ვარანი - ფეხბურთელი ფრაკში
გამომცემლობა მარკას ჟურნალისტმა, ხულიო სესარ იგლასიასმა მადრიდის რეალის 19 წლის მცველ, რაფაელ ვარანზე ისაუბრა.
როდესაც საფრთხის ქარი უბერავს მადრიდის რეალის საჯარიმოში, იქვე, საიდანღაც აღმოცენდება მაღალი ფიგურა, მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდითა და ელეგანტურობით. ეს რაფაელ ვარანია - ფეხბურთელი ფრაკში.
მოგეჩვენება, რომ ვარანი თამაშობს მკაცრი ეთიკის მიხედვით. ის თამაშობს ყველაზე პრობლემატურ პოზიციაზე, იქ სადაც მეორე შანსს არავის აძლევენ, განსაკუთრებით მადრიდის რეალში. აღსანიშნავია, რომ ის ყოველ მატჩში, ჩამოყალიბებული მაღალი დონის მცველისათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით დააბიჯებს მოედანზე. არასოდეს ღელავს ყოველთვის პოულობს სწორ და ესტეთიურ გამოსავალს.
საჯარიმოს სიახლოვეს, დაძაბული მომენტის წარმოქმნისას ის მცირედითაც არ ნერვიულობს. მისი ორმაგი მხედველობა, საშუალებას აძლევს სკურპულიოზურად გამოიყენოს ცენტრალური მცველის პირველი წესი, ცალი თვალით უყუროს მოწინააღმვდეგეთა თავდამსხმელების გადაადგილებას, მეორეთი კი დაცვის ხაზში მისი პარტნიორების მოქმედებებს. ყოველგვარი ხიფათის გარეშე, ჭრის, ართმევს და იბრძვის ნებისმიერი ბურთისათვის. მომენტის ამოწურვის შემდეგ კი შეუმჩნევლად უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ მისი სითამამე და ფეხბურთის გრამატიკის უბადლო ცოდნა, გააოცებს ნებისმიერ ადამიანს. ის დაფრინავს მოედანზე, ბრწყინვალედ იცის თამაშგარე მდგომარეობის სექტორები, მახეები, რომლებშიც ებმევა ნებისმიერი დონის თავდამსხმელი. მისი თამაში თავბრუს ახვევს ყველას.
ამ ყველა დადებითი თვისების გარდა, მას აქვს კიდევ ერთი ცენტრალური მცველისათვის იშვიათი, მაგრამ აუცილებელი თვისება. მას შეუძლია დაცვიდან შეტევაში გადასვლა. ვარანს გააჩნია შესანიშნავი პასი და ბურთს არა თქვენობით, როგორც ცენტრალური მცველების უმეტესობა, არამედ შენობით ესაუბრება. მისი ყოველი მოძრაობა ზუსტი და აკურატულია, რაც დაცვის ცენტრიდან მეტოქეთა შეტევის განვითარების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს. ხოლო როდესაც ბურთს მიიღებს, ის მცველიდან გამთმაშებლად გარდაისახება და ისეთ პასებს არიგებს, რომ ბევრ ნახევარმცველსაც კი შეშურდება.
- 8 ნოემბერი 2012
- 2 400
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.