უკონკურენტო ალვარო
ალვარო არბელოას კარგმა თამაშმა გადამაწყვეტინა მასზე სტატია დამეწერა...
რთული გზა „მადრიდის რეალამდე“ (2003–2009)
ალვარო არბელოა დაიბადა ქალაქ სალამანკაში, 1983 წლის 17 იანვარს. ახალგაზრდული კარიერა დაიწყო „სარაგოსაში“, საიდანაც ის „რეალის“ აკადემიაში მოხვდა. 2003–2006 წლებში იგი სამეფო კლუბის მეორე გუნდში გამოდიოდა. ამ პერიოდში მან ორჯერ ითამაშა მთავარი გუნდის შემადგენლობაში.
2006 წელს იგი გადავიდა „დეპორტივოში. არბელოას ამ ნაბიჯს, კარიერაში გარდამტეხს უწოდებენ ექსპერტები. აქ მან ერთი წელი დაჰყო, „პრიმერაში“ გამოცდილება მიიღო და გეზი ინგლისისაკენ აიღო. 2007 წლის 31 იანვარს მან ხელი მოაწერა „ლივერპულთან“ კონრაქტს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულში“ უკვე ირიცხებოდნენ სხვა ესპანელებიც: ხაბი ალონსო და პეპე რეინა, და მწვრთნელიც ესპანელი რაფა ბენიტესი გახლდათ. 10 თებერვალს ალვაროს ჰქონდა დებიუტი „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, სადაც იგი შეცვლაზე შემოვიდა. სულ ცოტა ხანში კი მას ძირითადის თამაშიც მოუწია, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ნოუ კამპზე“. ის, მისთვის უცხო, მარცხენა მცველის პოზიციაზე გაამწესეს და დაავალეს, რომ თავისი ძლიერი მარჯვენა ფეხით როგორმე უნდა შეეჩერებინა ლიონელ მესი. არბელოამ დავალება კარგად შეასრულა და გუნდს გამარჯვებაშიც (2:1) დაეხმარა. შემდეგ მან ფინალშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც 88 წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მისი გუნდი კი დამარცხდა. (2007–ის ფინალი მილანი–ლივერპული)
მადრიდული კარიერა
უკვე გითხარით, რომ არბელოა „მადრიდის რეალის“ ახალგაზრდულში გამოდიოდა (2003–2006). ის „კასტილიის“ კაპიტანი გახლდათ, გუნდის სადაც თამაშობდნენ დე ლა რედი, ხავი გარსია, სოლდადო და ხუანფრანი. მაგრამ მისი ნამდვილი მადრიდული კარიერა 2009 წელს დაიწყო. უფრო ზუსტად კი 2009 წლის 29 ივლისს გახდა ცნობილი, რომ „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის შედგა შეთახმება მისი ტრანსფერის თაობაზე. მას „2“–იანი მაისური ერგო. 2012 წლის პირველ აგვისტოს კი მას კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.
2009–2010 სეზონი:
თავიდან, სეზონის დასაწყისში, მას მარცხენა ფლანგზე უწევდა თამაში. შემდეგ ყველაფერი მისდა სასიკეთოდ განვითარდა. პეპემ ტრამვა მიიღო, ცენტრში რამოსმა შეიწია და ალბიოლს შეუწყვილდა. მარჯვენა ფლანგი არბელოამ დაიკავა. ამ სეზონში მან 38 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლიც გაიტანა. ალვარომ „რეალის“ მაისურით პირველი გოლი „ხერესს“ გაუტანა 2010 წლის 10 თებერვალს. მეორედ კი თავი მადრიდულ დერბიში გამოიჩინა.
2010–2011 სეზონი:
ამ სეზონში არბელოა ორივე ფლაგზე ირჯებოდა. ჯამში მან 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.
2011–2012 სეზონი:
მის კარიერაში ეს სეზონი გადამწყვეტი აღმოჩნდა. კარვალიომ სერიოზული ტრამვა მიიღო. მოურინიომ ცენტრში რამოსი–პეპეს დუეტი გაამწესა, ხოლო ფლანგზე ერთადერთი ვარიანტი არბელოა იყო. ერთი–ორჯერ მის კონკურენტად ლასანა დიარა მოგვევლინა. ამან უფრო გააძლიერა ალვარო და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიზანს მიაღწია. იგი ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ სეზონში მან 38 ჯერ მოირგო ბევრისთვის საოცნებო თეთრი მაისური.
მიმდინარე (2012–13) სეზონი:
წელს არბელოა სამეფო კლუბში შეუცვლელი ფიგურაა. „რეალს“ არ ჰყავს სხვა მარჯვენა მცველი და შესაბამისად ალვარო ძირითადშია. იმის მიუხედავად, რომ მას არ ემუქრება ძირითადში ადგილის დაკარგვის საფრთხე, ის პროგრესირებას განაგრძობს. დაცვაში საიმედოდ მოქმედებს, იშვიათად უშვებს შეცდომებს, შეტევაშიც მიდის... ერთი სიტყვით კარგი ფლანგის მცველია.
სანაკრებო კარიერა
მას ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ამის შემდეგ იყო სამწლიანი პაუზა (2005–2008). 2008 წელს მას ნაკრებში უხმეს. მან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და „ევრო 2008“ ნაკრებთან ერთად იყო. ყველას მოგეხსენებათ ამ ევროპის ჩემპიონატზე რა და როგორ მოხდა, და ალვარომ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. შემდეგ იყო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და აქაც, რა თქმა უნდა, ესპანეთის ტრიუმფი. და ბოლოს, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი, სადაც არბელოა, ჩემპიონების ძირითადის ფეხბურთელი იყო.
დახასიათება
ის მეოჯახეა, ძალიან უყვარს ძმები. ასევე მეგობრული, მხიარული, შრომისმოყვარე, კეთილი, მზრუნველი და ყურადღებიანი (ასე ახასიათებენ მას).
როგორც თვითონ ამბობს, ცხოვრებაში გაუმართლა: თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო კლუბსა და ნაკრებში. მოდი და ნუ დაეთანხმები. ჩემი აზრით, მარტო ამაში არ გამართლებია. მას იღბალი თან სდევს მთელი მადრიდული კარიერის განმავლობაში. ჯერ იყო და მისდა სასარგებლოდ პეპემ ტრამვა მიიღო, შემდეგ კარვალიოსაც იგივე დაემართა, მათი ღირსეული შემცვლელები არ იყვნენ გუნდში და რამოსს უწევდა ცენტრში თამაში, ეს კი არბელოას გზას უხსნიდა. ამას დავუმატოთ ის, რომ დონ ფლორენტინო პერესმა ვერა და ვერ იყიდა ერთი მარჯვენა მცველი. არადა მოურინიო ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს ითხოვდა ამას. იყიდა კი არა, პირიქით „რეალიდან“ გაუშვეს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მოიაზრებოდა მის კონკურენტად გუნდში. ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
ფაქტია, რომ მას გაუმართლა, მაგრამ მარტო გამართლებითაც ვერ მიაღწევ ამდენს, მითუმეტეს თუ შენი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ არბელოა არ დაიმსახურებდა ძირითადში ადგილს, ჟოზე ასე ადვილად არ მისცემდა მას თამაშის საშუალებას. ის ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. ამას თვითონაც ამბობს ერთ–ერთ ინტერვიუში: „მე ასეთი ხასიათი მაქვს, არასდროს ვნებდები, მაშინაც კი, თუ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც მე მსურს. მე არ ვგავარ მათ ვინც დამარცხებას ეგუება. მე მირჩევნია ვიმუშავო ბევრი, რათა უკეთესი გავხდე.“ ხოდა მან საკუთარი შრომით მოაწონა თავი ჟოზეს და დაიმსახურა მისი ნდობა. ამ ნდობას იგი თითოეულ შეხვედრაში ამართლებს. არა მარტო ჟოზეს, მან თავი დელ ბოსკესაც მოაწონა. აი რას ამბობს ვინსენტე „ევრო 2012“ მიმდინარეობისას არბელოაზე: „ის საუკეთესოა, მან თვითონაც იცის, რომ საუკეთესოა.“
შემცვლელი
ალვარო არბელოა 30 წლის ხდება იანვარში. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეს სეზონი მისი კარიერის პიკია, და შეიძლება მომავალი წლიდან დაღმასვლა დაიწყოს, ამიტომ საჭიროა მისი შემცვლელის ძებნა, და სასწრაფოდ ყიდვა კი. მაგრამ... მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის ფაქტიურად არასდროს ნებდება, ჩემი აზრით ამხელა შრომით მიღწეული, შეუძლებელია უბრძოლველად ვინმეს დაუთმოს...
ახლოვდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და თანდათან უფრო გააქტიურდება მარჯვენა მცველის შეძენის საკითხი. Halamadrid.ge-ზეც გაჩნდა მნგავსი შინაარსის შეკითხვა. რა თქმა უნდა, მეც დადებითი პასუხი გავეცი ამ შეკითხვას და მივესალმები ამ ფაქტს. უფრო მეტიც, ჩემი რჩეულიც (ალბათ გულშემატკივართა უმრავლესობისაც) დანიელ კარვახალია. ზემოთ შეგპირდით, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთო და დადგა ის დრო. სწორედ კარვახალია ის ფეხბურთელი, ვინც მადრიდიდან გაუშვეს. არადა მას ბევრი მიიჩნევდა „რეალის“ მომავალ მცველად, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას სამეფო კლუბში. ის ნამდვილი მადრიდისტაა, 10 წლის ასაკიდან „ბლანკოსის“ აკადემიაში იზრდებოდა. ახლა ის 20 წლისაა და „ლევერკუზენის ბაიერის“ ძირითადის ფეხბურთელია. ამ კლუბთან დანიელს 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტში დევს მუხლი, რომლსი წყალობითაც „რეალს“ მისი გამოსყიდვა შეუძლია.
სანამ იგი მადრიდს დატოვებდა, გაირკვა, რომ მოურინიოს უნდოდა მისი გაშვება. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო, მწვრთნელს სურდა,რომ მას მიეღო გამოცდილება. კარვახალი ინტერვიუს ინტერვიუზე იძლევა. ერთ–ერთ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ მოუმ ურჩია „ბაიერში“ გადასვლა, მეორეში – დაბრუნდება მაშინ, თუ კი ჩათვლის, რომ „რეალს“ დასჭირდა, და ასე შემდეგ. ფაქტია, ის მადრიდისტაა და სურს „ბერნაეუზე“ დაბრუნება. მანადე კი ის გერმანელებს ახარებს თავისი შესანიშნავი თამაშით.
P.S. ჩემი დაწერილი სტატიაა და ნუ იქნებით ძალზე კრიტიკულნი. და რა თქმა უნდა დიდი მადლობა halamadrid.ge-ს ლეგენდას dato818-ს დახმარებისთვის.
ლ.ჭ. halamadrid.ge – სთვის.
- 2 დეკემბერი 2012
- 3 153
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.