ზედმეტი სიტყვების გარეშე: კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო მადრიდის „რეალის“ უდავო ლიდერზე (და არამარტო მასზე).
მასზე ბევრი დაიწერა და ითქვა, მათ შორის ამ საიტზეც. იყო ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი. ბევრს უყვარს, ბევრს დასანახად ეჯავრება, არიან ბევრი ნეიტრალურები. მაგრამ რაღაც უსუსური და მეორე ხარისხოვანი მიზეზებით, მას სამეფო კლუბის გულშემატკივრებშიც კი ჰყავს ბევრი მოძულე. მეორე ხარისხოვანს მე ვუწოდებ მიზეზებს, რომლებიც მოჰყავთ ხოლმე მისი პიროვნების შესახებ. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია, იმსჯელო ადამიანის პიროვნების შესახებ, ისე რომ მას პირადად არ იცნობდე. დავუშვათ მას საშინელი პიროვნული თვისებები აქვს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს მის ფეხბურთელობასთან. მთავრია ის სიხარულს ანიჭებს უამრავ მადრიდისტას, აი ესაა მთავარი.
ის უბრალოდ შთამბეჭდავია. ის უბრალოდ შეუცვლელია. ის უბრალოდ უსწრაფესია. მხოლოდ მას შეუძლია მე–80 წუთზე 96 მეტრი ირბინოს 10 წამში, სავარაუდოდ მას რამდენიმე კილომეტრი უკვე ექნებოდა ნარბენი. ის უბრალოდ არასოდეს იღლება. ის უბრალოდ უძლიერესად ურტყამს თავით და ორივე ფეხით. ის უბრალოდ იტანს ჯარიმებს, იტანს შორიდან ულამაზესი დარტყმებით. ის უბრალოდ „რეალის“ მთავარი დამრტყმელი ძალაა. ის უბრალოდ ყველაფერს აკეთებს იმისთვისის, რომ უყვარდეს გულშემატკივრებს და პატივს სცემდნენ მას, აფასებდნენ და მხარში ედგნენ მაშინ, როცა მას ეს სჭირდება. ის უბრალოდ ასეთია.
ის უბრალოდ ატარებდა და ატარებს ისეთ „7“–იანს, რომელსაც უდიდესი ლეგენდები ატარებდნენ: ჯორჯ ბესტი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი, ლუის ფიგუ და რა თქმა უნდა რაული. შეცვალო ასეთი ფეხბურთელები ძალიან ძნელია. რამდენად გამოუვიდა და გამოუვა რონალდოს ეს, ამაზე მისი კარიერის დამთავრების შემდეგ უნდა ვისაუბროთ.
ის საკუთარი თამაშით ჩვენც უდიდეს სიხარულს და სიამოვნებას გვანიჭებს, რის გამოც მე მისი მადლობელი ვარ და ზუსტად ამიტომ ვაფასებ მას. მე მისი ხასიათი სულ არ მაინტერესებს, არც მისი პირადი ცხოვრება. მთავარია მას აცვია თეთრი ფორმა, ზედ გულზე კი „რეალის“ გერბი აქვს გამოსახული. აი ესაა ჩემთვის მთავარი. ჩემთვის სულ ერთია ვინ გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან ვინც მე მსურდა ის სამეულშიც არაა. არც მისი მესისთან შედარება მაინტერესებს და დავა ამაზე, რაც უკვე მოსაბეზრებელი და ნერვების მომშლელია. მე უბრალოდ არ მინდა, რომ მან დატოვოს მადრიდი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.
მაღლა ვთქვი ის უბრალოდ ასეთია მეთქი. ზუსტადაც, ის განსხვავებულია. მას უყვარს პირველობა. მას უყვარს, როცა პუბლიკას აღაფრთოვანებს, როცა მას ტაშს უკრავენ, როცა გრძნობს მხარდაჭერას. მას ეს სჭირდება. სხვანაირად არ შეუძლია. ამის გარეშე უბრალოდ თამაში არ მისდის. რა თქმა უნდა მას კარგი თამაშისთვის კარგი პარტნიორები სჭირდება, განსაკუთრებით ფლანგზე. „მანჩესტერში“ ასეთი ევრა იყო, რომელსაც შესანიშნავად უგებდა. „რეალში“ ასეთად მისი მეგობარი მარსელო მოგვევლინა. მარსელო და რონალდო ფლანგზე უბრალოდ შეუჩერებელნი იყვნენ. მარსელოს ტრამვის შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ რონალდოს გაუჭირდა, გოლებსაც უკლო და თამაშის ხარისხიც დაუვარდა. კი მართალია არის კოენტრაო, მაგრამ... მაგრამ მარსელო სულ სხვაა, ის უბრალოდ საუკეთესოა თავის პოზიციაზე. კოე კი პორტუგალიაშიც ჰყავს რონალდოს. და ცოტა წავიოცნებებ და წარმოვიდგენ მარსელო, რომ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში თამაშობდეს რა იქნებოდა. ხო მართლა და ისე ძალიან მაგარი სანახავი იქნებოდა რონალდო და რობერტო კარლოსი ერთად.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რონალდომ სეზონი ცუდად დაამთავრა. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს: მარსელოს ტრამვა, გულშემატკივრებისაგან ნაკლები მხარდაჭერა და სიყვარული, რასაც მანჩესტერშია მიჩვეული, პარტნიორების საშინელი ფორმა, გუნდში არეული სიტუაცია და ურთიერთობები...
მე მხოლოდ იმედით ვუყურებ სეზონის მეორე ნახევარს. ზამთარში ალბათ ყველაფერი დაწყნარდება. მარსელო დაბრუნდება და გუნდში დააბრუნებს იმ სიხარულსა და ჟრიამულს, რასაც მიგვაჩვია. რონალდოც ძველებურად ათამაშდება. იოზილი და დი მარია ფორმას დაიბრუნებენ, იმ ფორმას როცა თითქმის ყველა მათი პასი გოლით მთავრდებოდა. თავდასხმაში ცოტა რთულადაა საქმე, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება. იმედი კი იგუაინისა უფრო მაქვს ვიდრე ბენზემასი. არ დაგვავიწყდეს პატარა ნიჭიერი მადრიდისტა, მორატა, რომელსაც თითოეულ თამაშში ეტყობა, რომ უყვარს სამეფო კლუბი და მისთვის ყველაფერს გააკეთებს. დაცვას რაც შეეხება, უძლიერესი ცენტრალური დაცვა გვყავს. აი მარჯვენა ფლანგზე რა ვთქვა არ ვიცი. უფრო სწორად ვიცი: დააბრუნეთ კარვახალი. მეკარეზე სიტყვები ზედმეტია. მწვრთნელის საკითხი კი ამ სეზონის ბოლომდე ალბათ არ განიხილება.
ეს წინა აბზაცი სათაურთან არაფერ შუაშია, მაგრამ იყოს მაინც იქნებ ვინმეს დააინტერესოს.
საინტერესო ზამთარი ელოდება ფეხბურთის მოყვარულთ, სატრანსფერო სიახლეები და ბევრი ჭორები, საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა და ასე შემდეგ.
წინასწარ გილოცავთ ყველას შობას, ახალ წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ასევე ჩვენ საყვარელ გუნდს მინდა ვუსურვო გაძლიერება. თქვენ გაგიმარჯოთ ჰალამადრიდელნო, იმრავლეთ და იბედნიერეთ.
ყველაფერი კარგად იქნება!
ლ.ჭ. halamadrid.ge - სთვის.
- 24 დეკემბერი 2012
- 6 325
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.