტორიტეტები, მისთვის არსებობს საფეხბურთო მოედანი, სადაც ყველა ფეხბურთელი თანასწორია და ნებისმიერთან შეუძლია შეჭიდება, ჟან ჟაკ რუსოსი არ იყოს, უპირველეს ყოვლისა უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი საერთო ნება და მხოლოდ შემდეგ ინდივიდუალური სურვილებიო, სწორედ ამ დიდი ფრანგი ფილოსოფის იდეებს მისდევს რაფაელ ვარანიც.

მოკლედ სულ ეს იყო... კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და ველოდები ახალი მიწების დაპყრობას, რიგში კი არც მეტი არც ნაკლები დიდი ბრიტანეთია...

  • SunSay
  • 27 თებერვალი 2013
  • 8 105
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)