მადლობა მოუ
მადრიდის რეალმა მორიგ მატჩში იწვნია კრახი. ჩავარდნა შეიძლება ყველა გუნდს ჰქონდეს, მათ შორის მადრიდის რეალსაც, მაგრამ ამდენი ხანი არ უნდა გრძელდებოდეს. ამ სეზონში სამეფო კლუბი პირდაპირ ვთქვათ საშინელ ფეხბურთს აჩვენებს და მე, როგორც მადრიდის რეალის რიგით გულშემატკივარს გული მწყდება. არა იმაზე, რომ ჩემი მეგობრები დამცინებენ, მრცხვენია, რომ ასეთი ისტორიის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობის, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ გუნდში დიდი დაპირისპირება უნდა სუფევდეს, რაზეც კასილასის სათადარიგოთა სკამზე დასმაც მეტყველებს. ეტყობა მწვრთნელსა და კაპიტანს შორის უთანხმოებაა. მოურინიოს უკვე "შეარჩინეს" მადრიდის რეალიდან ორი ლეგენდის რაულისა და გუტის გაშვება, რომლებიც სიმართლე უნდა ითქვას უკვე ასაკში იყვნენ და იმ ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ, რომლითაც თავის დროზე სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვეს ადგილი, თუმცა ხოსე მარია რაულისაგან განსხვავებით არასოდეს ყოფილა მუდმივად ძირითადის წევრი და სამეფო კლუბში მრავალწლიანი ასპარეზობისას ერთხელაც არ უწუწუნია, რომ მას მეტი სათამაშო დრო სურდა. რაც შეეხება ელ კაპიტანოს, ის დღევანდელ 25-25 წლის კარიმ ბენზემასა და გონსალო იგუაინს პირადად მე 1000-ჯერ მირჩევნია. აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ორ ფეხბურთელის დადებითი თვისება მხოლოდ მაღალ დონეზე თამაში არ იყო. ისინი პირველ რიგში პიროვნებები იყვნენ და სწორედ თავიანთი საქციელით დაიმსახურეს გულშემატკივრების სიყვარული. დღევანდელ მადრიდის რეალში კი ძალიან ცოტა პიროვნება თამაშობს. იგივე რონალდო, დი მარია, ოზილი თუ ბენზემა (იგუაინს ეს ნაკლებად ეხება), არ არიან იმ ყაიდის ფეხბურთელები, როგორებიც რაული, გუტი ან ზიზუ იყვნენ. სწორედ ეს არის თეთრების უპირველესი პრობლემა, შეიძლება დღევანდელი მადრიდის რეალის შემადგენლობა ძველ გალაქტიკოზე უკეთესია, თუმცა ახალ თაობას საფეხბურთო სიმამაცე აკლია. სიმამაცეში მაინცდამაინც ბარსელონას ფეხბურთელების ცემა-ტყეპას არ ვგულისხმობ. ამ სიტყვით მინდა გამოვხატო ის თვისება და ხასიათი რაც რაულს ან გუტის ჰქონდათ, ისინი მოედანზეც და მოედნის გარეთაც. მათი სულში მადრიდის რეალისა და გუნდის ტრადიციებისადმი: ერთგულება, პატივისცემა და სიყვარული. სწორედ ამ ხასიათის გამო იყვნენ ისინი კაპიტნები (გარდა იმისა, რომ ტრადიციისამებრ, კაპიტანი ის არის ვისაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული). ზუსტად იმავე თვისების გამო არის იკერ კასილასი სამეფო კლუბის ლიდერი და არა რონალდო. როდესაც სამეფო კლუბის ნამდვილ ქომაგს ჰკითხავ ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში, ჩემი აზრით პასუხი უნდა იყოს სან იკერი და არა კრიშტიანო. კარგად გამიგეთ, პორტუგალიელ ფეხბურთელს არაფერს ვერჩი, ის მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ლიონელ მესისთან ერთად, მაგრამ დღევანდელი სამეფო კლუბის ეპოქა ჩემთვის არასოდეს იქნება ასოცირებული მასთან ან ჟოზე მოურინიოსთან. ეს უკვე იკერის ეპოქაა, მას სემდეგ რაც გუნდი თეთრმა ლეგენდამ დატოვა.
დღეს კი მოურინიომ ჩემტვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მისი სკამზე დასმით სუფთა საფეხბურთო და ადამიანური თვალსაზრისით. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ როდესაც კარში იკერ კასილასი დგას, ნაკლებად გაბედავს გინდა ისკო და გინდა მესი ისეთი ბურთის დარტყმას, როგორიც პირველი გოლის შემთხვევაში იყო. ადანის გაშვებულ ბურთში დადანაშაულება სისულელე იქნება ჩემი მხრიდან, შესაძლოა ვერც კასილასს აეღო ეს ბურთი, თუმცა მთავარი აზრი აქ ის არის, რომ მოურინიომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სითამამე შესძინა. მათ კარში მსოფლიოს საუკეთესო მეკარის დუბლიორი დახვდათ და ისინიც დაუფიქრებლად და აუღელვებლად "უბაგუნებდნენ" იკერის (!!!) (მართალია კარში ადანი იდგა, მაგრამ სამეფო კლუბში ეს ადგილი მხოლოდ კასილასს ეკუთვნის) კარს. ადამიანური თვალსაზრისით კი ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა გულშემატკივრებისათვის, რადგან არიან ფეხბურთელები, რომლებიც გულშემატკივართა უსაზღვრო პატივისცემითა და მხარდაჭრით სარგებლობენ. ისინი ხელშეუხებლები არიან, ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი და ასეთი მოთამაშის ძირითადიდან ამოგდების ან სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს, ან მასზე მაღალი ავტორიტეტი ან უბრალოდ თავხედი. შეგახსენებთ, რომ კასილასი არის ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს უკაპიტნა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ფურია ხორას გამარჯვებით დასრულდა. 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც წითლებმა ტრიუმფალურად იასპარეზეს და 2012 წელს ევროპის ჩემპონატზე, სადაც ესპანელებმა ევროპის საუკეთესო ნაკრების ტიტული შეინარჩუნეს. იკერს გულშემატკივრებმა წმინდანი უწოდეს, რადგან ყველა ტურნირის მოგებაში მან ლომის წვლილი შეიტანა. ხუმრობით რომ ვთქვათ, ის განეკუთვნება იმ მცირე ადამიანების რიცხვს, რომლებიც ესპანეთის მონარქთან დაუკითხავად, კარზე დაკაკუნების გარეშე შედიან. მოურინიოს ნაბიჯი კი თავხედობას უფრო ჰგავს, რადგან იკერი მშვენიერ ფორმაშია და არც ფიზიკური პრობლემები აქვს. ჟოზეს არც კასილასზე დიდი ავტორიტეტი აქვს, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბის მწვრთნელი თავხედია, რომელიც არანაირ ღირებულებას არ აქცევს ყურადღებას.
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ასეთი არგუმენტი მოიყვანოს: "კასილასი სათადარიგოთა სკამზე იმიტომ დასვა, რომ ამით ყველა ფეხბურთელს აჩვენა, რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს." მე ასეთ კითხვას დაგისვამთ, მაშინ რატომ არ დაასვენა რონალდო? ისიც ხომ "ხელშეუხებელი" ფიგურაა? უბრალოდ ჟოზე ვერ იტანს ავტორიტეტებს, არ სურს რომ მასზე მეტი გავლენა ჰქონდეს ვინმეს. მისდა სამწუხაროდ, ფეხბურთელს, რომელსაც წმინდანს და მფარველს უძახიან ყოველთვის მასზე მეტი გავლენა ექნება, როგორც მადრიდის რეალში, ისე მთელ ესპანეთში.
კასილასი სათადარიგოთა სკამზე რომ დავინახე, მივხვდი, რეალი ამ თამაშს წააგებდა და სიამრთლე გითხრათ, მთელი გულით მსურდა მენახა თეთრების მორიგი მარცხი. ისე მინდოდა, რომ მალაგას ვგულშემატკივრობდი. პირველი შთაბეჭდილება რაც განაცხადის შემხედვარეს გამიჩნდა, იყო: "აუ, ამ მოურინიოს უნდა, რომ გააგდონ და კომპენსაცია მიიღოს? ეტყობა პსჟ ან ჩელსი რაღაც სერიოზულ კონტრაქტს სთვაზობენ..." შუა თამაშში ვიფიქრე, ფეხბურთელები ხომ არ უწყობენ შეთქმულებას და მისი გუნდიდან გაგდება ხომ არ უნდათ, სწორედ ამიტომ თამაშობენ ასე უხარისხოდთქო და სწორედ ამის გამო ზის იკერიც სათადარიგოზეთქო. სინამდვილეში რა ხდება ალბათ არავინ არ იცის და ხვალ მარკა და ას-იც აივსება სტატიებით, სადაც იკერსა და მოუს შორის არსებულ კოფლიქტზე და რომელიმეს გუნდიდან წასვლაზე დაწერენ. იმ შემთხვევაში თუ კასილასი დატოვებს მადრიდის რეალს, საჯაროდ ვდებ პირობას, რომ უარს ვიტყვი სამეფო კლუბის გულშემატკივრობაზე. ამით რეალს და მოუს არაფერი დააკლდებათ რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი ერთგვარი პროტესტი იქნება ამ ფაქტის მიმართ. რაც გუნდი რაულმა და გუტიმ დატოვეს ისედაც ამიცრუვდა და კასილასის წასვლით საერთოდ "ჩავიქნევ" ხელს. იმედი მაქვს თუ საკითხი მოუს და კასოს შორის არჩევანის გაკეთებაზე დადგება, ფლორენტინო კასილასს აირჩევს.
ახლა კი მადლობა მინდა მოვუხადო მოურინიოს იმისათვის, რომ მოგვაგებინა სამეფო თასი და ლა ლიგა, დროა დაგვემშვიდობო...
- 22 დეკემბერი 2012
- 9 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.